შემოდგომა ნაკლებად მიყვარს წვიმებისა და ტალახის გამო. ეს ნამდვილად არ არის ჩემთვის სასიამოვნო სეზონი.
…და მოწყენილობა? დიახ, შემოდგომა ბევრისთვის დეპრესიასთან, ნაღველთან ასოცირდება, აი, ჩემთვის კი უცნობია მოწყენილობისა და სევდის შეგრძნება. სიმართლე გითხრათ, არც კი მესმის, რა არის ეს.
არც ის მესმის, რა არის მარტოობა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ვმუშაობ და, მეორეც, არსებობს ინტერნეტი და როგორ შეიძლება მოიწყინო, როცა ინტერნეტი გაქვს?!
ინტერნეტში გამუდმებით ვკითხულობ ან ვუყურებ რაღაცას. არც მოწყენის დრო მაქვს და არც რაიმე სხვა გართულებების. თავაუწევლად ვმუშაობ და იმის დროც კი არ მაქვს, ფანჯარაში გავიხედო.
ჩემი რეცეპტი მოწყენილობის გასაქარვებლად? – მუდამ კარგად უნდა გამოვიყურებოდე. სამწუხაროდ, ახლა დიეტაზე ვარ, რაც მანამდე არასდროს დამჭირვებია. ის კი არა, ბავშვობაში, როცა ბალეტზე დავიწყე სიარული, იმდენად გამხდარი ვიყავი, რომ პირიქით, წონის მომატება მჭირდებოდა. ახლა კი, როცა 35-ს გადავცდი, უკვე გახდომაზე მიწევს ზრუნვა.
გახდომის ჩემეული საიდუმლო მარტივია: არ ვჭამ ხორცეულს, რაც ძალიან მეხმარება ფორმის შენარჩუნებაში. მანამდე კი წლების განმავლობაში საერთოდ არაფერს მივირთმევდი… უფრო სწორად, მარტო სასარგებლო ცილებს და ასეთ რაღაცეებს ვიღებდი და გამუდმებით ვიმატებდი წონაში.
წელს კი დიდმარხვაზე, რომელიც პირველად დავიცავი, პირიქით მოვიქეცი: მართალია, არ ვჭამდი ხორცს, მაგრამ სიამოვნებით მივირთმევდი მაკარონს, რომელიც მანამდე არასდროს გამისინჯავს, და კარტოფილს, რომელზეც ვგიჟდები. შედეგმა სასიამოვნოდ გამაოცა — დავიკელი.
თუმცა ესაა, რომ ჩემი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერასდროს ვახერხებ დროულად კვებას. უბრალოდ, არ გამომდის.
ახლა აღარ ვვარჯიშობ, მაგრამ რადგან ბევრს ვმუშაობ პედაგოგად, ხშირად მიწევს მოძრაობების ჩვენება მოწაფეებისთვის და ეს საერთოდ მიკარგავს ყოველგვარი დამატებითი ფიზიკური დატვირთვისა და სპორტზე სიარულის სურვილს.
ყველაფერ ამას და კიდევ სეირნობას შვებულებისთვის გადავდებ ხოლმე, მაგრამ მაშინაც უფრო წამოწოლა მირჩევნია.
შვებულებაში მხოლოდ ზაფხულში გავდივარ, ივლის-აგვისტოში. მე ხომ ახლა სკოლის მასწავლებელივით ვარ – 1 სექტემბრიდან ბავშვებს ველოდები…