თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა თურქეთის პროვინცია დიარბაქირის სოფელ იაბანარდში მოსახლეობის ორ დაჯგუფებას შორის მომხდარი სროლებისას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости თურქულ ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლა იმ სკოლის სიახლოვეს დაიწყო, რომელშიც რეფერენდუმთან დაკავშირებით საარჩევნო უბანია გახსნილი.
წინასწარი ვერსიით, კონფლიქტის მიზეზი მოსახლეობის პოლიტიკურ შეხედულებათა სხვაობა იყო.
შეგახსენებთ: დღეს თურქეთში იმართება რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობა ხმას აძლევს საკონსტიტუციო ცვლილებებს ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის თაობაზე.
თურქეთის კონსტიტუციის მე-18 მუხლში ცვლილების შეტანით, პრემიერ-მინისტრის პოსტი გაუქმდება, ხოლო სახელმწიფო სისტემის მეთაური პრეზიდენტი გახდება, რომლის პრეროგატივაშიც შევა ყველა მაღალი თანამდებობის პირის დანიშვნა. გარდა ამისა, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეეძლება მხოლოდ პრეზიდენტს. ამ ცვლილებების მომხრე მმართველი და ნაციონალისტური პარტიები არიან, მაშინ როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტი ერდოღანი ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაში დაადანაშაულეს.