თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ბალეტის ცნობილი რუსი სოლისტი, თეატრის რეჟისორი და რუსეთის სახალხო არტისტი ანდრის ლიეპა ცნობილი ტელეპროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ჟიურის წევრი გახდა.
ლიეპასთან ერთად ცნობილი ქართველებისა და პროფესიონალი მოცეკვავეების წყვილებს შეაფასებენ საქართველოს ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი და ქორეოგრაფი გოჩა ჩერტკოევი.
პირველივე ტურში ანდრის ლიეპამ თავი აჩვენა, როგორც არცთუ მკაცრმა მოსამართლემ. თავის კოლეგებთან შედარებით, ლიეპა კონკურსანტებს საკმაოდ მაღალ ქულებს უწერდა.
სეზონის სიახლე გახდა ასევე ორი უცხოელი მსახიობის — თეატრისა და კინოს რუსი მსახიობის სტანისლავ ბონდარენკოსა და ინდოელი კინოვარსკვლავის გაურავ ჩოპრას (Gaurav Chopra) მონაწილეობა. ეს უკანასკნელი ცნობილია როლით სერიალში „ორი ბედი“.
პირველ ტურში ბონდარენკომ, რომელიც აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტ ნიკი კეშელავასთან ერთად ცეკვავს, „პასადობლი“ შეასრულა.
გაურავ ჩოპრამ კი შოუს მოყვარულებს მოცეკვავე ლიკა ღუღუნიშვილთან ერთად ინდური ცეკვა წარუდგინა.
შოუს სხვა მონაწილეთა შორის არიან ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და მსახიობი დუტა სხირტლაძე, „მის საქართველო 2015“-ის ტიტულის მფლობელი ნუკა ყარალაშვილი, მსახიობები ჯანო იზორია და ქეთი ჩხეიძე, ანდრია გველესიანი, შემსრულებლები ლიზა ყენია და ნინი წიკლაური და სხვები.
პროექტის მეექვსე სეზონი 2016 წლის 4 აპრილს დაიწყო. გადაცემა ყოველ ორშაბათს 22:00 საათზე იწყება.
შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გამარჯვებული პრიზის სახით თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში „კრწანისი ვილა რეზიდენსში“ ბინას მიიღებს, ხოლო მეორე ადგილზე გასული — ავტომობილს.