აბაშიძემ კარასინთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში 7 ივლისს მორიგი შეხვედრის შედეგები შეაჯამა.

ამჟამად ქვეყნებს შორის ურთიერთობები ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები, ტრადიციულად, პრაღაში იმართება და მხოლოდ ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების განხილვას ითვალისწინებს.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია რუსეთთან ურთიერთობები მოგვარება; ამასთან საქართველო განაგრძობს პროდასავლურ კურსს.

წინასწარი კონსულტაციები

პრაღაში აბაშიძე ბრიუსელიდან გაემგზავრა, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუასთან ერთად ევროპული სტრუქტურების მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა.

„შედგა საუბარი საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის თემატიკაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე უსაფრთხოების კუთხით. ჩვენს ურთიერთობებზე რუსეთთან. ბატონმა დავით დონდუამ დეტალურად ისაუბრა ჟენევაში მიმდინარე დისკუსიებზე, მე გავაცანი ჩვენს კოლეგებს მიმდინარეობა პრაღის ფორმატში“, – განაცხადა აბაშიძემ ბრიფინგზე ორშაბათს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს პოზიციის გამო რუსეთს ჟენევის მოლაპარაკებებში ეჭვი ეპარება

მან აღნიშნა, რომ შეხვედრების მსვლელობისას ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მხარდაჭერა, რომელიც რუსეთთან ვითარების მოგვარებისკენ არის მიმართული.

„რაც შეეხება პრაღის ფორმატს, ითქვა, რომ სავაჭრო ურთიერთობები, გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობები აღდგა რუსეთთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ურთიერთობები არ აისახა რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“, – აღნიშნა აბაშიძემ.

წითელი ხაზები

მიუხედავად იმისა, რომ პრაღის დიალოგის ფორმატის დღის წესრიგში პოლიტიკური საკითხები არ შედის, ზურაბ აბაშიძე შეეხო ქართული მხარის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ ბერშუეთთან  საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დამონტაჟებას.

ბანერის დამონტაჟება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დაადასტურეს. მათი მონაცემებით, ბერშუეთთან რამდენიმე ბანერი 19 ივნისს გამოჩნდა. შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების სამეურნეო ნაკვეთები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა აღმოჩნდა.

 „ბანერების დაყენება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტია. ერთ–ერთი მიზანი იმისა, რაც საოკუპაციო ხაზთან ხდება, ისაა, რომ აიძულოს ქართული მხარე, დაიწყოს საუბარი ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასთან ე. წ. საზღვრის დემარკაციის შესახებ, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. გამორიცხული არ არის, რომ ეს პროცესი გაგრძელდება (ბანერების დამონტაჟება). ჩვენ დე ფაქტო ხელისუფლებასთან არანაირი დიალოგის დაწყება არ შეგვიძლია“, – აღნიშნა აბაშიძემ.

ნატოს და საქართელოს დროშები - Sputnik საქართველო
კარასინი: ნატო საქართველოს რუსეთის „შეკავების" პოლიტიკის მონაწილედ ხდის

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობას, აღიშნა დიპლომატმა.

„ჩვენი ყოველდღიური საგარეო პოლიტიკის ძალისხმევის 80% მიმართულია ამ უმძიმესი პრობლემების მოგვარებაზე“, – დასძინა აბაშიძემ.

რადიკალურად საპირისპირო პოზიცია აქვს რუსულ მხარეს.

 „საქართველსოა და რუსეთს შორის უნდა გადიოდეს საზღვარი და მას სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ავლებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს საზღვრის დემარკაციის საკითხის განხილვა, თუმცა ქართული მხარე ამაზე უარს აცხადებს“, – განაცხადა უფრო ადრე გრიგორი კარასინმა.

ტვირთების მონიტორინგი

პრაღაში შეხვედრაზე აბაშიძე და კარასინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო–რუსეთის საზღვარზე ტვირთების მონიტორინგზე შეთანხმების შესრულება დაიწყონ.

ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაასრულა აღნიშნული ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები და ანალოგიურ მზადყოფნას ელოდება რუსული მხრიდან. ამისათვის ორივე მხარემ ნეიტრალურ კომპანიასთან ხელშეკრულება უნდა გააფორმოს, ამ შემთხვევაში საუბარია შვეიცარიულ კომპანია SGS-ზე.

„სასურველია, რომ  ეს ყველაფერი (კონტრაქტების ხელმოწერა შვეიცარიულ კომპანიასთან) უახლოეს მომავალში მოხდეს და იმპლემენტაციის სტადიაზე გადავიდეთ“, – განაცხადა აბაშიძემ.

მოსკოვი - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთი მზად არის საზღვარზე ტვირთების მონიტორინგი დაიწყოს

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოხსნა ვეტო მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.

ასეთი სისტემა მხარეებს საშუალებას მისცემს, გვერდი აუარონ საზღვარზე ტვირთების გაფორმების მგრძნობიარე საკითხს, ასევე აამოქმედონ ავტომაგისტრალი ცხინვალის რეგიონის გავლით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რადგან ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა უამინდობის გამო ხშირად იკეტება.

2011 წელს მოლაპარაკებებზე რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავალი შვეიცარიის ხელისუფლება იყო. ისინი გამოვიდნენ წინადადებით, შექმნილიყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საზღვრებზე ტვირთების მოძრაობისთვის თვალის მიდევნების ელექტრონული სისტემა, რასაც თავის თავზე შვეიცარიული კომპანია აიღებდა. ასეთი ვარიანტი საშუალებას იძლეოდა მოსკოვის მიერ ამ ოპერაციების სტატუსის განსაზღვრის – როგორც რუსულ-ქართული ვაჭრობის ფორმალური აღიარების გარეშე, ანუ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს ნაწილად ფორმალური აღიარების გარეშე.

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის პირობებზე მოლაპარაკებებს საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიული კომპანია SGS აწარმოებდა. შვეიცარიული კომპანია SGS დაკავებული იქნება არა საბაჟო პროცედურებით, არამედ რუსეთში გასატანი და რუსეთიდან შემოტანილი ტვირთების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით.

კომპანია გააკონტროლებს საქონელბრუნვას საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის, საზღვრის იმ მონაკვეთებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს (მდინარე ფსოუს და როკის გვირაბის გავლით შემოტანილ ან გატანილ ტვირთებზე).

„ჯაშუშები“ გათავისუფლდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან მოლაპარაკებების წყალობით რუსეთში შპიონაჟის ბრალდებით გასამართლებული საქართველოს ყველა მოქალაქის სამშობლოში დაბრუნება მოხერხდა, განაცხადა აბაშიძემ.

„ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი რვა მოქალაქე, რომლებიც შპიონაჟის ბრალდებით რუსეთში მრავალწლიან სასჯელს იხდიდნენ. ისინი უკვე საქართველოში არიან, დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. მათ რუსეთის ციხეებში კიდევ რამდენიმე წელი პატიმრობა ელოდათ", — განაცხადა აბაშიძემ ბრიფინგზე.

ხუთქიმიანი ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა

საქართველოს სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით სასჯელს რუსეთის რამდენიმე მოქალაქეც იხდის, აღნიშნა აბაშიძემ.

„ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, ამიტომ ამ მოქალაქეების რუსეთიდან საქართველოში გადმოცემის საკითხს არ ვაყენებთ. საუბარია იმაზე, რომ, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ისინი ვადაზე ადრე გაათავისუფლონ", — განაცხადა მან.

დიალოგი აუცილებელია

ქართველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუს კოლეგასთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.

რიგ ექსპერტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ აბაშიძე–კარასინის ფორმატმა ამოწურა თავი და მისი გაუქმება აუცილებელია.

„რაც შეეხება ჩვენს დიალოგს როგორც პრაღის, ისე ჟენევის ფორმატში, ჩვენ ვმართავთ მუდმივ კონსულტაციებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ჩვენ სპეციალურად წავედით ბრიუსელში, რათაა მოგვესმინა მათი მოსაზრება, რეკომენდაციები და რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვაგრძოთ ეს დიალოგი, რა ფორმით. მათი მხრიდან ასეთი რჩევა მივიღეთ: აუცილებლად განაგრძეთ ეს დიალოგი“, – განაცხადა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთთან დიალოგი აუცილებელია

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან პერიოდულად მართავენ, და ისინი, ყველანი ერთსულოვნად უჭერენ მხარს მოლაპარაკებების ფორმატს პრაღაში, აღნიშნა აბაშიძემ.

„რამდენიმე ჩვენი ოპონენტი საპირისპიროს გვირჩევს, ახლა მეკითხებით, ვის დავუჯერო: საერთაშორისო თანამეგობრობას, ნატოს, ვაშინგტონის ადმინისტრაციას, ევროკავშირის 28 ქვეყანას თუ ჩვენს რამდენიმე ოპონენტს? ჩვენ ოასუხისმგებლიანი სახელმწიფო ვართ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. ჩვენ პასუხს ვაგებთ უსაფრთხოებაზე, ქვეყნის, ასევე რეგიონის სტაბილურობაზე. ჩვენ ვერ შევძლებთ ისე მოქმედებას, როგორც ერთი–ორი ექსპერტი ან ჩვენი ოპონენტები ფიქრობენ“, – განაცხადა აბაშიძემ.

მან აღნიშნა, რომ პრაღის შეხვედრების შედეგად მნიშვნელოვანშედეგებს მიაღწიეს სავაჭრო–ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0