მოლოდინი გამართლდა!… თქვენი არ ვიცი და მე კი, ვვარაუდობდი, რომ რომ 16 აპრილს, თურქეთში გამართულ რეფერენდუმზე მოქმედი პრეზიდენტის ინიციატივა მხარდაჭერას მოიპოვებდა. მკითხველს შევახსენებ, რომ თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ძირითად კანონში სულ თვრამეტი ცვლილების შეტანას გულისხმობს. საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას ითვალისწინებს. პრეზიდენტს ექნება ძლიერი ბერკეტები — მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, აკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება და გამოსცეს კანონის ძალის მქონე განკარგულებები. რეფორმის შედეგად გაუქმდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ხოლო საპარლამენტო მანდატების რაოდენობა 550-დან 600-მდე გაიზრდება. რეფერენდუმში მონაწილეთა აზრი, პრაქტიკულად ორ თანაბარ ნაწილად გაიყო,საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე მხოლო 51,4 პროცენტი აღმოჩნდა. საგულისხმოა, რომ თურქეთის სამ უდიდეს ქალაქში — სტამბულში, ანკარასა და იზმირში რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. მმართველი პოლიტიკური ელიტისთვის სასურველი შედეგი ამომრჩეველთა რეგიონებში მხარდაჭერამ განაპირობა. მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ რეფერენდუმის შედეგს არ ენდობა, არ აღიარებს და საპროტესტო აქციებს მართავს.
ერთი სიტყვით რეფერენდუმის შედეგი ცნობილია და ახლა ჩვენი ექსპერტ-ანალიტიკოსები
შედეგის შედეგზე ფიქრობენ. კეთდება კომენტარები, რომელთა ავტორებიც ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტის ძალაუფლების დაუბალანსებლად გაძლიერებით თურქეთი დაშორდება დემოკრატიულ მმართველობას… რა პროცესებია მოსალოდნელი უახლოეს მომავალში და რა გავლენა ექნება რეფერენდუმის შედეგს თურქეთის ურთიერთობებზე რეგიონის ქვეყნებთან და ევროპულ სახელმწიფოებთან…
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: „თუ თურქეთმა საბოლოოდ შეაქცია ზურგი დემოკრატიასა და დასავლურ ფასეულობებს, შესაძლოა, იმპერიალისტურმა ამბიციებმაც იმძლავროს და მაშინ საქართველოს ახალი თავსატეხი გაუჩნდება თავის ტერიტორიაზე ანკარის რბილ ძალასთან გამკლავების კუთხით. თუმცა, ჩემი აზრით, არ შედის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინტერესებში ევროპასთან ურთიერთობებში წითელი ხაზების გადაკვეთა, ისევე როგორც არც ევროპის ინტერესებში შედის თურქეთის ერთგვარი განკვეთა და მისთვის ხელის კვრა. არც იმ პროგნოზებს ვიზიარებ, რომ სერიოზულად გადაიხედება ნატოსა და თურქეთის ურთიერთობები… უბრალოდ, თურქეთი მოითხოვს უფრო მეტი პატივი სცენ მას, როგორც ახალ რეგიონულ ლიდერს. ხოლო რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, პირადად მე რაიმე დრამატულ ცვლილებებს არ მოველი. რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობა კი, დასავლეთთან თურქეთის ურთიერთობაზე იქნება დამოკიდებული და თუკი ანკარა არ გაწყვეტს ურთიერთობას ბრიუსელთან, შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაიმე გარდამტეხ კავშირზე მოსკოვსა და ანკარას შორის. ის, რაც მსოფლიომ ბოლო პერიოდში იხილა, იყო „ხანმოკლე ფლირტი“ დასავლეთზე განაწყენებულ თურქეთსა და რუსეთს შორის, რომლის სიმყიფე კარგად გამოაჩინა ბოლო ხანებში სირიის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა…“
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიანიშნებს, რომ თურქეთი აშკარად უარს ამბობს ლიბერალურ ღირებულებებზე და ავტორიტარულ სახელმწიფოდ ყალიბდება, რაც საგანგაშოა. შედეგები საქართველოსთვისაც არ არის კარგი, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთთან ურთიერთობა განისაზღვრება არა მხოლოდ როგორც მეზობელთან ურთიერთობით, არამედ საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების კუთხით.
ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი: „ჯერჯერობით, თურქეთის ნატო-ში ყოფნას არაფერი ემუქრება იმიტომ, რომ როგორც დასავლეთში ზოგიერთი ანალიტიკოსი ღიად აცხადებს, თურქეთი მაშინაც კი იყო სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრი, როდესაც კიდევ უფრო ნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ჩვენ ვივარაუდოთ, რომ თურქეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გასაწევრიანების გზაზე, თუ, რა თქმა უნდა, არ გაგვიფუჭდა ურთიერთობები. უცხო არ არის, რომ მუდამ სარისკოა ურთიერთობა ავტორიტარულ სახელმწიფოსთან, რომელსაც შეუძლია, თავისი ავტორიტარიზმი საგარეო ურთიერთობებში გადაიტანოს და ეცადოს, საქართველოს უკარნახოს, განუსაზღვროს შიდა ან გარე პოლიტიკური საკითხები…“
არსებობს მოსაზრება, რომ თურქეთის საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოსთვის პირდაპირი ხიფათის შემცველი არ არის, მაგრამ ის თურქეთის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს განახორციელოს პანოსმალისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკა, რაც გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენის აღდგენას ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორიცაა სირია და ერაყი, ასევე ბალკანეთისა და კავკასიის რეგიონები.
ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე: „კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ თურქეთში მმართველი ძალა პანოსმალიზმის იდეოლოგიის წარმომადგენელია. თუ ადრე არსებობდა იდეოლოგია პანთურქიზმი, რომლის ერთ-ერთი მამამთავარი ქემალ ათა-თურქი იყო, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის მეორე ნახევარში, დაახლოებით, 2000 წლებიდან ეს შეიცვალა პანოსმალისტური იდეოლოგიით, რომელიც გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენის აღდგენას იმ სივრცეში, რომელშიც იყო… ჯერ ეკონომიკური და ჰუმანიტარული, შემდეგ კი პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას. ჩვენ ამას ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურობაში თურქეთის ქმედების მიხედვით, იგივე ერაყსა და სირიაში, ასევე თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზეც აქვს გარკვეული მიდგომები, განსაკუთრებით აჭარაში…“
ამასობაში ოფიციალურმა ანკარამ საგანგებო მდგომარეობა სამი თვის ვადით გაახანგრძლივა. არ არის გამორიცხული, რომ სულ მალე კიდევ ერთი რეფერენდუმი დაინიშნოს, ამჯერად უკვე, სიკვდილით დასჯის აკრძალვის გაუქმების საკითხზე. ექსპერტთა აზრით ყველაზე უფრო „მსხვილი საშიშროება“, რამაც, შესაძლოა, სერიოზულად დააზარალოს თურქეთისა და ევროპული ქვეყნების ურთიერთობები, სიკვდილით დასჯის აკრძალვის შესაძლო გაუქმებას უკავშირდება.
ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე: „თუკი თურქეთმა კვლავაც დააბრუნა სიკვდილით დასჯა, ამას მას არ აპატიებს ევროკავშირი და ევროსაბჭო და, შესაბამისად, ანკარა იზოლაციაში აღმოჩნდება. თუმცა მოვლენათა ამგვარად განვითარებას ნაკლებად მოველი და ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, როცა რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხვდება, რომ მის მიზნებს საფრთხე აღარ ემუქრება ქვეყნის შიგნით, ის შეეცდება შეარბილოს თავისი რიტორიკა ევროკავშირთან მიმართებით. ეს იქნება პრაგმატული სვლა. შეუძლებელია თურქეთის კეთილდღეობაზე ზრუნვა ევროკავშირის დახმარების გარეშე…“
თურქეთის პრეზიდენტი რეფერენდუმის შედეგს ზეიმობს და ხაზს უსვამს მის ისტორიულ მნიშვნელობას. რეჯეფ თაიფ ერდოღანს არ ავიწყდება ეუთო-ც, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებული რეფერენდუმი უარყოფითად შეაფასა… „ეუთო-მ თავისი ადგილი უნდა იცოდეს!…“, — აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი… ვნახოთ რა იქნება პასუხი…