ღატაკთა ამბავი ანუ სიღარიბე ციფრებში...

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ აღატაკებს საქართველოს მოსახლეობას... წლიდან წლამდე რატომ იზრდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობა... სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა და სიღარიბის "პერსპექტივა" საქართველოში...

ძვირფასო მკითხველო, სულ რაღაც ორიოდე კვირის წინათ, ერთი მოკრძალებული სტატიით, ქართული საბანკო სისტემის „წარმატებები“ მიმოვიხილეთ… შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაბალია, კომერციული ბანკების შემოსავლები სტაბილურად მატულობს და მოგებაც წლიდან წლამდე იზრდება. გავარკვიეთ, რომ ბანკებმა შემოსავლების საკმაოდ დიდი ნაწილი კლიენტებზე გაცემული სესხებიდან საურავებისა და ჯარიმის სახით მიიღეს… ქვეყნის შიგნით აქტიური ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული „მიღწევით“ დაგვირგვინდა… საბანკო სექტორმა მომგებიანობით მსოფლიოს პირველ ათეულში დაიმკვიდრა ადგილი… უფრო მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ კომერციულ ბანკებს ვადაგადაცილებული ე.წ პრობლემური სესხების რაოდენობითაც წამყვანი პოზიცია უკავიათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ… მაინც, რა საჭიროა ამ ყოველივეს შეხსენება, — შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და მეც ვიტყვი, რომ არ არის გამორიცხული ქვეყნის საბანკო სექტორის „წარმატებები“ იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რასაც ახლა მოგახსენებთ…

საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
მედია: ქართული ბანკები მსოფლიოში ყველაზე მომგებიან ბანკებს შორისაა

საქართველოში დაახლოებით რვაასი ათასი ადამიანი ღატაკია!… უფრო კონკრეტულად კი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის 21.3% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 0.5% — ით აღემატება. ასე, რომ სავალალო ტენდენცია მზარდია. ექსპერტ-ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემები საკმაოდ რეალურია და ხელისუფლებისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს… 

სპეციალისტების ერთი ნაწილის აზრით, თუნდაც უმნიშვნელო ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციის შემოდინების ფონზე, როცა ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედზე მეტი ღატაკია, ეს შემოსავლების არასამართლიან გადანაწილებაზე მიუთითებს.

ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
რას მოუტანს საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი სოსო არჩვაძე: „ქვეყანაში გაზრდილია. ღარიბთა რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯდება სტატისტიკური 3-4   პროცენტიანი სხვაობის ფარგლებში, მაინც იკვეთება ძალზედ არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სამწუხაროდ, არასასურველი ტენდენცია მზარდია. ყოველივე ეს ხელისუფლების მხრიდან სერიოზულ ყურადღებას და ღონისძიებათა განხორციელებას მოითხოვს. სიგნალი საგანგაშოა. უფრო უნდა გაიზარდოს ეკონომიკა. საჭიროა კიდევ უფრო მეტი დინამიზმი. საზოგადოებაში შემოსავლების მიხედვით სოციალური უთანასწორობა მატულობს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მატერიალური დოვლათის გადანაწილების სამართლიანი  მექანიზმის შემუშავება…“    

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პრობლემის დასაძლევად მნიშვნელოვანია სიღარიბის განსაზღვრის წესის, მეთოდოლოგიის შემუშავება, ხოლო ამ პროცესში არსებითია ქვეყანამ გაიზიაროს თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილება. 

ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
მეტი ინფორმაცია მომხმარებელს კრედიტზე და „ქცევის კოდექსი" ბანკებს

მიმდინარე წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური პირველად აქვეყნებს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლის მონაცემებს. მეთოდოლოგია ეფუძნება მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ ე.წ „საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს“ და იგი გამოიყენება მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში. საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდი კი, ითვალისწინებს სიღარიბის ზღვარის განსაზღვრას შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების კვლევის მონაცემების საფუძველზე. ამასთან ერთად სახელმწიფოს სჭირდება მეტად გახსნილი და გასაგები სოციალური პროგრამა, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სიღატაკის ზღვარის დაძლევაში დაეხმარება. 

სოსო არჩვაძე: „სიღარიბის კრიტერიუმად. ევროპული და ამერიკული სტანდარტით, ბევრად მეტი ადამიანი მოხვდებოდა ამ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ. მეთოდოლოგია, რომლითაც „საქსტატი“ იკვლევს, საკმაოდ ადეკვატურია საქართველოს რეალობასთან. ქვეყანაში 792 000 ღატაკია… ეს კი, შემაშფოთებელია და საგანგაშოც. სახელმწიფოს სჭირდება კონკრეტული, მკაფიოდ ჩამოყალიბებული სოციალური პროგრამა, რომელიც დაეხმარება მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს — თავი დააღწიოს  გაუსაძლის მდგომარეობას. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები არიან ჩვენშიც, ამერიკაშიც, იაპონიაშიც, უბრალოდ, მასშტაბებზე და საერთო ტენდენციაზეა საუბარი. ჩვენთან ეს სეგმენტი ძალიან გამოკვეთილია, რაც ცალკე პრობლემებს ქმნის…“

უპატრონო ბავშვები - Sputnik საქართველო
UNICEF: საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს

ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს უბრალოდ, ჯერ კიდევ არ გააჩნია სოციალური პოლიტიკა და პრობლემის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის.

ანალიტიკოსი პაატა აროშიძე: „ჯერ, გავარკვიოთ ვინ მოიაზრება ე.წ ღატაკთა კატეგორიაში? პირველ რიგში ეს გახლავთ პენსიონერები, რომელთაც ამ თანხის გარდა, სხვა არავითარი შემოსავალი არ გააჩნიათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის დისბალანსი ძალიან დიდია, რაც სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდი მაჩვნეებელია. შიდა პრობლემების გარდა, საერთაშორისო ასპარეზზეც ქვეყნის იმიჯს საკმაოდ აზიანებს, როდესაც მინიმალური ეკონომიკური ზრდის პირობებში შეჭირვებულთა რაოდენობა იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გამომუშავებულ თანხებს მთლიანად შთანთქავს შეძლებული ფენა. 800 000 ადამიანი ღატაკია? ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია ან ეს პოლიტიკა ძირეულად არასწორია…“  

სპეციალისტები და ანალიტიკოსები ქვეყანაში საპენსიო რეფორმის განხორციელების, უფრო კონკრეტულად სავალდებულო კერძო საპენსიო დაზღვევის დანერგვის აუცილებლობაზე მიანიშნებენ.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
საპენსიო რეფორმა ეკონომიკურ ზრდას სტიმულს მისცემს

სოციალური წონასწორობის ცენტრის პრეზიდენტი ოთარ ხუფენია: „უპირველეს ყოვლისა, უნდა დაჩქარდეს საპენსიო რეფორმა. ე.წ „საპენსიო ოფისმა“ დაასრულა საპენსიო რეფორმის მოდელზე მუშაობა. ეს მოდელი გულისხმობს სავალდებულო კერძო საპენსიო დაზღვევის დანერგვას. პრეზენტირებული მოდელი ასეთია:  საშემოსავლო გადასახადის ორ პროცენტს გადაიხდის დასაქმებული, ორ პროცენტს გადაიხდის დამსაქმებელი, ხოლო ორ პროცენტს — სახელმწიფო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კერძო საპენსიო დაზღვევაზე მიიმართება 20 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადის 6 პროცენტული პუნქტი. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ-ჯერობით ეს მოდელი დამტკიცებული არ არის, არ ვიჩქარებთ ჩვენეული, მკვეთრად უარყოფითი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ შემდეგი: საპენსიო რეფორმა (თუნდაც ასეთი სქემით!) არა მხოლოდ 2017 წელს, არამედ ისეთი პირი უჩანს ვერც 2018 წელს განხორციელდება. მაშასადამე, „საპენსიო ოფისის“ სამწლიანი მუშაობის შედეგი ყინულზე ცარცითაა დაწერილი!.. ჩვენი პოლიტიკოსების განცხადებები დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ ილოზორულია და უფრო მეტიც, საზოგადოებას აზიანებს ცრუ მოლოდინების გაჩენის გზით! სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ არც მთავრობას და არც საკანონმდებლო ხელისუფლებას დღემდე არ შეუფასებია საპენსიო რეფორმის დაწყების გაუმართლებელი დაგვიანება… ეს ერთ-ერთი მიზეზია იმ პრობლემისა, რასაც სიღარიბის ზრდა ჰქვია…“ 

არ ვიცი ვინ რას ფიქრობს, მაგრამ მე კი, მგონია, რომ სიღარიბის პრობლემაზე ახლა მავანთ საფიქრალად არ სცალიათ. ახლა სხვა პრიორიტეტებია — არჩევნები და კონსტუტუცია!…


ყველა ახალი ამბავი
0