ანკარა, 19 ნოემბერი —Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა ტაიპ ერდოგანმა, ხუთშაბათს, სტამბულში ენერგეტიკისა და ეკონომიკის საკითხებში ატლანტიკური საბჭოს სამიტზე გამოსვლისას, გააფრთხილა ევროპული ქვეყნები პარიზში მომხდარი ტერორისტული შეტევის შემდეგ ანტიმუსულმანური განწყობების შესახებ.
პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო თეატრ „ბატაკლანში“როკ–კონცერტზე მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 300 – დაიჭრა.
„გულწრფელად ვგმობთ პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებს და ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ტკივილს, მაგრამ ვიღებთ შეტყობინებებს თავდასხმების შესახებ მუსულმანებზე სხვადასხვა ქვეყნებში. პოზიციების გამკაცრება მიგრანტთა წინააღმდეგ არაფერს მოგვცემს, ჰუმანიტარული დრამის გაღრმავების გარდა. თუ ვერ შევძლებთ ევროპაში და სხვა ქვეყნებში რასისტული თავდასხმების და ფანატიკური დინებების ესკალაციის აღკვეთას, გარდაუვალი იქნება ახალი სახიფათო ტრაგედიები. იმედი გვაქვს რომ მსოფლიო ლიდერები მოუწოდებენ თავისი ქვეყნის მოქალაქეებს საღი აზრისკენ“, — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, არ შეიძლება ნეგატიური შეფასება მიეცეს რომელიმე რელიგიას მისი ცალკეული წარმომადგენლების ქმედებების საფუძველზე.
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია ასეთი დამოკიდებულების დემონსტრირება ამ რელიგიის დანარჩენი წარმომადგენლების მისამართით. ასეთი ნეგატიური მაგალითები შესაძლოა გამოჩნდეს როგორც ისლამის, ისე ქრისტიანობისა და იუდაიზმის მიმდევრებს შორის. შევაჩვენებ იმ ტერორისტებს, რომლებიც ჩემი რელიგიის წარმომადგენლები არიან, რელიგიის, რომლითაც მე ვამაყობ. მოვუწოდებთ მუსულმანური ქვეყნების ლიდერებს, მეცნიერებსა და რელიგიურ ლიდერებს — ასეთივე ხისტი პოზიცია დაიკავონ“, — თქვა ერდოგანმა.