სიმღერა ერთ ხმაში ანუ ნაცნობი ჰანგების ახალი ნოტები…

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კენჭისყრა დასრულდა, კენჭების შეგროვება დაიწყო!... რა შეიცვლება საშემოდგომოდ და როგორ განვითარდება მოვლენები პოლიტიკურ ველზე... როგორი იქნება საკონსტიტუციო რეფორმის შედეგის შედეგი და უახლოეს არჩევნებში მოუწევს თუ არა "ქართულ ოცნებას" გადაიხადოს პოლიტიკური საფასური...

არის!… თუმცა ეს ის არ არის, რისი მოლოდინიც გვქონდა… ეს არც ის არის, რასაც ვენეციის კომისიაში ელოდნენ… მთავარია, რომ არის, — ბრძანებს მკითხველი და შესაძლოა მართალიც იყოს, რადგან ჩვენში საკონსტიტუციო რეფორმის შედეგის შედეგები არასოდროს ყოფილა სხვაგვარი… ხელისუფალი ახლაც კმაყოფილია, ოპოზიცია კვლავაც ბრაზობს, საზოგადოება წარსულის მსგავსად ამჯერადაც დარჩა გაღიმებული… მიუხედავად იმისა, თუ ვის რისი მოლოდინი ჰქონდა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ხალხის რჩეულებმა დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს… 115 მომხრე! ყოველი მათგანის სახელი დიდი ასოებით ჩაიწერება ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში. ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა, ოპოზიციის ბოიკოტის გამო, პლენარულ სხდომათა დარბაზში ეულად დარჩენილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა…  

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:  „დღეს ჩვენ ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს დაპირება ამომრჩევლისთვის, რომელმაც გამოგვიცხადა საკონსტიტუციო ნდობა, გაცემული იყო 2012 წელსაც, თუმცა მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობისა და კონსენსუსის არარსებობის გამო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა შეუძლებელი გახდა, ჩვენ კონსტიტუციაში შეგვაქვს ისეთი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო ევროპული სტანდარტების დახვეწილი კონსტიტუციის ჩამოყალიბებას. ეს არის ისტორიული პროცესი, რაც ჩვენ ყველას გვიხარია… ჩვენ მოსახლეობამ მოგვცა მანდატი და ჩვენი არა მხოლოდ უფლება, არამედ პასუხისმგებლობა და მოვალეობაა გაცემული საკონსტიტუციო ნდობის შესაბამისად ვიმოქმედოთ. ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესს გავდივართ. დღეს გამარჯვებულია არა „ქართული ოცნება“, არამედ ქართველი ხალხი, რომელმაც ჩვენ ეს დავალება მოგვცა და ეს ამოცანა დაგვისახა, რასაც ძალიან პირნათლად ვასრულებთ…. დამარცხებულია ყველა ის ძალა, რომელიც იყო და არის დესტრუქციისკენ მოწოდებული…“

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ვენეციური არითმეტიკა, ანუ ირაკლი კობახიძის ვატერლოო

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას პარლამენტი სამი თვის შემდეგ მიუბრუნდება, როგორც ამას კონსტიტუციის გადასინჯვის წესი ითვალისწინებს. შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას პარლამენტი საბოლოოდ — მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნის.

გამოიყენებს თუ არა სახელმწიფოს მეთაური ვეტოს უფლებას ჯერ უცნობია, თუმცა მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტის შესაძლო ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა მარტივად დაძლევს… როგორ განვითარდება მოვლენები ორი თვის შემდეგ დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ის, რასაც პარლამენტის სპიკერი და მასთან ერთად მმართველი პოლიტელიტის ბირთვი ისტორიულ მოვლენას უწოდებს, ქვეყნისთვის დამანგრეველ მოვლენად ფასდება ოპოზიციის და ე.წ მესამე სექტორის, ანალიტიკოსთა და სპეციალისტთა ერთი ნაწილის მხრიდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
პრემიერის საკონსტიტუციო კონსენსუსი

კეთდება ხმამაღალი განცხადებები… „ძალადობა ქვეყნის ძირითად კანონზე…“, „საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოტყუება…“, „ხელისუფლების უზურპაციის და მმართველობის ერთპარტიული სისტემის დამკვიდრების მცდელობა…“, „ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის წართმეული უფლება და თავზე გადახეული კონსტიტუცია…“, „ოლიგარქი მმართველის ჯიბის დოკუმენტი…“, „ლეგიტიმაციის დაბალი ხარისხი და ნულოვანი კონსენსუსი, გარიგება ერთი პარტიის შიგნით…“ ერთი სიტყვით ცვივა „მარგალიტები“… ყოველი მათგანი ერთი ცალკე აღებული „სამკაულია“ და შეფასება-დაფასებას იმსახურებს, თუმცა ვეჭვობ არც ისეთი იუველირი ვარ, რომ ამდენი შევძლო და თქვენს მზერას ლეგიტიმაციისა და კონსენსუსის „ნაკეთობაზე“ შევაჩერებ…

არ მინდა დავიჯერო, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა არ იციან სიტყვა ლეგიტიმაციის მნიშვნელობა. ვფიქრობ ახლა ისინი საზოგადოების დაბალი სამართლებრივი კულტურის ფონზე მისივე შეცდომაში შეყვანას ან მოტყუებას ლამობენ. სხვაგვარად გაუგებარია პარლამენტში კანონების დაცვით მიღებული გადაწყვეტილება რატომ არის დაბალი ლეგიტიმაციის… სამართლებრივად გასარკვევი აქ არაფერია. შესაძლოა მავანნი ამ იურიდიულ ტერმინს პოლიტიკურ ჟღერადობას ანიჭებენ და საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის დაბალ ხარისხზე მიანიშნებენ. სათქმელი ისე უნდა ითქვას, რომ ორაზროვნად არ ისმინებოდეს. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალთა კონსენსუსს…

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
სოფლის მაშენებლები – ახალი პარტია ძველი პოლიტიკური სახეებით

უახლოესი წარსული გვახსენებს, რომ ჩვენში საკონსტიტუციო ცვლილებები არასდროს არ მიღებულა ვითარებაში, როცა პოლიტიკური სპექტრში მასზე სრული კონსენსუსი იყო. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ჩემი კატეგორიული მოსაზრებაა. ასეთია ანალიტიკოსთა დიდი ნაწილის ხედვა…

პოლიტოლოგი ვაკა გორგილაძე: „არც ერთ ქვეყანაში კონსნენსუსი არ მიიღწევა მმართველი პარტიის ინერესების საზიანოდ და მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც მმართველი ძალა ფლობს ლეგიტიმურ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ხოლო სხვა პოლიტიკური პარტიები ფაქტობრივ კოლაფსში იმყოფებიან. შეგახსენებთ იმას თუ როგორ მიიღებოდა 2010 წლის კონსტიტუციის რედაქცია — იმ დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ კონსენსუსის მიღწევის ილუზიის შექმნაც კი ზედმეტ ფუფუნებად ეჩვენებოდა.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
უკუღმართი დროება და ორი მეგობრის გასაუბრება...
 ამჯერად „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით (და აქაც ამ მოძრაობებს შორის ფუნდამენტური სხვაობა ვლინდება), გაითვალისწინა საზოგადოებაში არსებული სამი ფუნდამენტური სოციალ-ეკუნომიკური და ღირებულებითი მოთხოვნა — ეს არის მიწის საკუთრების, ოჯახის და ქორწინების და ჩრდილო-ატლანტიკური სივრცითი ორიენტაციის შესახებ… თავი დავანებოთ იმას, თუ რას ვფიქრობთ ამ ჩანაწერების შესახებ, მთავარია, რომ ეს არის საზოგადოებაში არსებული დიდი უმრავლესობის ბაზისური სოციალური დაკვეთა და ამ დაკვეთის ასახვა კონსტიტუციაში მოხდა „ქართული ოცნების“ მიერ. საქართველოში დღეს ოპოზიცია პრაქტიკულად არ არსებობს… „ქართულ ოცნებას“ კონსენსუსის მიღწევა და შეთანხმება უწევს პარტიის შიგნით… გარწმუნებთ, ეს არ არის არც თამაში არც დადგმული დრამა, ეს არის დღევანდელი რეალობა… ჩვენ ვიცით, რომ ბუნებაში ვაკუუმი არ არსებობს. არ შეიძლება არსებობდეს სივრცე, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ნივთიერებისგან, ასეა პოლიტიკაშიც თუ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს ოპოზიცია, მაშინ ის ჩნდება თავად მმართველ პარტიაში. ამ პროცესის მოწმენი ვხვდებით დღეს და დიახ, „ქართული ოცნების“ ერთადერთი ოპონენტი და მოწინააღმდეგე თავად „ქართული ოცნებაა…“  
თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისური ოცნება და არხების ქალაქის ფიქრები

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი სხვაგვარად ფიქრობს. მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა პრაქტიკულად ამოწურა ნდობის რესურსი და ის ვეღარ ახერხებს საკუთარი ილუზიების ტყვეობიდან გათავისუფლებას. ღრმა კრიზისში მყოფი ვერც კი აცნობიერებს, რომ თავადაც ჩიხშია და ქვეყანაც უბედურების ზღვართანაა… 

რა შეიცვლება საშემოდგომოდ და როგორ განვითარდება მოვლენები პოლიტიკურ ველზე… ახლოვდება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები. ადვილად პროგნოზირებადია, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა საგრძნობლად აიწევს… ოპოზიცია არ მალავს, რომ საკონსტიტუციო ბატალიებში მარცხის შემდეგ რევანშისთვის ემზადება და ერთიანი ფრონტით შეტევას გეგმავს… კენჭისყრა დასრულდა, ახალი კენჭების შეგროვება დაიწყო!…

 

ყველა ახალი ამბავი
0