დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ღონისძიებათა ვრცელი პროგრამა შეიმუშავა.
1918 წლის ამ დღეს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ორ წელიწად ნახევარი იარსება.
მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სამხედრო აღლუმით აღინიშნებოდა. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ ტრადიციაზე უარი ითქვა და უპირატესობა სახალხო სეირნობას მიენიჭა. საზეიმო ღონისძიებები იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში.
ღონისძიებათა პროგრამა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ გადაკეტა თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, ვარდების მოედანი და მიმდებარე ქუჩები. თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა 27 მაისს აღდგება.
"მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" — წელს საზეიმო ღონისძიებები ამ სლოგანით იმართება. ზეიმის ძირითადი თემატიკა "ვეფხისტყაოსანი" იქნება. მთავრობა აპირებს წლევანდელი ზეიმი ფერადოვანი, მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი გახადოს.
დილიდან თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური წარმოების სამხედრო ტექნიკა. აქვე 400 ახალწვეული სამხედრო ფიცს დადებს.
სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინიტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. ისინი ახალწვეულებსა და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ და მათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ.
ცერემონიის დასრულების შემდეგ მოსახლეობასა და საქართველოს სტუმრებს მოედანზე წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.
მთავარი საზეიმო ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე გაიმართება, რომელიც ნამდვილ პატარა ქალაქად იქცევა. სამინისტროები და სხვადასხვა უწყება წარმოადგენენ სტენდებსა და საინფორმაციო კუთხეებს, სადაც მსურველი შეიტყობს წლის განმავლობაში ამ უწყებების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ.
დღის განმავლობაში საბავშვო კონცერტები გაიმართება: 11:00-დან 11:40-მდე; 12:30-დან 13:10-მდე; 13:30-დან 14:10-მდე; 14:30-დან 15:30-მდე.
რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ვიქტორინა, რომელიც "ვეფხისტყაოსანს" მიეძღვნება. ის მკაცრად განსაზღვრულ დროს გაიმართება: 13:10-13:30, 14:10-14:30, 15:30 —15:50 და 17:40 —18:00.
გარდა ამისა, რუსთაველზე 15:50-დან 17:40-მდე და 18:00-დან შუაღამემდე ელექტრონული მუსიკა იჟღერებს.
12:00-დან 16:00 საათამდე მხატვრები საკუთარ ნამუშევრებს დახატავენ. 17:00 საათიდან სოლიდარობის ფონდის დახმარების მიზნით ქართველი მხატვრების მიერ "ვეფხისტყაოსნის" თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების აუქციონი და აქსესუარების ბაზრობა გაიმართება.
11:00 საათიდან 21:00 საათამდე რუსთაველზე იმუშავებს ტექნოპარკის კუთხე, სადაც იქნება წარმოდგენილი "ვეფხისტყაოსნის" თემატიკაზე შექმნილი სტარტაპები. გაიმართება აგრეთვე ამ ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
თბილისის ცენტრში სხვადასხვა თემატიკის კუთხეები მოეწყობა: საბავშვო არქეოლოგიური გათხრები, ქვიშაზე "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟების ხატვა და პოემის სცენების ილუსტრირება, დიდი სამეფო ჭადრაკი "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟების ვიზუალიზაციით, შეყვარებულთა და რაინდთა ხეივანი და სხვა.
"ჯადოსნურ კუთხეში" ბავშვებისათვის გაიმართება "თავისუფალი გაკვეთილები", ხოლო "სუხიშვილების" უმცროსი თაობა ფლეშ-მობს მოაწყობს.
თბილისის მთავარ გამზირზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის 80 მწარმოებლის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ვირტუალური რეალობის სათვალის დახმარებით შესაძლებელი იქნება საქართველოს დაცული ტერიტორიების მონახულება.
რუსთაველის გამზირზე ღონისძიებათა სიმრავლისგან დასვენებას შეძლებთ არტ-კაფეში, რომელიც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიხსნება.
რუსთაველზე გაიმართება კონცერტი "ვეფხისტყაოსნის" თემატიკაზე, წარმოდგენილი იქნება პოემის უცხოური გამოცემები და ანბანი.
დროებით გაცოცხლდებიან რუსთაველის უკვდავი პოემის მთავარი გმირები. ამას პანტომიმის თეატრის მსახიობები აჩვენებენ. გაცოცხლდება ძველი ქართული სამზარეულოს მივიწყებული რეცეპტებიც.
"ვეფხისტყაოსნის" თემატიკა სტრიტ-არტშიც იქნება წარმოდგენილი.
პარალელურად სპორტული ღონისძიებები გაიმართება.
ეროვნულ მუზეუმში მოეწყობა "ვეფხისტყაოსნის" მსოფლიოს 51 ენაზე ნათარგმნი გამოცემების გამოფენა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში გაიმართება ინტელექტუალური თამაში სახელწოდებით "ჩვენ ვკითხულობთ "ვეფხისტყაოსანს". რუსთაველის გამზირზე მოთავსდება ლაივ-სტუდიები და სპეციალური სტუდია, საიდანაც პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა "მოამბე" ეთერში გავა.
დამოუკიდებლობის დღის ზეიმი გალა-კონცერტით დასრულდება, რომელიც ვარდების მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება.