თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. რუსეთი მზად არის ქართულ-რუსულ საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის ხელშეკრულების შესრულება დაიწყოს, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ.
ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაასრულა აღნიშნული ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები და ანალოგიურ მზადყოფნას ელოდება რუსული მხრიდან. ამისათვის ორივე მხარემ ნეიტრალურ კომპანიასთან ხელშეკრულება უნდა გააფორმოს, ამ შემთხვევაში საუბარია შვეიცარიულ კომპანია SGS-ზე.
„მათ დაადასტურეს, რომ მზად არიან მოსამზადებელი ეტაპიდან იმპლემენტაციის ეტაპზე გადავიდეთ, რათა გაფორმდეს შესაბამისი კონტრაქტები შვეიცარიულ კომპანიასთან“, — ციტირებს ზურაბ აბაშიძეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ახლა მხარეებმა საბოლოო დეტალები უნდა დააზუსტონ და კონტრაქტების გაფორმების თარიღები დაასახელონ, დასძინა მან.
„შვეიცარიელ კოლეგებს უნდა დავუკავშირდეთ, ჩამოვყალიბდებით ვადებზე და იმ საკითხზეც, თუ რა სახით და რა ფორმით მოხდება ამ კონტრაქტების გაფორმება“, — აღნიშნა აბაშიძემ.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში პარასკევს გაიმართა. ეს საქართველო-რუსეთის არაფორმალური დიალოგის ფორმატია, რომელიც 2012 წლიდან ტარდება დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც 2008 წელს გაწყდა.
ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოხსნა ვეტო მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.
ასეთი სისტემა მხარეებს საშუალებას მისცემს, გვერდი აუარონ საზღვარზე ტვირთების გაფორმების მგრძნობიარე საკითხს, ასევე აამოქმედონ ავტომაგისტრალი ცხინვალის რეგიონის გავლით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რადგან ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა უამინდობის გამო ხშირად იკეტება.
2011 წელს მოლაპარაკებებზე რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავალი შვეიცარიის ხელისუფლება იყო. ისინი გამოვიდნენ წინადადებით, შექმნილიყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საზღვრებზე ტვირთების მოძრაობისთვის თვალის მიდევნების ელექტრონული სისტემა, რასაც თავის თავზე შვეიცარიული კომპანია აიღებდა. ასეთი ვარიანტი საშუალებას იძლეოდა მოსკოვის მიერ ამ ოპერაციების სტატუსის განსაზღვრის – როგორც რუსულ-ქართული ვაჭრობის ფორმალური აღიარების გარეშე, ანუ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს ნაწილად ფორმალური აღიარების გარეშე.
მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა, საპასუხოდ ოფიციალურმა თბილისმა მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის პირობებზე მოლაპარაკებებს საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიული კომპანია SGS აწარმოებდა. შვეიცარიული კომპანია SGS დაკავებული იქნება არა საბაჟო პროცედურებით, არამედ რუსეთში გასატანი და რუსეთიდან შემოტანილი ტვირთების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით.
კომპანია გააკონტროლებს საქონელბრუნვას საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის, საზღვრის იმ მონაკვეთებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს (მდინარე ფსოუს და როკის გვირაბის გავლით შემოტანილ ან გატანილ ტვირთებზე).