თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკები აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ჩამორჩენილი ქვეყნების ყველაზე მომგებიანი საბანკო სისტემების ათეულში მოხვდნენ, აღნიშნულია გაზეთ „კვირის პალიტრას" სტატიაში.
საქართველოს კომერციულმა ბანკებმა მეცხრე ადგილი დაიკავეს ლესოტოს, არგენტინას, გაბონის, ნამიბიის, ნიკარაგუას, გონდურასის, კონგოს და სეიშელის კუნძულების ბანკების შემდეგ.
„საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით უკვე მსოფლიო ათეულშია და მე-9 ადგილზეა აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ჩამორჩენილი ქვეყნების მხარდამხარ", — ციტირებს გამოცემა მიხეილ დუნდუას, ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში.
მისი თქმით, საქართველოს ბანკებმა 2017 წლის პირველ კვარტალში კაპიტალზე 27%-იანი მოგება მიიღეს.
ამავე დროს ექსპერტმა აღნიშნა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უცხოურ ვალუტაში კრედიტების მოცულობის ზრდა.
„უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება, ანუ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები, 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე 80%-ით, ანუ 890 მილიონი დოლარით გაიზარდა. მხოლოდ 2016 წლის ზრდამ 22% შეადგინა. თანხობრივად ყველაზე დიდი მატება წელს იყო — უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება 348 მილიონი დოლარით გაიზარდა", — აღნიშნა დუნდუამ.
ამ დროს ექსპერტი საბანკო სისტემის და ქვეყნის ეკონომიკის ხარვეზებზე მიუთითებს.
„კომერციული ბანკების მომგებიანობის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საბანკო სექტორი ორიენტირებულია მოკლევადიან, მაღალპროცენტიან, სამომხმარებლო და სავაჭრო დანიშნულების სესხებზე, ხოლო წარმოების რეალური სექტორი, რომელიც გრძელვადიან და დაბალმარჟიან სესხებს მოითხოვს, უყურადღებოდ არის დატოვებული", — განაცხადა დუნდუამ.
ამასთან ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბანკების მომგებიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალი თუ იქნებოდა, მთავრობა რეფორმებს უფრო ფრთხილად გაატარებდა.