ჩემ თბილისურ ბავშვობაში ათეისტები არ არსებობდნენ. გარს ყოველთვის სხვადასხვა ეროვნებისა და სხვადასხვა კონფესიის ადამიანები მეხვივნენ — ყველანი მორწმუნეები. დედაცა და ძიძაც მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ და მუდამ დადიოდნენ ეკლესიაში.
ძალიან პატარა ვიყავი, როცა მომნათლეს. რაც თავი მახსოვს, არც ერთი საეკლესიო დღესასწაული არ გამოგვიტოვებია, ყოველთვის მივდიოდით ტაძარში.
ერთხელ მე და დედა შობაზე მოსკოვში აღმოვჩნდით და, რაღა თქმა უნდა, ეკლესიაში წასვლა გადავწყვიტეთ. არადა, საბჭოთა კავშირში მაშინ ამ დღეს დიდად არ აღნიშნავდნენ. კარგად მახსოვს, როგორ გამაკვირვა მოსკოვურმა შობამ, იმიტომ რომ თბილისში ამ დღეს მართლმადიდებლებიცა და კათოლიკეებიც ერთად აღნიშნავდნენ 25 დეკემბერს, ზეიმობდნენ, სტუმრად დადიოდნენ… მოსკოვში კი მხოლოდ ახალ წელს ხვდებოდნენ.
იმ დროს უმთავრესი საპატრიარქო ტაძარი ელოხოვოს ბოგოიავლენსკის ტაძარი იყო. ჰოდა, მე და დედაც სწორედ იქ წავედით საშობაო წირვაზე დასასწრებად. ალბათ, ხუთიოდე წლისა ვიქნებოდი, იმ ასაკისა, როცა ბავშვი უკვე კარგად იმახსოვრებს მომხდარს. მოკლედ, მივედით ტაძარში, ვდგავართ, ირგვლივ კი თითზე ჩამოსათვლელი ადამიანია. ეს მართლა ძალიან საოცარი იყო, იმიტომ რომ თბილისში, სიონში რომ მივდიოდით დღესასწაულებზე, მთლად გადაჭედილი იყო ხოლმე და ხალხი ხან ქუჩაშიც იდგა. აქ კი ტაძარი თითქმის ცარიელი იყო, ბავშვი კი — მარტო მე…
ეკლესიაში რეგულარულად დავდივარ, თუმცა ყოველდღიურ წირვას იშვითად ვესწრები დროის უკმარისობის გამო. აი, დიდი, სადღესასწაულო წირვები კი, ვცდილობ, არავითარ შემთხვევაში არ გავაცდინო.
არსებობს მოსაზრება, რომ მსახიობობა, კერძოდ კი ბალეტი ხელოვნების ცოდვიანი სახეობაა. ეს ყოველთვის მწყინდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დიდებულ არტისტს ვიცნობდი, რომლებიც საოცრად მორწმუნეები იყვნენ.
არაერთხელ მითამაშია სპექტაკლებში, რომლებსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე ესწრებოდა. როცა დიდ თეატრში ვმსახურობდი, ხშირად მხვდებოდა პატივი, მეცეკვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებისთვის, რომლებსაც პატრონაჟს მოსკოვის საპატრიარქო უწევდა. როგორც წესი, ეს „მაკნატუნა“ იყო. პატრიარქი მოდიოდა, ბავშვებს მიესალმებოდა და ხანდახან ბოლომდეც რჩებოდა სპექტაკლზე.
კანის ერთ-ერთი ტაძრის ძალიან კარგმა წინამძღვარმა ერთხელ ძალიან საინტერესო რამ მითხრა:
— ნიკოლოზ, სულ ამაოდ ფიქრობთ ასე. მე მგონია, რომ იმაზე უფრო ხშირად გილოციათ ცხოვრებაში, ვიდრე ბევრ ძალიან მორწმუნე ადამიანს.
დავინტერესდი, ასე რატომ მიგაჩნია-მეთქი? მითხრა, ახალგაზრდა რომ ვიყავი, სანამ სასულიერო სემინარიაში ჩავაბარებდი, ჟურნალისტად ვმუშაობდი პარიზში და ხელოვნებაზე ვწერდი, ძალიან ბევრი ბალეტი მინახავს კულისებიდან და ყოველთვის მაოგნებდა, რომ არც ერთი არტისტი არ გადიოდა სცენაზე ისე, ლოცვა რომ არ წაეკითხაო.
მერე მეც გამახსენდა და გავაცნობიერე, რომ მართლაც არასდროს გავსულვარ სცენაზე ლოცვის გარეშე.
დედამ მიმაჩვია, რომ ყოველი სპექტაკლის წინ ტაძარში წავსულიყავი და მეც ასე ვიქცეოდი მთელი ცხოვრების მანძილზე. ერთადერთი გამონაკლისი გასტროლები იყო, რადგან ყოველთვის არ გამომდიოდა ამის გაკეთება. თბილისსა და მოსკოვში კი, როგორც წესი, ჯერ ეკლესიაში შევდიოდი და მერე მივდიოდი სპექტაკლში სათამაშოდ.
ასე რომ, მართალი იყო ფრანგი მამაო.