ოთხშაბათს სოციალურ ქსელში მორიგი ახალი ამბავი გავრცელდა, რომელსაც უამრავი „გაზიარება“ ჰქონდა. ერთ-ერთი სააგენტოს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოების მიმართ ღია წერილი გაავრცელა და თავის თანამებრძოლებს მიმართა, რომ „ქართული ოცნება“ კორუფციის ჭაობში ჩაეფლო, რომ ცუდადაა საქმე, რომ ის „ხელებს იბანს“ და აღარ დაუდგება „ოცნებას“ გვერდით და ა.შ.
წერილი, როგორც ჩანს, გარკვეულმა ძალებმა ხალხის რეაქციის მოსასინჯად გაავრცელეს, რადგან, ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილს შესანიშნავი იმიჯმეიკერი და სტილისტი ჰყავს იმისათვის, რომ ასეთი ვულგარული ტერმინოლოგიით არ გაავრცელოს ინფორმაცია. მეორეც — ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი რეპუტაციის ადამიანმა ღიად ისაუბროს პუტინის ან ტრამპის მხრიდან მომავალ ზეწოლაზე, თუ ასეთი ნამდვილად არსებობს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ გარდა საქართველოს არაფორმალური მმართველობისა, ივანიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და იმ ფონზე, როცა კონგრესში სერიოზულად განიხილება რუსეთისთვის და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებისთვის დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხი, ის ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდა.
მართლაც რა ხდება და რა ვერსიები არსებობს იმ კაცის ირგვლივ, რომელიც ქვეყანაში ბოლო ხუთი წელია მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირია, ადგენს საპარლამენტო სიას და ცვლის მთავრობებს?
დაახლოებით ერთი თვის წინ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბიძინა ივანიშვილს იშემიური ინსულტი დაემართა, შეკვეთილიდან გერმანიაში გადააფრინეს და მიუნხენთან ახლოს ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. მას ექიმებმა 6 თვის განმავლობაში ყოველგვარი ნერვიულობა და აქტივობა აუკრძალეს და პოლიტიკურ პროცესს გამოეთიშა. თუმცა მოგვიანებით კილაძემ კახი კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელების გადაწყვეტილება ისევ ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა და დაწერა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მისი სიტყვა ანზორ ჩუბინიძემ მიიტანა.
მისი უახლოესი გარემოცვა კი დაჟინებით ამტკიცებს, რომ:
— „ბიძინა ივანიშვილი მტრის ჯინაზე კარგადაა“, — კახი კალაძე;
— „რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და კარგადაა“, — ეკა ბესელია;
— „მასთან ერთად ჭორვილაში ვისადილე“, — ბერ-მონაზონი ბართლომე.
დღეს, დილით კი მასმედიაში დათო ოქიტაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ სასიხარულო ინფორმაცია მიიღო – სიკო დოლიძის მემორიალური სახლი დახსნილია მევალეებისგან და ამისათვის ის მადლობას ბიძინა ივანიშვილს უხდის.
სიკო დოლიძის სახლზე მეტად ივანიშვილის კარგად ყოფნის საბუთი ჯერჯერობით ისაა, რომ კვლავ თანამდებობებზე არიან ადამიანები, რომელთაც ხელისუფლების პირველი პირები თვალის დასანახად ვერ იტანენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ხათრით დანიშნეს. თუმცა აშკარაა, რომ კვირიკაშვილმა უკვე გამოამჟღავნა თავისი წრე და პოლიტიკური გემოვნება და მთავრობაში ნელ-ნელა ცდილობს საკუთარი გუნდის გაძლიერებას და წინ წაწევას. ჩანს, რომ კვირიკაშვილი ამ ხალხს ენდობა, დანარჩენებს კი საკუთარი კავშირები აქვთ ბიძინასთან და მათ, უბრალოდ, ვერ ცვლის. ასევე საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც საპარლამენტო სიაში მისი რეკომენდაციით მოხვდა.
და, მაინც, რა ვერსიები არსებობს ბიძინა ივანიშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით?
ვერსია N1 — საგარეო აკრძალვები
ყველაზე რეალური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაარწმუნოს არა იმდენად ქართული, არამედ დასავლური წრეები, რომ მართლა წავიდა პოლიტიკიდან. გავიხსენოთ, რომ ის საზოგადოების წინაშე გივი ბერიკაშვილის დაკრძალვის შემდეგ არ გამოჩენილა. ამას მოსდევდა კვირიკაშვილის დაუგეგმავი ვიზიტი ამერიკაში და მისი მოულოდნელი შეხვედრა ტრამპთან, რომელიც არცთუ ცუდ ურთიერთობაში იმყოფება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. პრემიერს დღემდე არ უთქვამს, რაზე ესაუბრნენ თეთრ სახლში, თუმცა ფაქტია, რომ ამის შემდეგ ივანიშვილი აღარ გამოჩენილა, აღარც ყოფილ თანამებრძოლებს პასუხობს ტელეფონზე და არც ის არის გამორიცხული, ხმები ავადმყოფობის შესახებ თავად მის მასმედიასთან დაახლოებულ პირებს გაევრცელებინათ. თუმცა სანამ დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხეების გადატანა გრძელდება, ხმები მისი ავადმყოფობის შესახებ, სავარაუდოდ, გადაჭარბებულია…
ვერსია N2 — ავადა ვარ, ავადა…
ივანიშვილი მართლაც ავადაა, არ შეუძლია პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მაგრამ ამას მისი გარემოცვა საგულდაგულოდ მალავს, რადგან იციან, რომ მისი ფულისა და ავტორიტეტის გარეშე არჩევნებს ვერ მოიგებენ და სურთ რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დამალონ ეს ამბავი.
ვერსია N3 — დაუბრუნდა საკუთარ ცხოვრებას
ბიძინა ივანიშვილი არასოდეს ჩნდებოდა მასმედიის წინაშე, არ უყვარდა ხალხმრავალი წვეულებები, არ არსებობდა მისი ფოტო და ქველმოქმედებასაც უჩუმრად ეწეოდა. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში იყო მისი რეიტინგი ყველაზე მაღალი და მისი იმიჯმეიკერებიც ფიქრობდნენ „დაემიწებინათ“ ეს იმიჯი, თუ დაეტოვებინათ მისთვის მითიური „კარგი, პატრიოტი, ქველმოქმედი კაცის“ სახელი და მიუწვდომელი გაეხადათ საზოგადოებისთვის. არ არის გამორიცხული, ახლაც სწორედ ამ სქემით მიმდინარეობდეს მუშაობა და საზოგადოების რეაქციებს აკვირდებოდნენ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ხალხს დღეს გაცილებით სერიოზული პრობლემები აწუხებს და ეს, პირველ რიგში, ოჯახის გამოკვებას უკავშირდება, ძნელი დასაჯერებელია, რომ ივანიშვილის ფანტომი დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს აქტუალური.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!