თბილისი, 16 აპრილი-Sputnik. თურქეთში იმართება რეფერენდუმი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება და ითვალისწინებს საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლას, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
167 140 საარჩევნო უბანზე ხმას მისცემს 55.3 მილიონი თურქი მოქალაქე. ამას გარდა ციხეებში დამატებით 461 უბანი გაიხსნება. ხმის მიცემა თბილისის დროით 09.00 საათზე დაიწყო და18.00 საათამდე გაგრძელდება. საზღვარგარეთ მცხოვრებმა თურქეთის მოქალაქეებმა არჩევანი უკვე გააკეთეს.
თურქეთის კონსტიტუციის 18 მუხლში ცვლილების შეტანით, პრეზიდენტი გახდება სახელმწიფო სისტემის მეთაური და ყველა მაღალი თანამდებობის პირის დანიშვნა ხდება მისი პრეროგატივა. პრემიერ-მინისტრის პოსტი გაუქმდება. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეეძლება მხოლოდ პრეზიდენტს. ამ ცვლილებების მომხრე მმართველი და ნაციონალისტური პარტიები არიან, მაშინ როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტი ერდოგანი ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაში დაადანაშაულეს.
ამომრჩეველთა დასტურის შემთხვევაში, მორიგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთ დღეს — 2019 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება, რის შემდეგაც რეფერენდუმის შედეგები შევა ძალაში.
რეფერენდუმისწინა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ერდოგანის წარმოდგენილ ცვლილებებს მხარს უჭერს მოსახლეობის 46-47%, წინააღმდეგია 43-44%. ამრიგად, ყველაფერს გადაწყვეტს ამომრჩეველთა ის 10%, რომელთაც ჯერ თავისი პოზიცია არ გაურკვევიათ.