წელს საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 41 200 აბიტურიენტი. მათ უმაღლესი სასწავლებლები და ფაკულტეტები აირჩიეს, თუმცა 20 მაისამდე არჩევანის შეცვლის უფლება აქვთ.
"Sputnik საქართველო" დეტალურად გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროთ და როგორ უნდა მოიქცნენ აბიტურიენტები გამოცდების დროს.
ჩასაბარებელი გამოცდები
აბიტურიენტი აბარებს 4 გამოცდას – აქედან 3 სავალდებულო საგანს (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, ერთ-ერთი უცხო ენა) და 1 არჩევითს შემდეგი საგნებიდან: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
შეუძლია თუ არა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება ქართულის გარდა სხვა ენაზე?
აბიტურიენტს უფლება აქვს ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და ქიმიის გამოცდა ჩააბაროს რუსულ ენაზე. მათემატიკისა და ქიმის გამოცდა შესაძლებელი როგორც რუსულ, ისე ინგლისურ ენაზე.
ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ოსურ და აფხაზურ ენებზე.
სად მიიღებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათებს
აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების მიღებას გამოცდებისა და შეფასებების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ შეძლებენ — ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე პირადი გვერდიდან ამობეჭდავენ. ბარათი შეიცავს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციას და ასევე მისი მფლობელის პირად მონაცემებს.
ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრი, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო. საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად აბიტურიენტმა უნდა იქონიოს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე გამოცხადებისას?
აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი, პირადობის მოწმობა და კალამი — ეს ის საგნებია, რომლებიც მერხზე შეიძლება იდოს. აბიტურიენტს ასევე შეუძლია თან იქონიოს წყალი (პლასტმასის ბოთლით), ასევე პირადი ჰიგიენის საგნები — ეს ნივთები მხოლოდ იატაკზე შეიძლება დაიდოს.
როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი?
აბიტურიენტი ცხადდება ბარათზე მითითებულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში. აბიტურიენტი მიიღებს პასუხების ფურცელს და ფურცელს შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდით გათვალისწინებულ დამხმარე მასალას (მაგ. რუკა, მენდელეევის ტაბულა).
საგამოცდო ფურცლებზე არ უნდა იყოს მითითებული აბიტურიენტის სახელი და გვარი, მის ნაცვლად ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს აბიტურიენტმა პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება, რომელიც არ ეხება ტესტს.
ყველა საგამოცდო სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა, ჩაიწერება მთელი საგამოცდო პროცესი და შეიქმნება ვიდეოარქივი.
საგამოცდო დროის ამოწურვისას აბიტურიენტი დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს და ხელს აწერს.
ყველა პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შესამოწმებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
თუ აბიტურიენტის უფლებები დაირღვა
აბიტურიენტმა გამოცდის დღის 21:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართოს იმ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას, სადაც ჩააბარა გამოცდა. განცხადება საპრეტენზიო კომისიას გადაეცემა არაუგვიანეს მომდევნო დღისა და განიხილება ხუთი დღის ვადაში. პასუხს განმცხადებელი გადაწყვეტილების მიღებიდან ოთხი დღის ვადაში შეიტყობს.
განაცხადის შევსების უფლება აქვს მხოლოდ აბიტურიენტს. საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით (ერთი საგნისათვის).
რა შემთხვევაში არ გასწორდება აბიტურიენტთა ნამუშევრები?
ნაშრომი არ გასწორდება, თუ: პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან. ნამუშევრები არ გასწორდება ასევე იმ შემთხვევაში, თუ შტრიხ-კოდი იქნება დაზიანებული ან გაფერადებული, ანდა აბიტურიენტი გამოცდაზე ქცევის დადგენილ წესებს დაარღვევს.
გამოცდაზე მოქცევის წესები
აბიტურიენტი არ დაიშვება გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, რომელიც გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე იწყება.
აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან, ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. "შპარგალკის", მობილური ტელეფონის, პლანშეტის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს).
აბიტურიენტი მოიხსნება გამოცდიდან იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს.
წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში ის ასევე მოიხსნება გამოცდიდან.
ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი გამოცდიდან მოხსნის აბიტურიენტს.
გამოცდის დაწყებამდე დამკვირვებელი აბიტურიენტებს გააცნობს წესებს, რომლებიც უნდა დაიცვან საგამოცდო პროცესში.
აბიტურიენტი დამკვირვებელს ხელის აწევით უნდა მიმართოს. გამოცდის მიმდინარეობისას აკრძალულია აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება, ერთმანეთის დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება.
გამოცდის დასრულებამდე ათი წუთით ადრე აბიტურიენტებს შეახსენებენ, რომ დრო იწურება და უნდა აჩქარდნენ.
საგამოცდო პროცესის დროს საგამოცდო სექტორის დატოვება შესაძლებელი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და ისიც მხოლოდ ექიმის და დამკვირვებლის თანხლებით.
საგამოცდო დრო უხანგრძლივდებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც სამედიცინო ცნობით დადასტურებული დარღვევები აღენიშნებათ.
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა დროზე ადრე დაასრულა ნამუშევარი, მან უნდა აწიოს ხელი და დამკვირვებელს პასუხების ფურცელი ჩააბაროს.
სად და როგორ არის შესაძლებელი გამოცდების პირველადი შედეგების გაგება
გასწორების პროცესის დასრულების შემდგომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები. ყველა აბიტურიენტი ნახავს თავის უკვე გასწორებულ ტესტებს. ვებგვერდის საძიებო ველში აბიტურიენტმა საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა მიუთითოს.
აბიტურიენტები შედეგების ნახვას სმს-შეტყობინებითაც შეძლებენ, თუ თავის საიდენტიფიკაციო კოდს 93333 ნომერზე გააგზავნიან (ერთი სმს-შეტყობინების ღირებულება — 0,5 ლარი).
ამჟამად საქართველოში შესაძლებელია 100%, 70% ან 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მიღება.
სახელმწოფო გრანტისა და ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აბიტურიენტი ცენტრის ვებ-გვერდზე ან ზემოაღნიშნულ ნომერზე სმს-შეტყობინების დახმარებით შეძლებს.