თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდელ ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო.
მანამდე ქართულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს გულის სერიოზული პრობლემები აღენიშნება. ტელეკომპანია Rustavi2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ივანიშვილმა ინსულტი გადაიტანა და ამჟამად გერმანიაში მკურნალობს. სამშაბათს გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის შემთხვევაში ნებისმიერმა ემოციამ შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტი გამოიწვიოს.
„საბედნიეროდ, ბატონ ბიძინას ჯანმრთელობის არავითარი პრობლემა არ გააჩნია, თავს კარგად გრძნობს და მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია. ის საქართველოში იმყოფება და არც დაუტოვებია საქართველოს საზღვრები“, — ციტირებს ჩუბინიძეს გაზეთი „ახალი თაობა“.
სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობამდე ჩუბინიძე ივანიშვილის პირად დაცვას ხელმძღვანელობდა.
მანამდე ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა, რეპერმა ბერამ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უარყვეს.