რას დათმობს „ქართული ოცნება"

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნება
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო ბრძოლები საპარლამენტო არდადეგების ფონზე.

მართალია, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით უკვე მიიღო და სექტემბერში მესამე მოსმენით აპირებს ამ პროცესის დასრულებას, მაგრამ ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს ვიზიტის შემდეგ დასავლური ორგანიზაციების ჩუმი ზეწოლა ხელისუფლებაზე არ წყდება. სარწმუნო წყაროები ამბობენ, რომ ხელისუფლება, იმისთვის, რათა დასავლეთს აჩვენოს, რომ კონსენსუსს მიაღწია, ორ გზას განიხილავს — ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიას დაითანხმებს საარჩევნოდ გარიგებების სანაცვლოდ მხარდაჭერაზე, ან ეცდება საზოგადოებას „რამდენიმე ბარტყი გადმოუგდოს“, მაგალითად, პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესი, ან პარტიებისთვის ბლოკების შექმნის უფლების მიცემა, რაც წვრილ პარტიებს არჩევნებში 4 პროცენტის გადალახვისა და ლიდერებისთვის სამყოფი დაფინანსების მოპოვების საშუალებას მისცემს. „ქართული ოცნება“ მზად არაა უფრო სერიოზული დათმობისათვის, რომელიც ყველაზე მარტივია, ანუ მხოლოდ სარედაქციო ჩანაწერის ცვლილებას საჭიროებს – რომ პროპორციულმა არჩევნებმა 2024 წლიდან 2020 წლისთვის გადმოინაცვლოს. 

რას დათმობს ოცნება საკონსტიტუციო პროცესიდან? 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
სამი ვერსია: სად არის ბიძინა ივანიშვილი?

თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი სამ ძირითად ცვლილებას სთავაზობს ხელისუფლებას, უფრო რადიკალურად განწყობილი „ბურჯანაძე-დემოკრატების“ წარმომადგენლები არც ქუჩის აქციებს გამორიცხავენ სექტემბრიდან, რაც მეტად არასასურველ ფონს შეუქმნის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

სხვათა შორის, ხელისუფლება ოპოზიციას უკიჟინებდა, კონკრეტული მოთხოვნები წამოგვიყენეთო. ჯერჯერობით კი კონკრეტული საკითხები მხოლოდ პრეზიდენტმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენეს.

„კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტავთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არის არსებული პროექტის შეჩერება და ამის შემდეგ მოლაპარაკების დაწყება კონსენსუსის მისაღწევად იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომელიც უკვე განსაზღვრა მთელმა საზოგადოებამ. ესენია: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ბონუსის სისტემის გაუქმება, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა, მოსამართლეების დანიშვნის წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
თბილისის მერის მძიმე არჩევანი

საყოველთაო თანხმობის გარეშე, ერთპარტიულად კონსტიტუციის მიღება არ შეუწყობს ხელს დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ასევე სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. 

მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კი, რომელთა მიხედვითაც, ერთი მხრივ, ცხადდება მზადყოფნა კონსენსუსისთვის, მეორე მხრივ კი ხდება ხაზგასმა, რომ მესამე მოსმენისთვის ვერ მოხდება ძირეული ცვლილებები, არ ქმნის ხელსაყრელ საფუძველს დიალოგისთვის. პრინციპული ცვლილებების გარეშე კი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმობა და კონსტიტუციის ლეგიტიმაცია ვერ მოხდება“, — ასეთია პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც მისმა პრეს-მდივანმა ეკა მიშველაძემ გაახმოვანა. 

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი საკონსტიტუციო კომისიისთვის სამი ძირითადი შეთავაზება აქვს. ესაა: პარლამენტის ფორმირების წესი, ანუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დაუყოვნებლივ, მომდევნო არჩევნებზე; მანდატების განაწილების წესის ცვლილება ყოველგვარი ბონუს-სისტემის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო მანდატები თანაბრად უნდა გადანაწილდეს ყველა პარტიაზე, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს, და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ამ სამ მოთხოვნას იცნობს და მხარს უჭერს ვენეციის კომისიაც. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
პრემიერის საკონსტიტუციო კონსენსუსი

ხელისუფლებამ ერთი-ორი ვერსია უკვე გაახმოვანა. ანუ პრემიერმა თქვა, რომ ხელისუფლება მზადაა დიალოგის გასაგრძელებლად, და ეს მაშინ, როცა კონსტიტუცია ორი მოსმენით უკვე მიღებულია. ირაკლი კობახიძემაც ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კანონის ამოქმედების ვადების შეცვლა. ამ ლოგიკით ერთადერთი ცვლილება პროპორციული არჩევნების უკვე 2020 წლიდან დაშვება იქნება, თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია, ისეთი პროცესები უძღოდა წინ.

სარწმუნო წყაროების ცნობით, საუბარია იმაზე, რომ ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ დათმოს, არის პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა, თუ დასავლეთი ძალიან მოითხოვს. ან პარტიებისთვის ბლოკების შექმნის უფლების მიცემა. არც ისაა ძნელი გასათვლელი, რომ ეს ცვლილებები 2017 წლის 22 სექტემბრამდე უნდა განხორციელდეს, რადგან არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი ვალდებულია მუშაობა შეწყვიტოს. როგორც ჩანს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზეც, რა შეთანხმებას მიაღწევენ პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა, რადგან სწორედ ამ კვირის ბოლოს გავიგებთ, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, რომელზეც დამოკიდებულია, თუ როგორ გადანაწილდება რეგიონებში საარჩევნო ოლქები ადგილობრივი არჩევნებისათვის. მართალია, უმრავლესობას რიგგარეშე სხდომის მოწვევა და ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება, მაგრამ ეს კიდევ უფრო დაძაბავს პროცესს და შესაძლოა გაახანგრძლივოს კიდეც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნები არა 22 ოქტომბერს, არამედ, შეიძლება, უფრო გვიანაც დაინიშნოს. 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ვენეციური არითმეტიკა, ანუ ირაკლი კობახიძის ვატერლოო

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევა გართულდება. 

„ხელისუფლებამ ჯერ მიიღო ორი მოსმენით კონსტიტუცია და ახლა ამტკიცებს, შევთანხმდეთო, რაზე უნდა შეთანხმდნენ, წერტილ-მძიმეზე?! სხვა რა უნდა შეიცვალოს მესამე მოსმენისას? ასეთი უკუღმა შეთანხმების შეთავაზება არა ოპოზიციის გასაგონად არის ნათქვამი, არამედ ბუკიკიოს გასაგონად. ამით ვენეციის კომისიის თავმჯდომარის დარწმუნებას ცდილობენ, რომ ისინი კონსტრუქციულები არიან ამ პროცესში. ასეთი ეშმაკობა ბუკიკიოს ბევრჯერ უნახავს და ამით არ მოტყუვდება“, — აცხადებს ხუხაშვილი. მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა ორი-სამი დეპუტატის გამო არასერიოზულია და ასეთი ქაოსის გამო ღირსეული ადამიანები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებენ, თუმცა, ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძემ საკუთარ სიტყვები, რომ პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგებოდა, უკან წაიღო. მისთვის მთავარი არა ღირსება, არამედ თანამდებობა აღმოჩნდა. 

ოპოზიცია ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო პროცესი სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს. არსებობს მოსაზრება, რომ ისევ მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს საკონსტიტუციო პროექტი. 

„ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნას გამორიცხავს. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში არ მალავენ და, სავარაუდოდ, დღესაც ამ თემებზე იმსჯელებენ, რათა ორი ვარიანტი შესთავაზონ ოპოზიციას. ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში უმრავლესობა მათ ჰპირდება, რომ საშემოდგომო სესიაზე შეთანხმებულ საკითხებზე ცვლილებების ინიცირებას მოახდენს და ეს ცვლილებები 2018 წელს შევა ძალაში. მაგრამ ოპოზიციაში მმართველი გუნდის „ცრემლების არ სჯერათ“, რადგან თავად სახელისუფლებო გუნდმა იმდენჯერ შეცვალა კონსტიტუციის მრავალტანჯული პროექტი, რომ ბათუმში ჩასული ჯანი ბუკიკიო კინაღამ სასოწარკვეთაში ჩავარდა.   

ერთ-ერთ თეორიულ ვარიანტად პრეზიდენტის ვეტოს მექანიზმის გამოყენებაც განიხილება. კოსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემთხვევაში თეორიულად შესაძლებელია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება, რომელშიც ოპოზიციასთან შეთანხმებული საკითხები იქნება წარდგენილი. მოვლენების ამ სცენარით განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის არსებული დაძაბულობის გამო. ეს ხომ მარგველაშვილის გამარჯვება იქნებოდა, საზოგადოების თვალში მაინც.

სხვათა შორის, პრეზიდენტი პროცესის შეჩერებას ითხოვს და არა ვეტოს გაზიარებას. როგორც ჩანს, აგვისტო-სექტემბრის დასაწყისი უფრო პოლიტიკური დიალოგის, ვაჭრობისა და, გნებავთ, კონსენსუსის საძებნელად იქნება გამოყენებული. ხელისუფლებისთვის გადამწყვეტი, შესაძლოა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მიერ ჩამოტანილი მესიჯები აღმოჩნდეს, თუმცა მის შედეგებს საზოგადოება არა მყისიერად, არამედ შემოდგომაზე დაინახავს. ზოგადად, ჩანს ის, რომ დასავლეთი საქართველოს და მისი არჩევნების მიმართ გააქტიურებას იწყებს. ამაზე დამკვირვებელთა დიდი რაოდენობაც მეტყველებს. დღეს დასავლეთის მხრიდან ადგილობრივი არჩევნის მიმართ ინტერესი ისეთივე დიდია, როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ვნახოთ, რას დათმობს „ქართული ოცნება“. 

 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0