თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოში მყოფი თურქეთის მოქალაქეების უმრავლესობამ თავის ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცა ხმა, იუწყება თურქული გამოცემა YeniSafak.
თურქეთშ გუშინ კონსტიტუციაში შესწორებების პაკეტზე რეფერენდუმი ჩატარდა. შესწორებები საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებს. YeniSafak–მა გამოაქვეყნა კენჭისყრის შედეგები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოში.
თურქეთში კენჭისყრაში 55,3 მლნ მოქალაქე მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, რეფერენდუმი საკონსტიტუციო რეფორმის მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა – მათ ხმათა 51,2% მიიღეს.
საქართველოში კენჭისყრის შედეგები რეფერენდუმის საერთო ეროვნული შედეგებისგან განსხვავდება. საქართველოში გახსნილი იყო ორი საარჩევნო უბანი – ბათუმსა და თბილისში, თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. ჯენჭისყრაში მონაწილეობდა თურქეთის 711 მოქალაქე, დარეგისტრირებული იყო 1789. 10 ბიულეტენი გაუქმდა.
ქართული უბნებიდან ხმათა 100%–ის დათვლის შედეგებით, 59,3%–მა (თურქეთის 416 მოქალაქე) საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, ხოლო 40,7%–მა (285) – მხარი დაუჭირა, იუწყება YeniSafak.
თურქეთის კონსტიტუციის მე-18 მუხლში ცვლილების შეტანით, პრემიერ-მინისტრის პოსტი გაუქმდება, ხოლო სახელმწიფო სისტემის მეთაური პრეზიდენტი გახდება, რომლის პრეროგატივაშიც შევა ყველა მაღალი თანამდებობის პირის დანიშვნა. გარდა ამისა, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეეძლება მხოლოდ პრეზიდენტს.