„ისრაელი ჩვენთვის დედაა, საქართველო კი – დედა, რომელმაც ძუძუ გვაწოვა“

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსინაგოგა
სინაგოგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის ახალი პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ ებრაელთა დიასპორის შესახებ მულტიმედიური მასალით იხსნება, რომლის ისტორიაც საქართველოში 26 საუკუნეს ითვლის.

შეიძლება წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა მსოფლიოში, ებრაელები რომ არ ყოფილიყვნენ და ჰიტლერის მტარვალი გეგმები რომ ასრულებულიყო? მსოფლიო ალბერტ აინშტაინის, ფრანკ კაფკას, ჩარლი ჩაპლინისა და არკადი რაიკინის, ზიგმუნდ ფროიდისა და მიხეილ ბოტვინიკის გარეშე… და ებრაელი ხალხის სხვა მრავალი სასახელო შვილის გარეშე, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ცივილიზაციაში.
როგორც შეუძლებელია სამყაროს ებრაელების გარეშე წარმოდგენა, ისე შეუძლებელია საქართველოს წარმოდგენა ებრაელების გარეშე. მრავალეროვანი ქვეყანა, რომელშიც ებრაელები თითქმის ყოველთვის ცხოვრობდნენ. ორი წლის წინ საქართველოში ქართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვანი მეგობრობა ზარ-ზეიმით აღინიშნა.

© Levan Avlabreliებრაელები საქართველოში. სინაგოგა
ებრაელები საქართველოში. სინაგოგა - Sputnik საქართველო
ებრაელები საქართველოში. სინაგოგა

ერთად მწუხარებასა და სიხარულში
  ისტორიული საქმეები მაშინ არ მთავრდება, როდესაც ის დასრულდა, არამედ მაშინ, როდესაც ის თაობების მონაპოვრად იქცევა".   

                                                                         შტეფან ცვაიგი, (ებრაული წარმოშობის) მწერალი

"რატომ არ წავედი ისრაელში"    

საინტერესოა, რომ ისრაელში რეპატრიანტებს – ებრაელებს საქართველოდან ებრაელებს კი არა, ქართველებს უწოდებენ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები წარმოშობით ებრაელები არიან, მაგრამ მენტალიტეტით, ქცევით, ცხოვრების სტილით იმდენად გვანან ქართველებს, რომ მათ ყოფაში ქართველებს ეძახიან.

ვინ არიან ისინი, ქართველი ებრაელები საქართველოში, რომლებიც არ წავიდნენ ისრაელში და აქ დარჩნენ საცხოვრებლად? ამჟამად საქართველოში დაახლოებით 5 ათასი ებრაელია. მათი უმეტესობა თბილისში ცხოვრობს. შევხვდი ერთ-ერთ „ტიპურ“ (თბილისის სინაგოგის წარმომადგენლების თქმით) ქართველ ებრაელს იოსებ აჯიაშვილს. იოსები წარმოშობით მარტვილის რაიონის სოფელ ბანძიდან არის.

თითქმის მთელი ცხოვრება მან თბილისში გაატარა. ის ასაკოვანი ადამიანია, საკუთარ თემში პატივს სცემენ, მორწმუნეა, როგორც თითქმის ყველა ებრაელი.

© Levan Avlabreliებრაელები საქართველოში. იოსებ აჯიაშვილი
ებრაელები საქართველოში. იოსებ აჯიაშვილი - Sputnik საქართველო
ებრაელები საქართველოში. იოსებ აჯიაშვილი

რატომ არ წავედი ისრაელში? კითხვას ხმამაღლა იმეორებს იოსებ აჯიაშვილი და ჩაფიქრდება, იხსენებს. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემი თანამოსაუბრე თხრობას იწყებს:

ქართველი ცოლი მყავს. მას ხუთი და-ძმა ჰყავს, მეც ხუთი და-ძმა მყავდა, რომლებიც ისრაელში წავიდნენ. მაშინ, როდესაც ჩემებმა საქართველო დატოვეს, მათ არ ჰქონდათ არანაირი გარანტია და იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი უზრუნველყოფილი ექნებოდათ.

ენის არცოდნა, მენტალიტეტი, ყოფითი სირთულეები — ამას თითოეული მიგრანტი აწყდება. ისრაელში ცხოვრება ნულიდან უნდა დაგეწყო. და საქართველოში დაბრუნებაც უკვე შეუძლებელი იყო, წასვლისას ხომ ხელს აწერდნენ ქაღალდებს, სადაც ადასტურებდნენ, რომ საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდებოდნენ.

ჩემი ცოლისთვის პირდაპირ არ მიკითხავს, უნდოდა თუ არა ისრაელში გადასვლა. ამის სურვილი რომ ჰქონოდა, თვითონ მეტყოდა. მესმოდა, რომ თავისიანების დატოვება არ სურდა. გადასვლის ყველა ადამიანს ეშინია. ჩვენ ნამდვილად გვიყვარდა ერთმანეთი. ერთ-ერთ ჩვენგანს ამ საკითხში მეორისთვის უნდა დაეთმო. და გადავწყვიტე, რომ ეს მე უნდა გამეკეთებინა. ასე დარჩა ჩვენი ოჯახი აქ. საქართველო ჩვენი სახლია. რა თქმა უნდა, ჩემები მენატრებოდნენ…

© Alexander Imedashviliებრაელთა რესტორანი "იერუსალიმი" - ძველი თბილისი
ებრაელთა რესტორანი იერუსალიმი - ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
ებრაელთა რესტორანი "იერუსალიმი" - ძველი თბილისი

ბაბუისა და მისი საცხობის შესახებ

ხშირად მახსენდება ისტორია, რომელსაც ბავშვობაში მიყვებოდნენ, განაგრძობს იოსებ აჯიაშვილი. ამაზე მარტო ჩვენ ოჯახში კი არა, მთელ ბანძაში ჰყვებოდნენ. ესაა ისტორია ბაბუაჩემ მანუაჰზე.

ასი წლის წინ ჩემ სოფელში დიდი სახლები, გათბობა, ელექტრობა არ იყო. სოფელში ყველას პატარა ხის სახლი ჰქონდა, ქოხივით. ერთ წელს უჩვეულოდ დიდი თოვლი მოსულა, რის გამოც წყლის წისქვილი გაჩერდა. სოფლის მოსახლეობა თავის მარცვლეულს ვეღარ ფქვავდა, პური რომ გამოეცხო. მაშინ ფული ყველას არ ჰქონდა, რომ მზა პროდუქტი ეყიდა. სოფელს შიმშილი ელოდებოდა.

ბაბუაჩემს სოფელში პატივს სცემდნენ. მას საცხობი და ფქვილის დიდი მარაგი ჰქონდა. მეორე დღეს, დილაადრიან ის სალოცავად არა სინაგოგაში, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებდა, არამედ ქრისტიანულ ეკლესიაში წავიდა. იქ ეს ყველას გაუკვირდა და დიდი პატივით მიიღეს.

© Levan Avlabreliებრაელები საქართველოში
ებრაელები საქართველოში - Sputnik საქართველო
ებრაელები საქართველოში

ბაბუაჩემმა მღვდელს სთხოვა, წირვის დროს გამოეცხადებინა, რომ იმის მიუხედავად, ჰქონდათ თუ არა ფული, ხალხი პურისთვის მასთან საცხობში მისულიყო.

თუ ვინმეს ფულის გადახდა არ შეუძლია, თქვა მან, მოიტანოს ყველი, კვერცხი ან სხვა პროდუქტი. ვისაც ესეც არ შეუძლია, არაფერია საშიში, წაიღოს პური ისე, მერე გავსწორდებით. მთავარია, სოფელში ცოდვა არ ჩაიდინოს არავინ, არავინ მოკვდეს შიმშილით, არავინ იქურდოს, უთქვამს ბაბუაჩემს. ის ძალიან ბრძნულად მოიქცა, დაეხმარა ადამიანებს და ამით თავისი კეთილი სახელი შეინარჩუნა.

სიძნელეების ჟამს

ერთ საღამოს სატელევიზიო გადაცემას ვუყურებდი აფხაზეთის მოვლენების შესახებ. სექტემბერი თუ ოქტომბერი იყო, ზამთარი ახლოვდებოდა. დევნილები… ყველას თან ის მოჰქონდა, რისი წამოღებაც შეეძლო. ვიღაცას – ტანსაცმლიანი ჩემოდანი, ნივთებით სავსე ყუთი, ვიღაცას – მხოლოდ ბავშვები.

წარმოიდგინეთ, ხსნის ადამიანი ჩემოდანს, იქიდან ყველაფერს ყრის და იქ… თავის ბავშვს სვამს. გზაში ბავშვი დაეღუპა… ბავშვის ცხედრის გადმოსაყვანად და მის დასამარხად იმ ოჯახს სხვა საშუალება არ ჰქონდა. ტელევიზორში ამ ისტორიაზე ჰყვებოდნენ.

ამან ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადავწყვიტე, აფხაზეთისკენ წავსულიყავი და ადამიანებს, რითიც შემეძლო, დავხმარებოდი. სატვირთო ავტომობილი მყავდა, „კამაზი“. მას ჩემი თანაშემწე ქართველი ბიჭი მართავდა.

პირველ რიგში სინაგოგაში მივედი და ნებართვა ვითხოვე, რომ ეს ებრაული თემის სახელით გამეკეთებინა. იქ ამას სიხარულით შეხვდნენ და მოიწონეს. მთავრობამ იქ წასვლაზე ოფიციალური ნებართვა მოგვცა. ჩვენც წავედით.

იქ, ჭუბერის უღელტეხილზე ძალზე მძიმე სურათი იყო. ბავშვები, უფროსები თავისი ნივთებით, ყვირილი, ტირილი… ყველა ელოდებოდა, რომ ვინმე მიაკითხავდა, უნდოდათ, როგორმე ქუთაისამდე ჩაეღწიათ, მოკლედ, შემზარავი სურათი იყო. ყველა „კამაზისკენ“ იწევდა მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მოუხერხებელია, ეს ხომ სატვირთო მანქანაა. და ამ კოშმარში დაახლოებით ორი კვირა დავყავით.
მახსოვს, იქ, უღელტეხილზე ბევრი ოფიციალური პირი იყო, მაღალჩინოსნები. შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ დემურ მიქაძემ გვკითხა, რატომ ჩავედით და, საერთოდ, იქ რა გვინდოდა. ვუპასუხე. მისი სიტყვები დამამახსოვრდა: „ვიცი საქართველოს ისტორია, ვიცი, ებრაელები ქართველებთან ყოველთვის მეგობრობდნენ. ერთად იყვნენ მწუხარებაშიც და სიხარულშიც“…

როდის გამოჩნდნენ  ებრაელები საქართველოში

                                                                                                                                                                          „ნაციონალიზმი ნაძირალის უკანასკნელი ნავსაყუდარია“
                                                                                                                                                                               კარლ მარქსი, ფილოსოფოსი (წარმოშობით ებრაელი)

ებრაელების ჩამოსახლება საქართველოში

ებრაელები საქართველოში ოდიდანვე ცხოვრობდნენ. ქართული ისტორიული მეცნიერების თანახმად, ებრაელი მოსახლეობის პირველი მრავალრიცხოვანი ჯგუფები საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 2,5 ათასი წლის წინ გამოჩნდნენ.

© Levan Avlabreli ებრაელები საქართველოში. ებრაული კულტურის მუზეუმი
ებრაელები საქართველოში. ებრაული კულტურის მუზეუმი - Sputnik საქართველო
ებრაელები საქართველოში. ებრაული კულტურის მუზეუმი

ითვლება, რომ ისინი საქართველოში ჩამოსახლდნენ მას მერე, რაც ახალი ბაბილონის სამეფოს მმართველმა — ნაბუქოდონოსორმა (სავარაუდოდ, ძველი წელთაღრიცხვის 586 წ.) იერუსალიმი დაიპყრო. მოგვიანებით ებრაელები საქართველოში გადმოსახლდნენ არა მხოლოდ ისტორიული სამშობლოდან, არამედ მეზობელ ქვეყნებიდანაც (ბიზანტია, რუსეთი, თურქეთი) — დევნისა და ანტისემიტიზმის გაძლიერების პერიოდში.

„თანდათანობით ებრაელები ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში გაიფანტნენ. მოხდა მათი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში, მათ სრულად გაიზიარეს ქართველი ხალხის ისტორიული ბედის  ავკარგიანობა“, — გვიამბო დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორმა, პროფესორმა გივი ღამბაშიძემ.

წმინდა სიდონია, რომელიც ქართული ეკლესიის წმინდანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნებაა, წარმოშობით ებრაელი იყო. გადმოცემის თანახმად, მისი ძმა, ებრაელი ელიოზ მცხეთელი იერუსალიმში გაემგზავრა და უფლის კვართი ჩამოიტანა.

უძვირფასესი რელიკვიის დანახვისას სიდონიამ გამოსტაცა იგი თავის ძმას, გულში ჩაიკრა და ამ კვართით ხელში გარდაიცვალა. სიდონია საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტაძარში — სვეტიცხოველში კვართთან ერთად დაკრძალეს.

ლეგენდა გვიამბობს, რომ ქართული სამეფო სახლის წარმომადგენლები — ბაგრატიონები დავითის გვარიდან მოდიან. ისინი იოსების ძმის (იაკობის მოდგმის) შთამომავლები არიან, რომლებიც კავკასიაში პალესტინიდან გადმოვიდნენ. ასე აღმოჩნდნენ ქართლში, სადაც დროთა განმავლობაში მმართველ გვარადაც ჩამოყალიბდნენ. ბაგრატიონების დიდების ისტორია კარგადაა ცნობილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

© РИА Новостиპეტრე ბაგრატიონის პორტრეტი
პეტრე ბაგრატიონის პორტრეტი - Sputnik საქართველო
პეტრე ბაგრატიონის პორტრეტი

საკმარისია გავიხსენოთ გენერალი პეტრე ბაგრატიონი (ქართული სამეფო სახლის წარმომადგენელი), რუსული არმიის ერთ-ერთი მთავარსარდალი, რომელიც ბოროდინოს ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. მას ყველა დროის საუკეთესო სარდალი — ნაპოლეონი ძალზე სერიოზულ და 1812 წლის სამხედრო კამპანიაში თავის ყველაზე საშიშ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა.

მარკო პოლო და ტფილისი
საქვეყნოდ ცნობილი მოგზაური მარკო პოლო, რომელიც თბილისს 1272 წელს (მონღოლების მპყრობელობის პერიოდში) ესტუმრა, იუწყებოდა, რომ აქ ძალიან ცოტა ებრაელი დახვდა. ებრაელთა ნაწილი აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოდან (სადაც მონღოლების ბატონობა იყო დამყარებული) გადასახლდა დასავლეთ საქართველოში, რომელმაც იმ დროისთვის დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. სწორედ იქ იქმნებოდა ებრაელთა ახალი თემები. მაგალითად, მე-14 საუკუნის წყაროებში ნახსენებია ებრაელთა თემი შავი ზღვის პირას, ქალაქ გაგრაში, რომელსაც სათავეში რაბი იოსებ ატ-ტფილისი ედგა.

საქართველოში დასახლების პირველ საუკუნეებში ებრაელები, ძირითადად, ვაჭრობითა და სხვადასხვა ხელოსნობით იყვნენ დაკავებული. ამ დიასპორის წარმომადგენელთა საკუთრებაში მრავალი კუსტარული სახელოსნო და სავაჭრო წერტილი იყო.

© Levan Avlabreliებრაელები საქართველოში. ებრაული კულტურის მუზეუმი
ებრაელები საქართველოში. ებრაული კულტურის მუზეუმი - Sputnik საქართველო
ებრაელები საქართველოში. ებრაული კულტურის მუზეუმი

თუ თვალს წარსულს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ებრაელები ეკონომიკურ სფეროში ცდილობდნენ, ასე ვთქვათ, „ბაზრის ცარიელი ნიშის“ დაკავებას, ცდილობდნენ ადგილობრივ მოვაჭრეებთან და მწარმოებლებთან პირდაპირ კონკურენციაში არ შესულიყვნენ, მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონოდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მშვენივრად ახერხებდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საერთო ენის გამონახვას, უფრო მეტიც — საკმაოდ ლოიალური და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას.  

„ვერ გაიგებ, სად ქართველია და სად ებრაელი“

საინტერესოა, რომ საქართველოში ბევრი ერთნაირი ქართული და ებრაული გვარია, რაც ამ ხალხების მრავალსაუკუნოვან თანაცხოვრებაზე მიუთითებს. ებრაელები საქართველოში იმ დროს დასახლდნენ, როცა გვარები ჯერ კიდევ არ იყო. ებრაული გვარების წარმომავლობაც იმავე პრინციპებს ეფუძნება, როგორსაც ქართული.

ამიტომ ქართველი ებრაელების გვარებს, გარეგნული მსგავსების გარდა, ქართული შინაარსიც აქვს. ხანდახან ვერ გაიგებ, სად ქართველია და სად — ებრაელი. სხვათა შორის, საქართველოში ძალიან ცოტა შემთხვევაა, რომ ებრაელმა გვარი გამოიცვალოს.

მიუხედავად იმისა, რომ ებრაელებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საკუთარი ტრადიციები აქვთ, მათ მაინც უფრო მეტი საერთო აქვთ. ქართული ენა და მენტალიტეტი ქართველ ებრაელებს საზღვარგარეთაც აერთიანებს. ისრაელში ამჟამად პრაქტიკულად ყველა ქალაქშია „ქართული სინაგოგა“.

© Levan Avlabreliებრაელები საქართველოში. ებრაული კულტურის მუზეუმი
ებრაელები საქართველოში. ებრაული კულტურის მუზეუმი - Sputnik საქართველო
ებრაელები საქართველოში. ებრაული კულტურის მუზეუმი

საბჭოთა დროსაც კი მოსკოვის დიდ, ცენტრალურ სინაგოგაში ცალკე ოთახი იყო, რომელიც მხოლოდ ქართველებს ემსახურებოდა. მაშინ ქართული თემი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო და სხვა რესპუბლიკების თემებს მატერიალურად ეხმარებოდა. დღეს ქართველი ებრაელების ძალიან დიდი თემია რუსეთში, მაგალითად, მოსკოვში ოთხი „ქართული სინაგოგა“ მოქმედებს.

დევნა, დარბევა, ანტისემიტიზმი

სხვადასხვა ქვეყანაში ანტისემიტიზმს სხვადასხვა საფუძველი ჰქონდა. ამისთვის სულ განსხვავებულ, ხშირად შეუთავსებელ მიზეზებს იგონებდნენ. ებრაელები სძულდათ იმიტომ, რომ ისინი ძალიან მდიდრები ან ძალიან ღარიბები არიან, ან ძალიან ბევრს მუშაობენ, ან ზარმაცები არიან, ან რევოლუციონერების ან კონტრრევოლუციონერების მხარდამჭერი არიან…

მოკლედ, ათას მიზეზს პოულობდნენ, თანაც, რაც საინტერესოა, მიზეზები ხშირად ურთიერთგამომრიცხავი იყო. როგორ იყო ამ მხრივ ვითარება საქართველოში? ისტორიულმა ფესვებმა, ქართველებისა და ებრაელების მრავალსაუკუნოვანმა თანაცხოვრებამ და ქართულმა ისტორიულმა ტოლერანტობამ განაპირობა, რომ საქართველოში ანტისემიტიზმი არასდროს ყოფილა, განაცხადა საუბრის დასასრულს მუზეუმის დირექტორმა გივი ღამბაშიძემ.

ებრაელები აქ ყოველთვის სრულფასოვნად ცხოვრობდნენ. ბევრმა შეიტანა საკუთარი ღირსეული და შესაბამისი წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში, კულტურაში. შეიძლება დავასახელოთ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც არიან თამარ გვერდწითელი, ბიზნესმენები ბადრი პატარკაციშვილი და თეიმურაზ სეფიაშვილი და მრავალი სხვა.

მათ საკუთარი იდენტობა და ეროვნული დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს

„თავშეყრის სახლი“

საქართველოში ებრაელთა ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული ძირძველ მოსახლეობასთან. და, მაინც, მათ შეინარჩუნეს საკუთარი იდენტობა, თავისებურებები და ეროვნული ხასიათი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ებრაელთა დიასპორის ცხოვრების ცენტრი ყოველთვის იყო და იქნება სინაგოგა.

© Levan Avlabreli ებრაელები საქართველოში. სინაგოგა
 ებრაელები საქართველოში. სინაგოგა - Sputnik საქართველო
ებრაელები საქართველოში. სინაგოგა

სინაგოგა ივრითის ენაზე გამოითქმის როგორც „ბეით ქნესეთი“, რაც „თავშეყრის სახლს“ ნიშნავს. სინაგოგებს, როგორც წესი, ისე აგებენ, რომ შენობის ფასადი ისრაელის და, თუ ეს შესაძლებელია, იერუსალიმის მხარეს იყოს მიმართული. ებრაელები ხომ პლანეტის ნებისმიერ ადგილზე ლოცულობენ და სახე მათი მთავარი წმინდანისკენ უნდა ჰქონდეთ მიმართული.

შაბათი მორწმუნეთა ცხოვრებაში

მორწმუნეთათვის კვირის ერთი დღე ღმერთს ეკუთვნის. ამ დღეს ადამიანმა ღმერთზე, მშვიდობაზე, საკუთარ თავზე უნდა იფიქროს: რა გააკეთა, როგორ მოიქცა; როგორ იპოვოს ღვთის გზა, როგორ შეასრულოს 10 მცნება და ა.შ. შაბათს მუშაობა აკრძალულია. არა მარტო შაბათს, არამედ ბევრ ებრაულ დღესასწაულზე მუშაობა არ შეიძლება.

„ბევრი ადამიანი ვიცი, რომელთა შორს ახალგაზრდებიც არიან, რომლებიც არაებრაულ ორგანიზაციებში არიან დასაქმებული. როდესაც მათ სამსახურს სთავაზობენ, ისინი პირობებს აყენებენ: პარასკევს მათი სამუშაო დღე ადრე უნდა დამთავრდეს. იქ, სადაც მათ ამ პირობებზე არ თანხმდებიან, ახალგაზრდები სამსახურზე უარს ამბობენ. ბევრი სტუდენტი ვიცი, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უნივერსიტეტებში იგივე პირობებით და ლექტორები მათ პირობებს თანხმდებიან“, — განაცხადა თბილისის დიდი სინაგოგის რაბინმა ბენციონ ისრაელაშვილმა.

© Levan Avlabreliებრაელები საქართველოში. ებრაული კულტურის ცენტრი
ებრაელები საქართველოში. ებრაული კულტურის ცენტრი - Sputnik საქართველო
ებრაელები საქართველოში. ებრაული კულტურის ცენტრი

წელს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები შაბათ დღეს ჩატარდა. გამოცდები ამ დღეს იყო დაგეგმილი ებრაულ სკოლაშიც. ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ სამინისტროს და თანხმობა მივიღეთ, რომ გამოცდები კვირას ჩატარებულიყო, აღნიშნა ისრაელაშვილმა.

სინაგოგას დახმარებისთვის ერთმა ებრაულმა ოჯახმა მიმართა, რომელთა შვილიც ერთ-ერთ ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდა. და, რა თქმა უნდა, სკოლის გამოცდების ჩაბარება მას შაბათ დღეს უწევდა.

სინაგოგიდან განათლების სამინისტროში წერილი კვლავ გავგზავნეთ და ვთხოვეთ ნებართვა, რომ ეს ბიჭი ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან ერთად კვირას გასულიყო გამოცდებზე. ამ ბიჭსაც ნება დართეს. საქართველოს მთავრობა ასეთ საკითხებში ყოველთვის დათმობაზე მოდის და ამ სფეროში პრობლემებს არ ქმნის, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს.

© Levan Avlabreliებრაელები საქართველოში. სინაგოგა
ებრაელები საქართველოში. სინაგოგა - Sputnik საქართველო
ებრაელები საქართველოში. სინაგოგა

ქაშრუტი, ანუ კანონები კვების წესების შესახებ

თბილისში ორი მაღაზია ფუნქციონირებს, სადაც ქაშერული ხორცი იყიდება. არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც სოფელში მიდის და სპეციალური ხერხით ჭრის პირუტყვს. იქვე ხდება ლეშის დამუშავება. ქაშერულ თევზში რამდენიმე განსაკუთრებული სახეობა იგულისხმება, მისი ყიდვა, პრაქტიკულად, ყველგან შეიძლება. პრობლემა არ არის ხილთან და ბოსტნეულთან მიმართებით.

ადრე მაცას სინაგოგის საცხობში აცხობდნენ, ბოლო წლებში კი ქაშერული ფქვილის მოძიება რთული გახდა და ამიტომ მაცა ისრაელიდან შემოაქვთ. ზოგჯერ ბავშვთა ტკბილეულთან დაკავშირებით პრობლემები ჩნდება. საქართველოში ძალზე ცოტაა ისეთი ებრაელი, რომლებიც ქაშერულ საკვებს არ იყენებს. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ადამიანებს „მოდუნების“ საშუალებაც მივცეთ, მაგალითად, რძის პროდუქტებით, ეს თავად ადამიანზეა დამოკიდებული.

© Levan Avlabreliებრაული რესტორანი
ებრაული რესტორანი - Sputnik საქართველო
ებრაული რესტორანი

ზოგიერთი პროდუქტი ისრაელიდან შემოგვაქვს. ზოგჯერ პროდუქტს გვართმევენ, უფრო ხშირად კი გვიფორმებენ ყველაფერს, გვეხმარებიან და შედიან ჩვენ მდგომარეობაში. პირადად მქონდა ასეთი ისტორია, როდესაც პროდუქტები უნდა ჩამოერთმიათ, ყველა შესაბამისი დოკუმენტები გააფორმეს და ამ დროს უფროსი მოდის და მეკითხება: ეს ქაშერული პროდუქტებია? და როდესაც დადებითი პასუხი გავეცი, გამოგვატანა ისე, რომ პროდუქტების კონფისკაცია არ მოუხდენია.

სინაგოგა და სხვა ორგანიზაციები

სინაგოგა არა მარტო საზოგადოებრივი ღვთისმსახურების ადგილია, არამედ ებრაელთა რელიგიური ცხოვრების გულიც. მას ფართო ფუნქცია აქვს. ხშირად სინაგოგებში საგანმანათლებლო დაწესებულებები ფუნქციონირებს. თბილისში მრავალი წელია მოქმედებს ებრაული სახლი, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებს აერთიანებს.

© Levan Avlabreliებრაელები საქართველოში. ებრაული კულტურის ცენტრი
ებრაელები საქართველოში. ებრაული კულტურის ცენტრი - Sputnik საქართველო
ებრაელები საქართველოში. ებრაული კულტურის ცენტრი

თბილისში დიასპორებისთვის სპეციალური ბიბლიოთეკა, საკვირაო სკოლები, ებრაული სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც განათლების სამინისტროს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს ჩვეულებრივი სკოლაა, ყველა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. სასკოლო პროგრამასთან ერთად ბავშვები ივრითს, თორს და ისრაელის ისტორიას სწავლობენ.

საქართველოში ებრაელთა სააგენტოსა და ჯოინთას — ებრაელთა მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლობები არსებობს. თბილისში ისრაელის საელჩო 1992 წლის ივნისში გაიხსნა. ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები დამკვიდრდა, მოქმედებს უვიზო რეჟიმი.

ყველა ახალი ამბავი
0