თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ყველა საფინანსო ინსტიტუტს გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესახებ მომხმარებლების დეტალურ ინფორმირებას ავალდებულებს, განუცხადა საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ „Sputnik–საქართველოს“.
„ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები არა მხოლოდ კომერციულ ბანკებს, არამედ უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც და სხვა საფინანსო ინსტიტუტებსაც ავალდებულებს დაწვრილებით აუხსნან მომხმარებლებს ყველაფერი აღებული კრედიტის შესახებ, მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია საპროცენტო განაკვეთებზე, დამატებით ხარჯებზე, საკომოსიოებზე და ა.შ." — აღნიშნა დავით კიკვიძემ.
ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ მომხმარებელმა უფრო დაცულად იგრძნოს თავი და უფრო მეტი იცოდეს იმის შესახებ, თუ რას აწერს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელშეკრულების ძირითადი დებულებების შრიფტის ზომა 12-ით განისაზღვრა, რათა კონტრაქტის პირობების გაცნობა მომხმარებელს გაუადვილდეს, თვლის ექსპერტი.
„შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ეს თამაშის წესები საფინანსო ბაზარზე მომხმარებელთან ურთიერთობას ძალიან მკაფიოდ და კარგად დაარეგულირებს. ცნობილია, რომ მომხმარებელთა უმეტესობა გაუთვითცნობიერებლად იღებს სესხს და ამით ხშირად სარგებლობენ საფინანსო ინსტიტუტები", — აღნიშნა დავით კიკვიძემ.
ექსპერტს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლედ მიაჩნია ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულ რეგულაციებში იმის აღნიშვნა, რომ შემუშავდება ეთიკის კოდექსი და მოხდება იმ ნორმების განსაზღვრა, რომელთა შესაბამისადაც ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ვადაგადაცილებული სესხების შემთხვევაში უნდა იმოქმედონ.
„ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რადგან შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ დღეს კომერციული ბანკების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების ურთიერთობა მომხმარებელთან, განსაკუთრებით, ვადაგადაცილებული სესხების დაფარვის დროს ძალიან სცდება ეთიკის ფარგლებს. ხშირად საფინანსო ინსტიტუტები გაუმართლებელი მეთოდებით ცდილობენ მომხმარებელს სესხი დააფარინონ. ვფიქრობ, ეს კოდექსი მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმებს დაარეგულირებს", — განაცხადა დავით კიკვიძემ.
ექსპერტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ახალი ეთიკის კოდექსი დასავლური გამოცდილების საფუძველზე შემუშავდება.