თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. თბილისში გაიხსნება "ქართველი შინდლერების", ანუ იმ ქართველების სახელობის პარკი, რომლებიც ჰოლოკოსტის წლებში რისკავდნენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად სიკვდილისგან იხსნეს როგორც ებრაელები, ისე საკუთარი თანამემამულეები.
მომავალი პარკის პროექტის პრეზენტაცია გუშინ ისრაელის სახლში გაიმართა. პარკი, სავარაუდოდ, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
პროექტის თანახმად, პარკში დაიდგმება მემორიალური ძეგლი იერუსალიმის ორი ქვისგან, რომელთაგან ერთზე ამოტვიფრული იქნება სერგი მეტრეველის სახელი, ხოლო მეორეზე — სხვა ქართველი "შინდლერების" — გრიგოლ ფერაძის, მიხეილ კედიასა და საბა კლდიაშვილის სახელები.
პროექტის პრეზენტაციაზე გაიმართა სერგი მეტრეველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
როგორც ღონისძიებაზე განაცხადეს, ქართველი შინდლერების სახელობის პარკი ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტში შევა.
"აღსანიშნავია, რომ სკვერში გაიხსნება მემორიალი, რომელიც ჰოლოკოსტის ტრაგედიას მიეძღვნება. დღეს მადლობას ვუხდით იმ ქართველებს — მიხეილ კედიას, სერგი მეტრეველსა და სხვებს, რომლებმაც, გადაჭარბების გარეშე, ათასობით ებრაელის სიცოცხლე გადაარჩინეს", — აღნიშნა პრეზენტაციაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.
"ამ ადგილის სანახავად მოვლენ არა მხოლოდ ისრაელიდან, არამედ მოვლენ ებრაელები მთელი მსოფლიოდან. ჩვენი აზრით, ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ის მნიშვნელოვანი ხიდია ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის", — განაცხადა "ისრაელის სახლის" თავმჯდომარემ იციკ მოშემ.
ქართველმა ემიგრანტებმა გერმანული სამხედრო ტყვეების ბანაკებიდან ათასობით ადამიანის გათავისუფლებაში დიდი როლი შეასრულეს. მათ შორისაა მიხეილ კედია — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) უშიშროების მინისტრის შვილი. როდესაც გერმანელებმა ოკუპირებულ პარიზში ოფიციალური ქართული წარმომადგენლობა გააუქმეს, აუცილებელი გახდა ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც ქართველი ემიგრანტების ინტერესების დაცვა შეეძლო. ეს მისია მიხეილ კედიას დაეკისრა.
ისრაელის იად ვა-შემის მემორიალური მუზეუმის მიერ სერგი მეტრეველი "მსოფლიო ხალხთა მართალ შვილად" ოფიციალურად არის აღიარებული. 1942 წლის აგვისტოში, როდესაც ჰიტლერის არმია კისლოვოდსკს მიუახლოვდა, მეტრეველმა რამდენიმე ებრაული ოჯახის გადარჩენა შეძლო — მას 16 დღე გადაჰყავდა დევნილთა ჯგუფი კავკასიის მთების ბილიკებით, რათა უსაფრთხო ადგილზე — მშობლიურ უწერაში გადაეყვანა.
საბა კლდიაშვილის სახელი, პირველ რიგში, 1905 წლის ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება. ერთ-ერთი ვერსიით, საბა შეუერთდა სასიკვდილოდ განწირული ებრაელების კოლონას, რომლებიც თორით ხელში სიკვდილით დასჯის ადგილისკენ მიდიოდნენ. ის სხვებს გადაეფარა და ამ დროს დაიღუპა. მეორე ვერსიით, კლდიაშვილი ჟანდარმების ტყვიამ იმ დროს იმსხვერპლა, როდესაც ებრაელების ოჯახი უკანა ეზოდან გამოჰყავდა, რათა დამრბევებისგან გადაერჩინა.
ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი მღვდელმსახურის, ფილოსოფოსისა და ისტორიკოსის გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა და გმირობის შესახებ. ის საქართველოდან ბერლინში სასწავლებლად 1921 წელს გაემგზავრა. მიიღო თეოლოგიური განათლება, ბონში შეისწავლა ფილოსოფია და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. გრიგოლმა იცოდა 12 უცხო ენა, კითხულობდა ლექციებს ბონსა და ოქსფორდში. წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გატანილი ქართული საგანძურის გადარჩენაში გრიგოლ ფერაძესაც დიდი წვლილი მიუძღვის.
მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ფაშისტებმა თითქმის მთელი ევროპა დაიპყრეს, შეიტყვეს, რომ საფრანგეთის ერთ-ერთ ბანკში ერთი პატარა ქვეყნის დიდი ქონება ინახებოდა. ამ ქონების შესაფასებლად მიიწვიეს მათ გრიგოლ ფერაძე, როგორც ცნობილი მეცნიერი და ექსპერტი. გრიგოლმა იფიქრა, საქართველოს ასეთი სიმდიდრის განადგურებას ჩემი სიკვდილი სჯობსო და ფაშისტებს განუცხადა, ეს ქონება არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, ის უბრალოდ ქართველებისთვისაა ძვირფასი, როგორც ეროვნული შემოქმედებაო. ფაშისტები ენდნენ გამოჩენილ მეცნიერს და განძზე ფიქრს თავი ანებეს.
გრიგოლი ხშირად იფარავდა ფაშისტების მიერ დევნილ ებრაელებს და მათ თავშესაფარსა და საკვებს აძლევდა. ამის გამო ის დააპატიმრეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გრიგოლ ფერაძე ამ ბანაკში გარდაიცვალა. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იხსენებდნენ, მას თავის თავზე აუღია დანაშაული, რომლისთვისაც ერთი მრავალშვილიანი ებრაელი უნდა გაეგუდათ და გაზის კამერაში მის ნაცვლად თვითონ შევიდა. ქართულმა ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა.
ოსკარ შინდლერი გერმანელი მეწარმე იყო, რომელმაც ჰოლოკოსტის დროს თითქმის 1200 ებრაელი გადაარჩინა. ის ებრაელებს თავის ქარხნებში პოლონეთსა და ჩეხეთში სამუშაოს სთავაზობდა. მისი ისტორია დაედო საფუძვლად წიგნსა და მასზე დაფუძნებულ ფილმს "შინდლერის სია".