თბილისი, 18 მაისი — Sputnik. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ძირითადი თემატიკა დიდი რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
დამოუკიდებლობის დღეს მრავალი წელი სამხედრო აღლუმით აღნიშნავდნენ. 2012 წლიდან, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ამ ტრადიციაზე უარი თქვეს და უპირატესობა სახალხო სეირნობას მიანიჭეს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ძირითადი თემატიკა იქნება დაკავშირებული "ვეფხისტყაოსანთან", რაც, ვფიქრობთ, ძალიან კარგია ჩვენი ზეიმისთვის ახალი ელფერის შესაძენად, ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მომავალი თაობის იმ ფასეულობებზე გაზრდა, რომლებიც გენიალურ „ვეფხისტყაოსანშია".
დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება, აღნიშნა კვირიკაშვილმა. დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვები, ხოლო შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორნახევარი წელი იარსება.