პრინცი, რომელმაც გამოაღვიძა ბალეტი...

© PHILIPPE WOJAZER / AFP რუდოლფ ნურიევი
რუდოლფ ნურიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ქარიშხალივით შემოვარდება დაუოკებელი, წინააღმდეგობრივი, უნიჭიერესი კაცი, თანამედროვე ბალეტის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მოცეკვავე, ბალეტმეისტერი და, არ გაგიკვირდეთ, დირიჟორი, „ადამიანი-სკანდალი“, როგორც მას მსოფლიო მასმედიამ უწოდა — ლეგენდარული რუდოლფ ნურიევი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1938 წლის 17 მარტს.

ამბობენ, რომ რუდოლფის ნამდვილი გვარი იყო ნურეევი. ნურიევად მან გვარი მას შემდეგ გადაიკეთა, რაც უკვე ცნობილი გახდა. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ასევე აღნიშნულია, რომ ის დაიბადა ქალაქ ირკუტსკში. სინამდვილეში კი მისი დაბადების ადგილია ცენტრალური აზიის დაბლობისა და მონღოლეთის მთების გადაკვეთაზე გავლილი მატარებლის კუპე, რომელიც მის ოჯახს შორეულ აღმოსავლეთში მიაქროლებდა – რუდოლფის მამის ახალი სამსახურის ადგილზე. მისი წინაპრები იყვნენ ბაშკირელი თათრები და თავად ნურიევს ძალიან ეამაყებოდა, როდესაც მასზე ამბობდნენ, რომ ის ჩინგიზ-ხანის შთამომავალი იყო და სწორედ ამიტომ გამოირჩეოდა თვითნებური, ამაყი და ფეთქებადი ხასიათით.

დიდმა მაია პლისეცკაიამ მასზე თქვა: „ნურიევში ცეკვის პათოსი იმ ცეცხლივით აალდებოდა ხოლმე, რომელიც წვავს ეშაფოტზე მიმავალ მსხვერპლს და მის ნიჭს შეეძლო ადამიანებისთვის სიბნელეში გზა გაენათებინა და მასში ბოროტება მოეკლა“.

ხოლო ცნობილი ფრანგი მწერალი ფრანსუაზა საგანი მას ახასიათებდა, როგორც „მარტოხელა  და ლამაზ მამაკაცს ტრიკოში და საბალეტო ფეხსაცმელში, რომელიც აღფრთოვანებული მზერითა და უნდობლობით უყურებს დანისლულ სარკეში საკუთარი ხელოვნების ანარეკლს“.

მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება, რომ პირველ საცეკვაო ეპიზოდად შევარჩიე ცეკვა ბალეტ „გაიანედან“, იმისთვის, რომ დამედასტურებინა კრიტიკოსებისა და პროფესიონალების აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ნურიევი სახელგანთქმული მოცეკვავე ვაცლავ ნეჟინსკის შემდეგ იყო პირველი მოცეკვავე, რომელმაც შეძლო მამაკაცის ბალეტი დაეყენებინა იმ მწვერვალზე, რომელიც, როგორც წესი, საბალეტო ხელოვნებაში ქალბატონებს აქვთ ხოლმე დაპყრობილი.

რუდოლფს ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა. 1941 წელს, ომის დაწყების შემდეგ მისი მამა ფრონტზე წავიდა, ხოლო დედა ბავშვებთან ერთად ევაკუირებული იყო ბაშკირეთში, ქალაქ უფასთან მდებრე სოფელ ჩიშუანაში, სადაც გაიარა რუდოლფის ბავშვობამ. ოჯახს იმდენად უჭირდა, რომ ხშირად დღის განმავლობაში მათ სუფრაზე მხოლოდ თხის ყველის ნაჭერი და რამდენიმე კარტოფილი იდო. ერთხელ პატარა რუდოლფს ისე შიოდა, რომ ვერ მოითმინა, მისწვდა ქვაბს, რომელშიც კარტოფილი იხარშებოდა, გადაისხა მდუღარე წყალი და საავადმყოფოში მოხვდა. ის იხსენებდა, რომ სახლთან შედარებით საავადმყოფოში ისე კარგად აჭმევდნენ, რომ იქიდან წასვლა აღარ უნდოდა და სახლში დაბრუნებისას რამდენჯერ უფიქრია იმაზე, ხომ არ გაემეორებინა ეს მტკივნეული ექსპერიმენტი.

1945 წელს უფის თეატრში, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ მის სცენაზე დიდი შალიაპინიც კი გამოდიოდა, გასტროლებზე ჩამოვიდა დიდი თეატრის დასი. დედამ რუდოლფი და მისი დები ერთი ბილეთით შეიყვანა ბალეტზე, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა ბაშკირელი ბალერინა ზაიტუნა ნასრეტდინოვა. შემდგომში ნურიევი იხსენებდა, რომ ამ წარმოდგენამ მას უდიდესი ბედნიერება მოუტანა — ჩამოაშორა ღარიბულ რეალობას და აჩუქა ოცნება. „მე შემიყვარდა ბალეტი და ვიგრძენი „ძახილი“, – ასე გაიხსენა ის დღე.

1948 წელს მისმა უფროსმა დამ როზამ რუდოლფი, რომელიც იმ დროს უკვე სკოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლში ცეკვავდა, მიიყვანა თავის ცეკვის მასწავლებელთან, ყოფილ ბალერინა ანა უდალცოვასთან, რომელიც თავის დროზე გამოდიოდა ანა პავლოვასთან ერთად და მეგობრობდა ფიოდორ შალიაპინთან. რამდენიმე თვეში უდალცოვამ განაცხადა, რომ რუდოლფი მომავალი გენიოსია, და არც შემცდარა.

14 წლის რუდოლფი იძულებული გახდა სახლიდან გაპარულიყო, რადგან ომიდან დაბრუნებული მამა კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ მის ერთადერთ ვაჟს სცენაზე ეცეკვა, ის დასცინოდა მის „არაკაცურ“ არჩევანს.

ისევ შესანიშნავმა ქალბატონმა ანა უდალცოვამ გამოიყენა თავისი ნაცნობები და რუდოლფი გაგზავნა მსოფლიოში იმ დროისთვის ყველაზე საუკეთესო საბალეტო სკოლაში — ლენინგრადის ვაგანოვას სახელობის სასწავლებელში ჩასაბარებლად. ზუსტად ერთ კვირაში ნიჭიერი ახალგაზრდა მიიღეს მიუხედავად იმისა, რომ ის სწორად ვერ დგამდა ფეხებს პირველ პოზიციაში.

ნურიევი შრომობდა ბოლო ამოსუნთქამდე. მას ესმოდა, რომ ეს მისი ოცნების ასრულების ერთადერთი შანსი იყო, რომელიც მას ბოლომდე უნდა გამოეყენებინა.

საბედნიეროდ, მას შეხვდა რუსეთის საბალეტო ხელოვნებაში ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი — ალექსანდრ პუშკინი — ინტელიგენტი, საოცრად თბილი ადამიანი, რომელმაც ნურიევს გადასცა არა მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება, არამედ სიყვარულიც.

სასწავლებლის დასრულების შემდეგ ნურიევს ეპატიჟებოდნენ დიდ თეატრში, სტანისლავსკის სახელობის თეატრში და ლენინგრადის კიროვის სახელობის თეატრში. მან მესამე ვარიანტი არჩია და გახდა შესანისნავი ბალერინას ნატალია დუდინსკაიას პარტნიორი. თეატრში მუშაობის 3 წლის განმავლობაში ნურიევი თითქმის ყველა წამყვან პარტიას ასრულებდა, თავად ირჩევდა კოსტიუმებს და ცვლილებები შეჰქონდა ქორეოგრაფიაში. მას საკმაოდ რთული ხასიათი ჰქონდა, არ ემორჩილებოდა საზოგადოებაში მიღებულ წესებს, გამოირჩეოდა საკუთარი აზრის გატანის ნიჭით და თავისუფლებისადმი სწრაფვით. რაღა თქმა უნდა, ეს ბევრს არ მოსწონდა.

აღსანიშნავია, რომ ნურიევის ახლო მეგობრები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ იმას, რომ მისი ერთგვარი უხეშობა და ცინიზმი იყო მხოლოდ თავდაცვა და რომ მას ასეთი ქცევით სურდა უცერემონიო ჭორებისა და მზერისგან მის შიგნით არსებული მხოლოდ მისი ფასეულობები დაეცვა.

1961 წელს, კიროვის სახელობის თეატრის პარიზში გასტროლების დასასრულს ლე-ბურჟეს აეროპორტში, საიდანაც თეატრი ლონდონში მიემგზავრებოდა, ნურიევს გამოუცხადეს, რომ ის უნდა დაბრუნებულიყო მოსკოვში. რუდოლფი მიხვდა, რომ მის მიმართ მკაცრი ზომების მიღების გადაწყვეტილება მიიღეს და თავად დაასწრო — დარჩა პარიზში და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ამ დღიდან, მისი განცხადებით, დაიწყო მისი თავისუფალი ფრენა.

უკვე ერთ კვირაში ის გამოდიოდა როგორც მარკიზ დე კუევასის ინტერნაციონალური ბალეტის სოლისტი ბალეტში „ცისფერი ფრინველი“. შემდეგ რუდოლფი გაემგზავრა კოპენჰაგენში, სადაც გაიცნო თავისი მომავალი პედაგოგი, ლეგენდარული ვერა ვოლკოვა, ხოლო მისი მეშვეობით – განუმეორებელი ბალერინა, დამა (რაც რაინდის მსგავსი წოდებაა ქალბატონებისთვის) მარგო ფონტეინი, რომელიც შემდგომი 15 წლის განმავლობაში მის დედოფლად რჩებოდა. შეხვედრის დროს რუდოლფი 24 წლის, მარგო კი 43 წლისა იყო. მათი პირველი დუეტი შედგა ბალეტ „ჟიზელში“, ხოლო 1964 წელს ბალეტმეისტერმა აშტონმა საგანგებოდ მათთვის დადგა ბალეტი „მარგარეტ და არმანი“. მათ, ბალეტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, ლეგენდარულ დუეტს, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა, უწოდებდნენ „ყველაზე თავშეკავებული ინგლისელი დამისა და ყველაზე ფეთქებადი თათარი თავადის შთაგონებულ კავშირს“.

ადამიანებმა კი, როგორც სჩვევიათ ხოლმე, დაიწყეს ჭორაობა რუდოლფისა და მარგოს რომანზე. იმასაც კი ამბობდნენ, რომ მარგომ მისგან შვილი გააჩინა, რომელიც დაეღუპა. მაგრამ ყველა, ვინც მათ ახლოს იცნობდა, ამტკიცებდა, რომ მათ აკავშირებდათ მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები და საოცრად უყვარდათ ერთმანეთი. როდესაც მარგო ავად გახდა (მას სიმსივნე აღმოუჩინეს), ნურიევი იხდიდა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. სხვათა შორის, ამან მისივე მეგობრებში დიდი გაკვირვება გამოიწვია, რადგან რუდოლფი ხელმომჭირნეობით გამოირჩეოდა.

…რუდოლფზე საერთოდ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ, მათ შორის, მის რთულ ხსაიათზეც. მაგრამ მე ვთვლი, რომ გენიოსებს შეცდომების უფლება აქვთ, მით უმეტეს, როდესაც ეს შეცდომები მათ პირად ცხოვრებას ეხება და მათთვის, სავარაუდოდ, ეს შეცდომა საერთოდ არ არის.

ნურიევი კი თავის საქმეში მართლა გენიოსი იყო. ბევრმა არ იცის, რომ რუდოლფ ნურიევმა საბალეტო კარიერის დასრულების შემდეგ სადირიჟორო კარიერა დაიწყო. 1992 წელს ის დირიჟორობდა ვენის რეზიდენც-ორკესტრს, ხოლო შემდეგ წელს, თათრეთის საოპერო თეატრის დირექტორის მიწვევით, ჩავიდა გასტროლებზე ყაზანში, სადაც ასევე იდგა სადირიჟორო პულტთან.

რუდოლფი 10 წლის განმავლობაში ებრძოდა საშინელ სენს. ის გარდაიცვალა 1993 წლის 6 იანვარს. მის პანაშვიდზე, რომელიც პარიზის გრანდ-ოპერაში ჩატარდა, მისი ანდერძის თანახმად, უკრავდნენ ბახისა და ჩაიკოვსკის მუსიკას, 5 ენაზე კითხულობდნენ პუშკინის, ბაირონის, გოეთეს, მიქელანჟელოს ლექსებს. ის დაკრძალეს პარიზის რუსულ, სენტ-ჟენევიევის სასაფლაოზე.

რუდოლფ ნურიევის საფლავი
რუდოლფ ნურიევის საფლავი - Sputnik საქართველო
რუდოლფ ნურიევის საფლავი

მე მაინც ვთვლი, რომ რუდოლფ ნურიევმა შესანიშნავი ცხოვრება გაიარა, მან მიაღწია თავის სანუკვარ ოცნებას და დღემდე ითვლება „პრინცად, ვინც გამოაღვიძა ბალეტი“.

მე კი, როგორც გამოუსწორებელმა ოპტიმისტმა, ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ საოცრად განსხვავებული და არასერიოზული ნურიევი:

ის როდესაც ხუმრობდა, მაშინაც პრინცად რჩებოდა… 

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ნურიევის ნახტომივით ამაღლებულ და ლამაზ დღეს!


ყველა ახალი ამბავი
0