თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“ (NAEC) ყველა აბიტურიენტს ახალ პროექტში goNaec-ში ჩართვას სთავაზობს.
პროექტი აბიტურიენტთა და მათი მშობლების თხოვნით შეიქმნა და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.
მაგალითად, პროექტი BeNaec GeCat ცენტრის ვებ-გვერდზე ონლაინ–ტესტირებას ითვალისწინებს საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენა, ისტორია. ეს სკოლების კურსდამთავრებულთათვის გამოცდების ერთგვარი „რეპეტიციაა“.
ერთ საგანში ტესტირების გავლა მონაწილეებს მაქსიმუმ სამჯერ შეუძლიათ. ერთი ტესტირების ღირებულება — 10 ლარია.
პროექტი @Naec აბიტურიენტებსა და მაგისტრატურაში ჩაბარების კანდიდატებს ე.წ. დიაგნოსტიკურ ტესტირებას სთავაზობს. ეს ზოგადი უნარებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის სრული იმიტაციაა, რომელიც „საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში“ ჩატარდება.
სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში მონაწილეები ტესტირებას ყველა არსებული საგამოცდო პროცედურის დაცვით გაივლიან. პროექტში მონაწილეთა რეგისტრაცია 27 მარტიდან დაიწყება.
ტესტირებისთვის სრულიად ახალი დავალებები იქნება გამოყენებული, ხოლო შედეგების ნახვას მონაწილეები ტესტირების დასრულებისთანავე შეძლებენ.