თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს სწორედ ათენი წარმოადგენს. ამ სიტყვებით დაიწყო პრემიერ-მინისტრმა თავისი გამოსვლა ათენში გამართულ კონფერენციაზე „საქართველო — ევროპიდან ევროპამდე“.
საქართველოს მთავრობის მეთაური საბერძნეთის დედაქალაქში სიმბოლური ვიზიტით შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გაემგზავრა. პრემიერთან ერთდ საბერძნეთში გაემგზავრნენ სტუდენტები, მეცნიერები და მთავრობის წევრები.
„საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს სწორედ ათენი წარმოადგენს. პირველი უვიზო ვიზიტი სიმბოლურად ათენში განვახორციელე. ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად — იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სულიერი დაბრუნება“, — ციტირებს კვირიკაშვილის სიტყვებს მთავრობის ხელმძღვანელის პრეს-სამსახური.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს აყალიბებს.
„ჩვენ ევროპულ ჩარჩოში ვექცევით და ვცდილობთ შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალურ პარტნიორებთან, პატივს სცემს კონტროლისა და ბალანსის სისტემას, აქვს ძლიერი დემოკრატია და ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. საბერძნეთსა და საქართველოს ევროპის კარიბჭეობა აერთიანებს“, — განაცხადა პრემიერმა.
თავის გამოსვლაში კვირიკაშვილმა ქართულ-ბერძნული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მაღალი შეფასება მისცა და ის მიმართულებები დაასახელა, რომლებიც მომავალი თანამშრომლობისთვის არის პრიორიტეტული – ტრანსპორტირება და ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმროების სექტორი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და ენერგეტიკა.
„კასპიის ზღვიდან ადრიატიკამდე ჩვენ გაერთიანების ხელშესახები შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ვართ კასპიის რესურსების ევროპაში შეღწევისთვის აუცილებელი გზაგამტარი. საბერძნეთი კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის რეგიონული დისტრიბუტორია. ენერგიის გარდა საბერძნეთი ჩინეთის გზაგამტარიცაა ევროპაში. იქმნება ახალი ლოჯისტიკური ცენტრები ევროპაში, აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებში, შუა აღმოსავლეთში და მის მიღმა“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა აღნიშნა, რომ საბერძნეთსა და საქართველოს საერთო ისტორია და ცივილიზაცია აკავშირებს.
„ჰომეროსის ეპიკური ნაწარმოებით დაწყებული და ბიზანტიის იმპერიით დამთავრებული, ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ უდიდესი ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით. ჩვენი წარსული ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, როგორც ერები, კულტურები და ნაციები“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
კონფერენციაზე „საქართველო — ევროპიდან ევროპამდე“ სიტყვით გამოსვლის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა თავის ბერძენ კოლეგასთან ალექსის ციპრასთან მოლაპარაკებები გამართა და მას საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ციპრასმა, თავის მხრივ, კვირიკაშვილს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა.
„ბატონ პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. ჩვენ სტაბილურად ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ვითამაშებთ მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით“, — განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა ალექსის ციპრასმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ქართულ კოლეგასთან მოლაპარაკებების შედეგებს მიეძღვნა.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებთან, მეცნიერებთან და მთავრობის წევრებთან ერთად ათენში ანტიკური არქიტექტურის უდიდესი ძეგლი — აკროპოლისი დაათვალიერეს.
28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ. ვიზა საჭირო არ არის ტურისტული, საქმიანი და სტუმრის სტატუსით ვიზიტის დროს.