თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟების სახელების მქონე საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.
ამგვარად, იუსტიციის სამინისტრო უერთდება განათლების სამინისტროს მასშტაბურ ღონისძიებას "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ", რომლის ძირითადი ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს — 26 მაისს გაიმართება.
"ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟების სახელებიდან ყველაზე პოპულარული საქართველოში ფრიდონი აღმოჩნდა. მულღაზანზარის მამაცი მეფის ნურადინ-ფრიდონის სახელს საქართველოში 46600 მამაკაცი ატარებს, ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შემდეგ მოდის ავთანდილისა (23500) და მისი მიჯნურის, თინათინის სახელი (20600).
ტარიელის სახელს საქართველოში 12300 მამაკაცი ატარებს. არც ისე პოპულარულია მისი მიჯნურის, ნესტან-დარეჯანის სახელი. საქართველოში სულ 13 ნესტან-დარეჯანი ცხოვრობს. თუმცა პოპულარულია სახელები დარეჯანი (14600) და ნესტანი (4300).
არაბეთის მეფე როსტევანის სახელს საქართველოში მხოლოდ 110 მამაკაცი ატარებს.
XII საუკუნეში დაწერილი "ვეფხისტყაოსანი" ქართული კულტურის უკვდავი ძეგლია. პოემა პირველად თბილისში 1712 წელს დაიბეჭდა. ამჟამად ის 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.
"ვეფხისტყაოსანი" — მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი დიდებული ძეგლია. ის ქართული ლიტერატურის განვითარებაზე დღემდე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს.