თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ციხისძირიდან შეკვეთილში, მის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვა გადაწყვიტეს, სოციალურმა მოძრაობა „მწვანე მუშტმა“ გადაწყვიტა, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართოს კითხვით, ხომ არ ირღვევა ამით ადგილობრივი ლანდშაფტი.
კვირას მაგნოლიების ოჯახის 220 ტონა წონის და 37 მეტრი სიმაღლის ხე ციხისძირიდან ბობოყვათში ჩაიტანეს, საიდანაც ბორნით ურეკში გადაიტანენ. იმისთვის, რომ ხე დაბრკოლებების გარეშე გადაეტანათ, ბობოყვათისკენ მიმავალი მაგისტრალის გასწვრივ დარგული ევკალიპტების ტოტები მოჭრეს. გარდა ამისა, რადგან 220-ტონიანი ხის რკინიგზის გადასასვლელზე გადატანა იყო აუცილებელი, „საქართველოს რკინიგზამ“ რამდენიმე საათის განმავლობაში რკინიგზის ელექტროგადამცემი ხაზები ჩახსნა.
„ხის ტრანსპორტირებისთვის კერძო მესაკუთრეების ეზოებიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე უზარმაზარი გზა გაიყვანეს, გზა ასევე გაიყვანეს მესაკუთრეების მიწებიდან ზღვის სანაპირომდე, რითიც დაირღვა ლანდშაფტი. ვაპირებთ გარემოს დაცვის სამინისტროში შევიტანოთ განცხადება და ჩვენ კითხვებზე მოვითხოვოთ პასუხი“, — განაცხადა მოძრაობა „მწვანე მუშტის“ აქტივისტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
მომხდარით უკმაყოფილოა ადგილობრივი მოსახლეობაც.
„რატომ უნდა დავხუჭოთ თვალები?! ისედაც ყველამ კარგად იცის, რატომ მოჭრეს ხეებს ტოტები. ისინი სხვა ხის გადატანას უშლიან ხელს და ამიტომ კაფავენ. ხეებს ტოტებს მთელ გზაზე აჭრიან. ამ ტოტებს კაფავენ და გამხმარი ხეები რჩება“, — განაცხადა ციხისძირის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
გზის გასწვრივ ხეების ტოტების გაკაფვის ნებართვა ქობულეთის გამგეობამ გასცა, თუმცა იქ აცხადებენ, რომ ეს მაგნოლიების გადატანას არ უკავშირდება. ტოტები იმიტომ გაკაფეს, რომ დიდთოვლობის შემთხვევაში არ ჩამოტყდეს და საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე არ დაეცეს, და ეს კეთდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თხოვნით.
ხეების გადატანის პროცესი, ციხისძირის გარდა, ნატანებშიც მიმდინარეობს.
ინფორმაცია შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვის შესახებ გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. მაშინ გახდა ცნობილი, რომ იგეგმება 50-მდე უნიკალური ჯიშის ხის გადარგვა. ახალი დენდროლოგიური პარკი 60 ჰექტარზეა განთავსებული. აქედან ორი ჰექტარი გიგანტური ხეებისთვის არის გამოყოფილი. ივანიშვილის გეგმით, პარკი საზოგადოებრივი გახდება.
ანალოგიური სკანდალი იყო გასულ წელსაც. ივანიშვილმა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის სამი მრავალსაუკუნოვანი ხე შეუკვეთა. ისინიც ციხისძირიდან გადაიტანეს. ერთი ხე ზღვით წაიღეს, რაც სოციალურ ქსელებში მრავალი ხუმრობისა და ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი გახდა.