თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საპენსიო რეფორმა ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი კომპონენტია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს ვიცე–პრემიერმა მონაწილეობა მიიღო საჯარო დისკუსიაში „საპენსიო რეფორმა საქართველოში“. აღნიშნული რეფორმის განხორციელებას ქვეყნის მთავრობა 2017 წლის 1 ოქტომბრიდან გეგმავს, განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
„საპენსიო რეფორმა წარმოადგენს ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელ კომპონენტს. კერძო დანაზოგების ზრდა ადგილობრივ ვალუტაში გაზრდის გრძელვადიანი ფულადი რესურსის ხელმისაწვდომობას, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს ეკონომიკისთვის და ხელს შეუწყობს დანაზოგების ეკონომიკაში ინვესტირებას კაპიტალური ბაზრის მეშვეობით“, — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია რეფორმის სწორი დიზაინი და იმ შეცდომების გაანალიზება და გათვალისწინება, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა დაუშვეს რეფორმის განხორციალების პროცესში.
„ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ვინაიდან საპენსიო რისკები დროთა განმავლობაში იმატებს და სახელმწიფოს სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქის საპენსიო უზრუნველყოფაზე მოუწევს ზრუნვა. მთავრობამ გადაწყვიტა შექმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეს საშუალება მიეცემა, უკეთ დაგეგმოს სიბერე და აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფო შემწეობაზე“, — აღნიშნა ვიცე–პრემიერმა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის (USAID) პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკისა და დიდი ბრიტანეთის საპენსიო სისტემის მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა.
კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არსებულმა საპენსიო რეფორმების სამსახურმა ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციების — მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებისა და სამთავრობო უწყებების მოსაზრებების გათვალისწინებით შეიმუშავა.
„საპენსიო რეფორმა შედგება ორი კომპონენტისგან: ა) არსებული სოციალური საპენსიო სისტემის ინდექსაცია, რაც გულისხმობს ისეთი მექანიზმის შექმნას, რომელიც განსაზღვრავს, ყოველწლიურად რა ოდენობით უნდა გაიზარდოს არსებული სოციალური პენსია (დღეს არ არსებობს მექანიზმი, რომელიც პენსიონერს დაიცავს ინფლაციისგან). ინდექსაციის მეთოდი საშუალებას მოგვცემს პენსიონერი დავიცვათ ინფლაციისგან, რათა მისი მსყიდველობითი დონე არ გაუარესდეს. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პენსია იმატებდეს მინიმუმ ინფლაციის შესაბამისად; ბ) რეფორმა ასევე ითვალისწინებს ახალი კომპონენტის დანერგვას, რომელსაც ეწოდება კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა. ეს რეფორმა გათვლილია მომავალ პენსიონერებზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ საპენსიო უზრუნველყოფას“, — აღნიშნეს სამინისტროში.