ახალი საპენსიო სისტემა 2017 წელს ამოქმედდება

© photo: Sputnik / Юрий Абрамочкин / გადასვლა მედიაბანკშიპენსიონერები
პენსიონერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობას მომავალში განზრახული აქვს სპეციალური პაკეტის შემუშავება იმ დასაქმებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოფიციალურად ხელფასს არ იღებენ.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2017 წლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება, იუწყება ქართული მედია. 

საკუთარი ინიციატივით ამ სიახლით შეუძლია ისარგებლოს საქართველოს ყველა დასაქმებულმა მოქალაქემ. ყოველთვიური შენატანი საპენსიო ფონდში ხელფასის 6%–ს შეადგენს, რომელიც არ დაიბეგრება. აქედან 2%–2%–ს გადაიხდიან თავად დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო. 

დაგროვებით სისტემაში აკუმულირებული თანხა ეკონომიკაში ჩაიდება და მას ნამატი დაერიცხება. პენსიაზე გასვლისას საქართველოს მოქალაქე აღნიშნულ თანხასაც მიიღებს და დაგროვებულ ნამატსაც. გარკვეული შემთხვევების გამოკლებით — მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემები — თანხის ვადაზე ადრე გატანა შეუძლებელი იქნება. 

იმისათვის, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემისგან რეალური ეფექტი მიიღოს, ადამიანმა ფული მინიმუმ 20 წელი უნდა აგროვოს, თუმცა, ამ სისტემაში ჩართვა იმ მოქალაქეებსაც შეეძლებათ, რომლებსაც საპენსიო ასაკამდე 5–6 წელი აკლიათ. ამასთან, მათ შეეძლებათ ერთბაშად მიიღონ მთელი დაგროვილი ფული, ვინაიდან თანხა დიდი არ იქნება. 

საქართველოს მთავრობას მომავალში განზრახული აქვს სპეციალური პაკეტის შემუშავება იმ დასაქმებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოფიციალურად ხელფასს არ იღებენ.

მოსახლეობის უკანასკნელი აღწერის თანახმად, საქართველოში 3,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს. აქედან 20% პენსიონერია. 2050 წლისთვის მათი რაოდენობის 25%–მდე გაზრდაა ნავარაუდევი. 

ასაკით პენსიონრები საქართველოში 2015 წლიდან 160 ლარს იღებენ (დაახლოებით 68 აშშ დოლარი), რაც 6,6%–ით მეტია ადრინდელთან შედარებით. მანამდე, საქართველოში პენსია, 2013 წელს გაიზარდა და 150 ლარი შეადგინა. 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0