ქალაქი–დღესასწაული: ჩემი ბავშვობის თბილისი

© photo: courtesy of Nikolay Tsiskaridzeნიკოლოზ ცისკარიძე
ნიკოლოზ ცისკარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისური ბავშვობა – განსაკუთრებული და ყველაზე ძვირფასი მოგონებებია მათთვის, ვინც ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა. იმის შესახებ, თუ როგორი იყო ქალაქი და როგორი გახდა, მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ნაყინსა და ბავშვობაზე, როგორც დღესასწაულზე, „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე ბალეტის გამოჩენილი მსახიობი ნიკოლოზ ცისკარიძე გვიამბობს.

როგორი სუნი ტრიალებს თბილისში? ჩემთვის სხვადასხვა რაიონს სხვადასხვაგვარი სუნი ასდიოდა. მაგალითად, საბურთალოს სინორჩის სუნი ასდიოდა, ნავთლუღი უფრო დახუთული რაიონია, ხოლო ვაკეში ყოველთვის ნოტიო ჰაერი იყო. 

თბილისი - Sputnik საქართველო
Sputnik-ი თბილისელებს „თბილისობის“ დღესასწაულს ულოცავს

ის თბილისი, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე, უკვე აღარ არსებობს. გახსოვთ „ქარწაღებულნი“? ოდესღაც პირველად ვნახე ფილმი და შემდეგ მარგარეტ მიტჩელის რომანი წავიკითხე, სადაც ეშლი უილკსი ამბობს: „ჩემი სამყარო ქარმა წაიყო, ის აღარ არსებობს“. როცა გავიზარდე და თბილისში დიდი ხნის შესვენების შემდეგ ჩამოვედი, ამ სიტყვების არსს ჩავწვდი.

ის, ჩემი თბილისი, ქარმა წაიღო. დღეს ეს ლამაზი ქალაქია, მაგრამ – სხვა. იმიტომ, რომ ქალაქი, პირველ რიგში, ადამიანებია. ბევრი, რომელთა შორისაც გავიზარდე, ან წავიდა, ან უკვე ცოცხალი აღარ არის.

მოსკოვში გადასვლის შემდეგ დროდადრო თბილისში ჩამოვდიოდი, იმ ომის დროსაც, როცა შიმშილი და სიცივე იყო. ეს იყო წლები, როცა თბილისში ხშირად გამოვდიოდი. შემდეგ ისე მოხდა, რომ თითქმის ათი წელი აღარ ჩამოვსულვარ. ჩამოვედი – ქალაქი, რომელსაც ოდესღაც ვიცნობდი, აღარ არსებობს, უბრალოდ, აღარ არის. თანამედროვე თბილისის ბევრი დამახასიათებელი ნიშანი დისნეი ლენდს ჰგავს. ეს არც ცუდია და არც კარგი, უბრალოდ, ეს ისე არაა, როგორც მახსოვს.

© ЛИЧНЫЙ АРХИВ Н. ЦИСКАРИДЗЕ ნიკოლოზ ცისკარიძე
ნიკოლოზ ცისკარიძე - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ცისკარიძე

ვერ ვცნობ პრეხანოვს. რკინიგზელთა სახლის გარდა, ვერაფერი ვიცანი, და კიდევ მოზარდ მაყურებელთა თეატრი – ქართული და რუსული. ქუჩა ძალზე ლამაზია, მაგრამ ჩემთვის – ის არაა. შიდა ქუჩებიც – იგივე ქუჩებია, მაგრამ აღარ არიან ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ. დაიხოცნენ ან წავიდნენ. ახლა აქ ახალი ადამიანები არიან, ახალი სუნია, ახალი ფარდები, ახალი პრობლემები, ახალი სიხარული.

ვერ ვნახე ქურთები. იყო შეგრძნება, რომ ისინი საქართველოში აღარ არიან. არადა, ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალზე კოლორიტული და ფერადი სამოსით, დილიდან საღამომდე თბილისს ასუფთავებდნენ და მისი განუყოფელი ნაწილი იყვნენ.

თბილისი - Sputnik საქართველო
„თბილისო“ – ჰიტის საუკეთესო შესრულებები

ჩემი ყველაზე ნათელი მოგონებაა – როცა 11 წლის ვარ, და უკვე ოპერისა და ბალეტის თეატრში ვცეკვავ, მეგობრებთან ერთად რეპეტიციების შემდეგ ვსეირნობთ. მივდივართ ყოფილ სასტუმრო „ივერიასთან“ შადრევნამდე. იქიდან თბილისის ულამაზესი ხედი იშლებოდა და იქ იყიდებოდა მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ნაყინი. ვსხედვართ შადრევანთან და მივირთმევთ ნაყინს…

უზრუნველი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა: არ გვეშინოდა ქუჩაში სეირნობის, მივდიოდით, სადაც გვინდოდა.

თბილისში კარგად ვცხოვრობდით, ოჯახი, საბჭოთა დროის საზომით, შეიძლება ითქვას, პრივილეგირებული კლასის წარმომადგენელი იყო. მე კი რატომღაც ყოველთვის წასვლა მინდოდა. შეიძლება იმიტომ, რომ თბილისს როგორც დასასვენებელ და არა საცხოვრებელ, სამუშაო ადგილად აღვიქვამ.

მთავარი, რითიც თბილისი უამრავი სხვა ქალაქისგან, სადაც ვყოფილვარ, განსხვავდება – ეს სითბოა. სითბო ყველანაირი გაგებით: ადამიანური ურთიერთობების და კლიმატური თვალსაზრისითაც – როცა აქ ცივა, იქ თბილა.

თბილისური ინტერნაციონალური ბავშვობიდან მუდმივი დღესასწაულის შეგრძნება დამრჩა იმიტომ, რომ ჯერ იწყებოდა რამადანი, მერე სუბ–სარქისი, შემდეგ იყო პურიმი, კათოლიკური შობა,  კათოლიკურის შემდეგ – მართლმადიდებლური შობა. და ასე მთელი წელი. დავდიოდით სტუმრად, მთელი ქალაქი ერთმანეთს უმასპინძლდებოდა. ჩემი ბაბუა კალინინის ქუჩაზე ცოვრობდა, მის ეზოში სხვადასხვა ეროვნების ოჯახები ცხოვრობდნენ და ვიღაც ყოველთვის ამზადებდა და ყველას უმასპინძლდებოდა. ეს იყო ქალაქი – დღესასწაული – ჩემი ბავშობის თბილისი.


ყველა ახალი ამბავი
0