აღარაფერს აღარ ვჩივი, როცა ცეკვავს ბალანჩინი...

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიჯორჯ ბალანჩინი
ჯორჯ ბალანჩინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენს შეხვედრას მეტად სერიოზული და ფილოსოფიური თემით დავიწყებ — ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებით. ამაზე ბევრია დაწერილი და ნათქვამი, მაგრამ დღეს მინდა განსაკუთრებულად შევეხო ამ საკამათო და შესანიშნავ ურთიერთობებს კულტურასა და ხელოვნებაში.

უამრავი შემოქმედებითი დუეტი გვაქვს ნანახი და მოსმენილი. ზოგჯერ მამაკაცები და ქალები თანასწორნი არიან, ხდება ხოლმე, რომ მამაკაცებს საერთოდ ავიწყდებათ თავისი პარტნიორი ქალბატონები და დუეტის ნაცვლად სოლოზე გადადიან. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მამაკაცი განზე გადგება, ქალბატონს აძლევს მთელი თავისი ნიჭის გამოვლენის საშუალებას და ამ დუეტში სწორედ მის წარმოსაჩენად მონაწილეობ.

აი, ასეთი დუეტები მიყვარს ყველგან — ცხოვრებაშიც და სცენაზეც.

დღეს ჩვენი აივნის სტუმარია მსოფლიოში სახელგანთქმული მოცეკვავე და ბალეტმეისტერი, ამერიკული ბალეტის შემქმნელი, ბატონი გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი), რომელიც ამბობდა: „ჩემ ბალეტში წამყვანი არის ქალი, მამაკაცი კი მხოლოდ მისი თანმხლები საპატიო სტუმარია, რადგან ღმერთმა მამაკაცები შექმნა იმისთვის, რომ განადიდონ ქალები“.

© FB/ ალექსანდრე მაკაროვიმსტისლავ როსტროპოვიჩი, ჯორჯ ბალანჩინი და იური გრიგოროვიჩი
მსტისლავ როსტროპოვიჩი, ჯორჯ ბალანჩინი და იური გრიგოროვიჩი - Sputnik საქართველო
მსტისლავ როსტროპოვიჩი, ჯორჯ ბალანჩინი და იური გრიგოროვიჩი

გიორგი ბალანჩივაძე დაიბადა 1904 წლის 22 იანვარს სანქტ-პეტერბურგში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში, რომელსაც რუსეთში „ქართველ გლინკას“ უწოდებდნენ. გიორგის ძმა, ასევე ცნობილი კომპოზიტორი, ორგზის სტალინის პრემიის ლაურეატი ანდრია ბალანჩივაძე იხსენებდა, რომ მათ პეტერბურგში ჰქონდათ ხუთოთახიანი ბინა, რომელსაც უამრავი ბავშვი სტუმრობდა. ანდრიას უყვარდა ცეკვა, გიორგის კი, წარმოიდგინეთ — არა და ის ცეკვების დროს სულ კუთხეში ჯდებოდა და იქიდან უთვალთვალებდა მოცეკვავეებს. 1918 წელს ძმები ერთმანეთს დაშორდნენ. ამ დროს გიორგი 14-ის იყო, ხოლო ანდრია — 12 წლის, და მათი შემდეგი შეხვედრა მხოლოდ 45 წლის შემდეგ შედგა. 1981 წელს ჯორჯ ბალანჩინმა თავის ძმას უთხრა, რომ სურს დადგას ბალეტი ქართულ თემაზე — სხვადასხვა ნაწარმოებების შერწყმით (როგორც „ხარჩო“) და მან უკვე შეარჩია ანდრია ბალანჩივაძის ნაწარმოებები, მათ შორის ნაწყვეტები ბალეტიდან „მწირი“. მათ დაიწყეს მუშაობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯორჯ ბალანჩინი 2 წელიწადში გარდაიცვალა და თავისი სანუკვარი ოცნების ასრულება ვერ მოასწრო. მართლა ძალიან გულდასაწყვეტია…

© photo: Sputnik / Galina Kmit / გადასვლა მედიაბანკშიკომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე და ბალეტმეისტერი ჯორჯ ბალანჩინი.
კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე და ბალეტმეისტერი ჯორჯ ბალანჩინი. - Sputnik საქართველო
კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე და ბალეტმეისტერი ჯორჯ ბალანჩინი.
 

როდესაც ჯორჯ ბალანჩინს, რომელსაც „ამერიკული ბალეტის ქართულ გენიას“ უწოდებდნენ, შეეკითხნენ — ვინ იყო ეროვნებით, მან უპასუხა — „გენებით და სისხლით ვარ ქართველი, ეროვნებით კი — პეტერბურგელი“. ბალეტის მკვლევარები ჯორჯ ბალანჩინის შემოქმედებაში 3 პერიოდს გამოარჩევენ — „რუსულს“, „ევროპულს“ და „ამერიკულს“, მაგრამ, მე მგონი, სამივე პერიოდს თან დაჰყვებოდა ის რაღაც სხვანაირად „ნიჭიერად ქართული“, რაც ბატონ გიორგის გენებში ჰქონდა.

როცა ჯორჯ ბალანჩინი ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის ანსამბლის კონცერტს დაესწრო ამერიკაში, ის აღფრთოვანებული დარჩა მათი გამოსვლით. ის შეხვდა შესანიშნავ წყვილს და სურათებიც გადაიღო მათთან ერთად. შემდგომში ის ასევე დაესწრო ანზორ ერქომაიშვილის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის გასტროლებს და მოაწყო 300-კაციანი ბანკეტი, რომელზეც ანსამბლის მოცეკვავეებთან ერთად ქართული ხალხური ცეკვები შეასრულა.

© photo: Sputnikქორეოგრაფი ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე)
ქორეოგრაფი ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე) - Sputnik საქართველო
ქორეოგრაფი ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე)

საინტერესოა, რომ სამშობლოში ჩამოსვლისას ჯორჯ ბალანჩინმა ძმასთან ერთად მოიარა მთელი დასავლეთი საქართველო და განსაკუთრებით მოიხიბლა გურული სიმღერებით. საქართველოდან დაბრუნების შემდეგ კი განაცხადა: „მე ვიგრძენი თავი ქართველად“.

ჯორჯ ბალანჩინის მოგონებები რომ წაიკითხო, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ დიდმა ადამიანმა ერთი კი არა, რამდენიმე ცხოვრება გაიარა.

9 წლის ასაკში ის პეტერბურგის საიმპერატორო მთავარ საბალეტო სკოლაში მიაბარეს. ბატონ გიორგის ახსოვდა შეხვედრა მეფე ნიკოლოზ II-სთან, როდესაც ერთ-ერთი წარმოდგენის შემდეგ პატარა მსახიობები მეფის ოჯახს წარუდგინეს. პატარა გიორგის განსაკუთრებით შემორჩა მეხსიერებაში მეფის ღია ფერის თვალები და სიმაღლე, მისი მეუღლის შესანიშნავი ტანისამოსი, მისი ქალიშვილების სილამაზე და  ვერცხლისფერ კოლოფებში ჩალაგებული შოკოლადი.

საბალეტო სკოლის მოწაფეები სეირნობდნენ პეტერბურგის ქუჩებში, ტკბებოდნენ თეთრი ღამეებით და გრძნობდნენ ჯერ კიდევ იმ ქალაქის სურნელს, რომლის ქუჩებში თავად პუშკინი დასეირნობდა.

რევოლუციის შემდეგ კი ქალაქი შეიცვალა. არავის აღარ ეცალა ბალეტისთვის და პატარა მსახიობები ზოგჯერ ჩინიზელის ცირკშიც კი გამოდიოდნენ ინდური ცეკვებით, ერთი პურის საფასურად.

1921 წელს გიორგი მიიღეს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კორდებალეტში. პარალელურად მან ჩააბარა პეტროგრადის კონსერვატორიაში, სადაც სწავლობდა დაკვრას ფორტეპიანოზე, მუსიკის თეორიას, ჰარმონიასა და კომპოზიციას. ამბობენ, რომ სწორედ მუსიკის ღრმა ცოდნამ შეუწყო ხელი გიორგი ბალანჩივაძეს იმაში, რომ მისი ბალეტი სრულყოფილად წარმოჩენილიყო. მას „მუსიკის ცეკვად მთარგმნელსაც“ კი ეძახდნენ.

1923 წელს გიორგი ბალანჩივაძე გახდა ექსპერიმენტული ჯგუფის „ახალგაზრდა ბალეტის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და პირველად მოსინჯა თავისი ძალები როგორც ქორეოგრაფმა.

1924 წელს, გერმანიაში გასტროლების დროს გიორგი რამდენიმე მოცეკვავესთან ერთად დარჩა გერმანიაში, მალე მუშაობა დაიწყო პარიზში, სერგეი დიაგილევის ცნობილი „რუსული ბალეტის“ დასში ქორეოგრაფად. ასე დასრულდა მის შემოქმედებაში „რუსული“ პერიოდი და დაიწყო „ევროპული“.

1924-1929 წლებში გიორგი ბალანჩივაძე „რუსული ბალეტის“ წამყვანი მოცეკვავე და მთავარი ბალეტმეისტერი იყო. სამწუხაროდ, მან ტრავმა მიიღო და მთლიანად გადაერთო პედაგოგიურ მოღვაწეობაზე. ამ პერიოდში მან დადგა 9 დიდი ბალეტი და რამდენიმე ცალკეული ნომერი. 1929 წელს, დიაგილევის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფი დაიშალა და გიორგიმ მუშაობა გააგრძელა ლონდონსა და კოპენჰაგენში. შემდეგ გარკვეული პერიოდით დაუბრუნდა განახლებულ „რუსულ ბალეტს“, რომელიც მონტე-კარლოში დაფუძნდა. 1933 წელს კი ამერიკელი მეცენატის ლინკოლნ კირსტაინის დაჟინებული თხოვნით გიორგი ბალანჩივაძემ (იმ დროისთვის უკვე ჯორჯ ბალანჩინმა) აშშ-ში გამგზავრება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისთვის ის არ ფლობდა ინგლისურ ენას და, როგორც ამბობენ, ბოლომდე შემორჩა განსაკუთრებული აქცენტი. თუმცა თავად აცხადებდა, რომ ის საუბრობდა ცნობილი ამერიკელი პოეტისა და ლიბრეტისტის გარი ჰანტის ინგლისურით.

1934 წელს ბალანჩინიმ დააარსა „ამერიკული ბალეტი“, რომელიც წარმატებით გამოდიოდა „მეტროპოლიტენ–ოპერის“ სცენაზე. 40-იანი წლების დასაწყისში ბალეტი დაიშალა. ბალანჩინიმ კი დადგა თავისი პირველი ბალეტი ბროდვეიზე.

1948 წელს ჯორჯ ბალანჩინი სათავეში ჩაუდგა ნიუ-იორკის „საბალეტო საზოგადოებას“, რომელსაც შემდგომში ნიუ-იორკის საქალაქო ბალეტი დაერქვა და რომელმაც წარმატებით მოიარა გასტროლებით მთელი მსოფლიო.

მე კარგად მახსოვს ჯორჯ ბალანჩინის ბალეტის გასტროლები თბილისში. იყო 1972 წელი. მე ვიყავი 11 წლის, დედამ „საშინლად გამომპრანჭა“ და წავედით ფილარმონიის დიდ დარბაზში. ერთადერთი, რაც წარმოდგენიდან დამამახსოვრდა, იყო საოცარი სილამაზე – თავი ზღაპარში მეგონა და იმ ღამეს დამესიზმრა, რომ ვცეკვავდი და ისეთივე ლამაზი ვიყავი, როგორც ის ბალერინები სცენაზე.

კიდევ დამამახსოვრდა, რომ დედიკომ ამიხსნა – ეს ბალეტი არის სამკაულებზე და ძვირფას ქვებზე…

შემდგომში გავიგე, რომ სწორედ ბალეტმა „სამკაულები“, კრიტიკოსების აზრით, განსაზღვრა მე-20 საუკუნის ქორეოგრაფიის განვითარება. არსებობს ვერსია, რომ ის შეიქმნა ჯორჯ ბალანჩინის და ცნობილი იუველირის კლოდ არპელის საერთო იდეის საფუძველზე. ასევე ითვლება, რომ სამი ქვიდან თითოეული ჯორჯ ბალანჩინის ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის ამსახველი სამი პერიოდია: „ზურმუხტები“ გაბრიელ ფორეს მუსიკის თანხლებით — გამოხატავს საფრანგეთის დახვეწილობას და ელეგანტურობას, „ლალები“ იგორ სტრავინსკის მუსიკის თანხლებით — ბროდვეის სიმძაფრეს, ხოლო „ბრილიანტები“ პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკის თანხლებით — ნოსტალგიაა პეტერბურგის იმპერატორის საბალეტო სკოლის კრისტალურ სისუფთავეზე.

ჯორჯ ბალანჩინს ჰყავდა ოთხი ოფიციალური მეუღლე, ოთხივე  ბალერინა — თამარა გევერჟეევა, ვერა ზორინა, მარია ტოლჩიფი და ტანაკილ ლეკლარკი. ბალანჩინს მეხუთე ქალბატონის სიუზან ფარელის მოყვანაც უნდოდა ცოლად, მაგრამ მისმა ახალგაზრდა მუზამ უარი უთხრა.

ჯორჯ ბალანჩინი გარდაიცვალა 1983 წელს. ის დაკრძალულია ნიუ-იორკის ოკლენდის სასაფლაოზე. ანდერძის მიხედვით, მთელი მისი ქონება გადაეცა მის თანაშემწეს და დიდი ხნის მეგობარს ბარბარა ჰორგანს და ნიუ-იორკის ბალეტის პრიმა-ბალერინას, ასევე მის უახლოეს მეგობარს კარინა ფონ აროლდინგენ გერვიცს. სამწუხაროდ, მრავალი ქორწინების და რომანის მიუხედავად ჯორჯ ბალანჩინს მემკვიდრე არ დარჩენია.

აი, პლანეტა მერკურიზე კი ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი დაარქვეს. სხვათა შორის, მერკური მზის სისტემის პლანეტებიდან მზესთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და გულში მზიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0