თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი დაიწყო.
ღონისძიების მნიშვნელობაზე თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა ისაუბრა.
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არც თუ ისე ბევრია იმ დედაქალაქების რაოდენობა, რომლებიც ბალეტის ფესტივალის მასპინძლობას იმსახურებენ. თბილისი ამ დედაქალაქების ჩამონათვალშიც კი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართული ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის, ვახტანგ ჭაბუკიანის და ვერა წიგნაძის გამო“, — აღნიშნა ანანიაშვილმა.
ორი კვირის განმავლობაში თეატრის სცენაზე საფესტივალო სპექტაკლების ჩვენება გაიმართება. ანანიაშვილის თქამით, ქართველ მაყურებელს და საქართველოს სტუმრებს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასის და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების მონაწილეობით მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ.
„განსაკუთრებით მინდა მივესალმო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო დასის — ნიდერლანდების ცეკვის თეატრის პირველ ვიზიტს საქართველოში. 1959 წელს დაფუძნებული დასის ავანგარდული რეპერტუარი და სრულიად გამორჩეული ქორეოგრაფიული ლექსიკა არის მიზეზი იმისა, რომ უკვე 60 წელიწადია, NDT მსოფლიოს წამყვანი ქორეოგრაფების „ფაბრიკად“ ითვლება. საკმარისია ვახსენოთ ირჟი კილიანის, ჰანს ვან მანენის, რუდი ვან დანციგის, ნაჩო დუატოს, პოლ ლაითფუტის და სოლ ლეონის სახელები“, — აცხადებს პრიმა-ბალერინა.
თბილისის ბალეტის ფესტივალზე NDT 2-ის მონაწილეობის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისათვის ნინო ანანიაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, იოჰანეს დაუმას განსაკუთრებულ მადლობას უხდის.
„აგრეთვე, მინდა მივესალმო ჩემს კოლეგებს — მსოფლიოს წამყვანი საბალეტო დასების ვარსკვლავებს, რომლებიც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ მონაწილეობა მიეღოთ ფესტივალში, და იმედი გამოვთქვა, რომ მათი ვიზიტი საქართველოში უკანასკნელი არ იქნება. მჯერა, რომ ჩვენ ყოველ წელს შევხვდებით ერთმანეთს!“, — აღნიშნა ანანიაშვილმა.
საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, გერმანიის, პოლონეთის და ჰოლანდიის საბალეტო არტისტები.
ფესტივალი ალექსანდრ კრეინის „ლაურენსიას“ პრემიერით გაიხსნება. ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. პირველ საპრემიერო სპექტაკლი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანმა სოლისტმა ლალი კანდელაკმა და ბოსტონის ბალეტის წამყვანმა სოლისტმა ლაშა ხოზაშვილმა იცეკვეს. „ლაურენსია“ ფესტივალის პროგრამით კიდევ ორჯერ —23 და 25 ივნისს იქნება წარმოდგენილი. მთავარ პარტიებს ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა, იონენ ტაკანო, ფრენკ ვან ტონგერენი, დავით ანანელი შეასრულებენ.
ფესტივალის მთავარი მოვლენა ნიდერლანლანდების ცეკვის თეატრის NDT 2-ის გამოსვლა გახდება. ნიდერლანლანდების ცეკვის თეატრი-2 1978 წელს ნიდერლანლანდების ცეკვის თეატრის ბაზაზე შეიქმნა, სპეციალურად ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის, რომლებიც ცეკვის მაღალი ტექნიკით და ენერგიით გამოირჩეოდნენ.
ამჟამად დასში 16 მოცეკვავეა, მათი ასაკი 23 წელს არ აღემატება. NDT 2-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ჯერალდ ტიბსია. იდიდესი პროფესიონალიზმის გამო უცხოეთში ეს თეატრი ჰოლანდიური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია.
ნიდერლანდების ცეკვის თეატრი-2 თბილისის საბალეტო ფესტივალის პროგრამით ორ სპექტაკლს გამართავს — 28 და 29 ივნისს. წარმოდგენილი იქნება ცნობილი თანამედროვე ქორეოგრაფების სოლ ლეონის და პოლ ლაითფუტის (Sleight of Hand), ედვარდ კლუგის (Mutual Comfort), ჰანს ვან მანენის (Solo), ალექსანდერ ეკმანის (Cacti), იოჰან იონგერის (I new then) ერთმოქმედებიანი ბალეტები.
საქართველოს სახელმწიფო ბალეტი ფესტივალის პროგრამით ორ სპექტაკლს წარმოადგენს, რომელშიც მთავარ პარტიებს მსოფლიოს ცნობილი საბალეტო დასების წამყვანი მოცეკვავეები შეასრულებენ.
30 ივნისს წარმოდგენილი იქნება ლუდვიგ მინკუსის „დონ კიხოტი“, რომელშიც საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტები ეკატერინა კრისანოვა და ვლადისლავ ლანტრატოვი.
1 ივლისს კი ფესტივალი წარმოადგენს პიოტრ ჩაიკოვსკის „გედების ტბას“, სადაც იცეკვებენ პოლონეთის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები ჩინარა ალიზადე (ოდეტა-ოდილია) და ვლადიმერ იაროშენკო (პრინცი ზიგფრიდი).
ფესტივალი 2 ივლისს საბალეტო გალა კონცერტით დაიხურება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნინო ანანიაშვილი, ჩინარა ალიზადე, ვლადიმერ იაროშენკო (პოლონეთის ნაციონალური ბალეტი), ალექსანდ ვოლჩკოვი, (დიდი თეატრი, რუსეთი), ელიზა კარილო კაბრერა, მიხაილ კანისკინი (ბერლინის სტატბალეტი, გერმანია), ვიქტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჩიკაგოს ჯოფრი ბალეტი, აშშ), ლალი კანდელაკი, ეკატერინე სურმავა, ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, იონენ ტაკანო, ფილიპ ფედულოვი, დავით ანანელი, ფრენკ ვან ტონგერენი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი).
საფესტივალო სპექტაკლებში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასის და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი, რომელსაც ალევტინა იოფე უდირიჟორებს.
თბილისის საბალეტო ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, თიბისი ბანკი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია,ჰოლანდიის საელჩო საქართველოში, უნგრეთის მთავრობა.