11 ივლისის დღის მთავარი თემა – ყავა სასარგებლოა თუ მავნებელი?

© Pixabay / Christophფინჯანი ყავა
ფინჯანი ყავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთმა ბრძენმა თქვა, ყოველი დღე ადამიანისთვის უფლისგან ნაბოძები საჩუქარიაო, ძნელია არ დაეთანხმო, და ამიტომაც დღეს 11 ივლისის გათენებას გილოცავთ.

ბევრი ჩვენგანისთვის დილით ფინჯანი ჩაი ან არომატული ყავა უკვე წესად იქცა. ამ წესს ბევრი მომხრე და არანაკლები რაოდენობის მოწინააღმდეგეც ჰყავს. ერთნი ორგანიზმისთვის ამ სასმელების სარგებლიანობას უსვამენ ხაზს, მეორენი მათ მავნებლობას „აწვებიან“. დისკუსიები აგერ უკვე რამდენი საუკუნეა გრძელდება, თან არა მხოლოდ ობივატელების დონეზე, საქმეში სერიოზული მეცნიერებიც არიან ჩართული; დღემდე მიმდინარეობს კვლევა-ძიებები და, წარმოიდგინეთ, ყავა-ჩაის ახალ-ახალი თვისებების გამოვლენაც. დღევანდელი ჩემი დილა, ჩვეულებისამებრ, ფინჯანი ხსნადი ყავით დაიწყო და ამიტომ, მოდით, ამ დიდებული სასმელის ავკარგიანობაზე ვისაუბროთ.

ნამდვილი, შავი ყავის მომხმარებელი შედარებით ნაკლებია, უმეტესობა (ჩემსავით) სვამს ხსნად ყავას, რომელიც შვეიცარიელმა ქიმიკოსმა მაქს მორგენტალერმა გამოიგონა. უფრო იმიტომ, რომ ყავის ეს სახეობა მოსამზადებლად გაცილებით იოლია; თუმცა, მისი გემო აშკარად ჩამოუვარდება ნატურალურს. ამიტომაც მცოდნე ხალხი გვირჩევს დაფქული მარცვლისგან მოდუღებულის ხმარებას.

თურქული ყავა - Sputnik საქართველო
როგორ მოვადუღოთ ყავა სწორად

ცოტა რამ ისტორიიდან: ყავის სამშობლოდ ითვლება კაფას სამეფო ეთიოპიაში, სახელწოდებაც აქედან მოდის. ჯერ კიდევ მეცხრე საუკუნეში ყავის მარცვლებს სტიმულატორებად იყენებდნენ. არაბული სამყაროს გაფართოების შემდეგ ყავის მოხმარების არეალიც გაიზარდა და მთელ მსოფლიოს მოედო. არაბებს ეკუთვნით ყავის თანამედროვე წესით დამზადების იდეაც – ყავის მარცვლების მოხალვა, დაფქვა და მოდუღება, ეს დაახლოებით მეთხუთმეტე საუკუნეში მოხდა.

კაპუჩინო რესტორნის სტილში - Sputnik საქართველო
გემრიელი რეცეპტები: „კაპუჩინო“ რესტორნის სტილში

თბილი კლიმატის ქვეყნებში (ინდოეთი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები) ყავის ხემ კარგად იხარა და ახლა იქიდან დაიწყო მისი გავრცელება. მოკლედ, ძალიან მცირე დროში ყავას თითქმის მთელ პლანეტაზე მოიხმარდნენ. სხვადასხვა რელიგიებს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ ყავის მიმართ, ერთხანს იგი აკრძალულიც კი იყო მუსულმანურ სამყაროში, ხოლო მართლმორწმუნე ქრისტიანულ ეთიოპიაში მისი დალევისთვის სიკვდილითაც სჯიდნენ. მაგრამ იმდენად დიდი იყო ყავის მსურველთა რაოდენობა და ისეთი სარფიანი, რომ მმართველ სასულიერო პირებს დათმობაზე მოუხდათ წასვლა.

კათოლიკური ეკლესია ყავის მოყვარულების წინააღმდეგ არასდროს წასულა და მარხვის დროსაც ნებადართული იყო მისი დალევა. დროთა განმავლობაში მოიგონეს ყავის მადუღარა მანქანები, გაჩნდა მომზადების სხვადასხვა წესი, მეცნიერებმა დაიწყე ყავის ჯიშების სელექცია და ა.შ.

Sputnik-ის გადამღები ჯგუფი ყავის მწარმოებელ ერთ-ერთ ქარხანაში იმყოფებოდა - Sputnik საქართველო
როგორ მზადდება ყავა საქართველოში

ყავის მარცვალი შეიცავს კოფეინს, რომელიც არის სწორედ მასტიმულირებელი და ნერვული სისტემის გამაღიზიანებელი, რის გამოც იზრდება აქტიურობა და შრომისუნარიანობა. არის მოსაზრება, რომ ყავა ნარკოტიკული პროდუქტია. მისი რეგულარულად მოხმარება მართლაც იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას, მაგრამ არამც და არამც ფსიქოლოგიურს. ძველი დროის მეცნიერებმაც კი იცოდნენ ყავის სასარგებლო თვისებების შესახებ. ყავის მარცვლები ბუნებრივი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნამდვილი საბადოა, მასში შედის კალიუმი, ნატრიუმი, რკინა, გოგირდი, ფოსფორი და ორგანული მჟავები (მათი რაოდენობა 30-ს აღწევს), აქედან გამომდინარე, ყავას უდიდესი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის:

ყავის ფაბრიკა - Sputnik საქართველო
„აწარმოე საქართველოში": ყავის ფაბრიკა

ყავის ნაყენი სასარგებლოა ნაღვლის ბუშტისთვის, იგი მნიშვნელოვნად ამცირებს ღვიძლის ციროზის, შაქრიანი დიაბეტის, სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების შესაძლებლობას. აქტიურად ებრძვის დეპრესიას, სუიციდის შემთხვევები ბევრად ნაკლებია ყავის მოყვარულთა შორის. ყავა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას თავის ტვინში და მის ფუნქციონირებას დაახლოებით 10%-ით აუმჯობესებს. თურმე ყავა სექსუალური განწყობისთვისაც ფრიად სასარგებლო ყოფილა. მამაკაცებში პოტენციას და სპერმატოგენეზის პროცესს ზრდის, ხოლო ასაკოვან ქალებში ახანგრძლივებს სექსუალურ აქტივობას. ზოგი მეცნიერის აზრით, პარკინსონის დაავადების პირველი მტერიც აღმოჩნდა და კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება. ყავის ნალექით სხეულის მასაჟი კანს აახალგაზრდავებს, ხოლო წყალგარეული თმაში ქერტლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. მგონი საკმარისია ყავის ქება-დიდება, მხოლოდ ერთს დავამატებ – ეს ყველაფერი ყავის ზომიერად მოხმარების შემთხვევაშია შესაძლებელი.

ახლა, იმის შესახებ, რა ზიანის მოტანა შეუძლია. როგორც ნებისმიერი პროდუქტი, ყავის დიდი რაოდენობით მიღება სერიოზულად ვნებს ორგანიზმს – იწვევს თავბრუსხვევას, უძილობას, ნერვულ აშლილობას. არ შეიძლება ყავის დალევა უზმოზე, რადგან კუჭის ლორწოვან გარსს აშრობს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ყავა ორგანიზმს აცლის კალციუმის დიდ რაოდენობას, ამიტომ აქტიურმა მომხმარებელმა დროგამოშვებით რძე უნდა დაამატონ ან მიიღონ ვიტამინები. 

აი, სულ ეს გახლდათ რისი მოძიებაც მოვახერხე. საბოლოო ჯამში, მგონი დადებითი თვისებები საგრძნობლად სჭარბობს უარყოფითს. ასე რომ, მიირთვით „თურქული წესით“ მომზადებული ყავა და თუ ენერგია და სიცოცხლის ხალისი მოგემატათ, გახარჯეთ უფლის ნაჩუქარი დღევანდელი დღე ადამიანების სიყვარულში, მერწმუნეთ, უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ! 

ყველა ახალი ამბავი
0