ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 89%-ით გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliღვინის გამოფენა
ღვინის გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ 2017 წლის იანვარ-ივნისში მსოფლიოს 44 ქვეყანაში 70,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 31,5 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა ექსპორტზე.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. რუსეთი კვლავ ქართული ღვინის ძირითადი მომხმარებელია — 2017 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტზე ამ ქვეყანაში 19,3 მილიონზე მეტი ბოთლი გავიდა.

საქართველომ 2017 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტზე სულ გაიტანა დაახლოებით 31,5 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59%-ით მეტია. ამ პერიოდში საქართველომ 70,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო მსოფლიოს 44 ქვეყანაში გაგზავნა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 51%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 59%-ით გაიზარდა. 51%-ით მოიმატა ღვინის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა, გაზრდილია საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია. ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ისა და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კერძო სექტორის შეთანხმებული საქმიანობისა და ერთობლივად დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგია", — აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთი, სადაც ექსპორტირებულია 19,3 მლნ ბოთლი ღვინო. ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 89% შეადგინა.

მეორე ადგილზეა ჩინეთი, სადაც ექსპორტირებულია 3,8 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო. ექსპორტის ზრდამ ჩინეთში 104% შეადგინა. იმპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობით მესამე ადგილზეა უკრაინა — დაახლოებით 3 მლნ ბოთლი, ექსპორტის ზრდა — 30%.

ქართული ღვინის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შევიდნენ პოლონეთი და ყაზახეთი. ექსპორტმა თითოეულ ამ ქვეყანაში დაახლოებით 1,2 მლნ ბოთლი შეადგინა.

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბრენდის ექსპორტმა, რომელიც მსოფლიოს 17 ქვეყანაში განხორციელდა, დაახლოებით 6,9 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-ით მეტია. ბრენდის ექსპორტმა ფულადი გამოსახულებით 16 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-ივნისის პერიოდზე 88%-ით მეტია.

მთლიანობაში 2017 წლის იანვარ-ივნისში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 122,1 მლნ აშშ დოლარს ჭარბობს — ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 56% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0