16 აპრილი — Sputnik. თურქეთში მიმდინარე რეფერენდუმში საპარლამენტოდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის მომხრეთა რაოდენობა ჭარბობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მოსახლეობის 63,6% უჭერს მხარს. ამ დროისათვის დამუშავებულია ბიულეტენების 24%.
საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის წინააღმდეგ ხმა 36,4%-მა მისცა.
შეგახსენებთ: დღეს თურქეთში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობა ხმას აძლევდა საკონსტიტუციო ცვლილებებს ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის თაობაზე.
თურქეთის კონსტიტუციის მე-18 მუხლში ცვლილების შეტანით, პრემიერ-მინისტრის პოსტი გაუქმდება, ხოლო სახელმწიფო სისტემის მეთაური პრეზიდენტი გახდება, რომლის პრეროგატივაშიც შევა ყველა მაღალი თანამდებობის პირის დანიშვნა. გარდა ამისა, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეეძლება მხოლოდ პრეზიდენტს.
ამ ცვლილებების მომხრე მმართველი და ნაციონალისტური პარტიები არიან, მაშინ როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტი ერდოღანი ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაში დაადანაშაულეს.