თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიიფ ერდოღანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს კიდევ ერთ მიტინგს გერმანიაში თურქეთის რეფერენდუმამდე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости „როიტერზე“ დაყრდნობით.
რეფერენდუმი ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე თურქეთში 16 აპრილსაა დაგეგმილი.
პრეზიდენტის წარმომადგენელმა იბრაგიმ კალინმა გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის შეფის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი.
გერმანული დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, ანკარამ ვერ შეძლო დაერწმუნებინა გერმანული სპეცსამსახურები იმაში, რომ ოპოზიციონერ ისლამისტ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს კავშირი აქვს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან.
კალინის თქმით, მსგავსი გამონათქვამები იმაზე მეტყველებს, რომ ბერლინი პუტჩის ორგანიზატორებს მხარს უჭერს.
თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში „თურქოფობია იზრდება“.
შეგახსენებთ: ბერლინსა და ანკარას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქული წარმოშობის გერმანელი ჟურნალისტი დენიზ იუჯელი სტამბულში დააპატიმრეს.
თურქეთის ხელისუფლება ჟურნალისტს „ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში, ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებასა და ტერორიზმში“ სდებს ბრალს.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ანკარას იუჯელის გათავისუფლება და მედიის თავისუფლებების დაცვა მოსთხოვა.
ამის შემდეგ გერმანიის ქალაქ გაგენაუს ხელისუფლებამ თურქეთის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაღს უფლება არ მისცა, შეხვედროდა გერმანიაში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს და ესაუბრა მათთან რეფერენდუმის შესახებ, რომელიც თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს მოიაზრებს.
ინისტრმა დატოვა ქვეყანა და უარი თქვა გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე.
მოგვიანებით პრეზიდენტმა ერდაოღანმა ბერლინის ამჟამინდელი პოლიტიკა „წარსულში ნაცისტების მოქმედებას“ შეადარა, რითაც სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია გერმანიაში.