ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში: დასაწყისი

© courtesy of Giorgi Margvelashviliსაქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი
საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას აპირებს, რომელიც ქვეყნის მთავარ კანონში შესატან მორიგ ცვლილებებს მოამზადებს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გამოიყენებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას, თუმცა უკვე ცხადია, რომ ერთი წლის შემდეგ ქვეყანა კანონის ფაქტობრივად ახალ ვერსიას მიიღებს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ჯერ შექმნილი არ არის, მაგრამ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე უამრავ კითხვას უჩენს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ შესწორებები შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს, რომელიც, მმართველი პარტიის აზრით, ზედმეტად დამოუკიდებელია, ასევე ქვეყნის პარლამენტის არჩევის პროცესს, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობებსა და ასევე ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ კონსტიტუციის გადახედვას აპირებს

დღევანდელ საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან 33 ოპოზიციის წარმომადგენელია, ერთი — დამოუკიდებელი დეპუტატი, 116 კი მმართველი პარტიის წევრი. საქართველოს კონსტიტუციაში შესწორების მისაღებად საკმარისია 113 დეპუტატის ხმა, შესაბამისად, მმართველ პარტიას ოპოზიციის აზრის გათვალისწინება არ სჭირდება. რაც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კანდიდატურის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებით დაამტკიცა კიდეც.

ვინ დაწერს კონსტიტუციას

პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას 11, ხოლო მმართველ პარტიას 23 წარმომადგენელი ეყოლება.

კომისიის შემადგენლობაში ასევე შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ექსპერტები, უმაღლესი და საკონსტიტუციო სასამართლოების, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების თავმჯდომარეები, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, საქართველოს სახალხო დამცველი და გენერალური აუდიტორი.

საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა წარადგინოს.

გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, პრემიერთან ერთად კონსტიტუცია გადაწეროს

გადაწყვეტილებები კომისიაში ხმების უბრალო უმრავლესობით მიიღება. როგორც წესი, საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტში გადაგზავნამდე ცვლილებები „ვენეციის კომისიას“ ეგზავნება რეკომენდაციების მიღების მიზნით.

მას შემდეგ, რაც ცვლილებები პარლამენტს გადაეგზავნება, საკონსტიტუციო ცვლილებები საყოველთაო განხილვის მიზნით გამოქვეყნდება, შემდეგ კი ორ საპარლამენტო სესიაზე სამი წაკითხვით მიიღება.

რა შეიცვლება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ

წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ძირითადი შესწორებები პრეზიდენტის ინსტიტუტს შეეხება. საქართველოს პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა გახდება, რომელსაც პარლამენტი აირჩევს და რომლის თანამდებობიდან მოხსნა ადვილი იქნება, თუ ის უმრავლესობის აზრის წინააღმდეგ წავა. პრეზიდენტს ასევე შესაძლოა ჩამოერთვას რეფერენდუმის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებაც.

პრეზიდენტის როლის გადახედვის გარდა კონსტიტუციის ცვლილების სხვა ინიციატივებიც გახდა ცნობილი.

ერთ-ერთი მათგანი მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურას შეეხება. ახლა ასეთი ინიციატივით გამოსვლა პარლამენტის ნებისმიერ ფრაქციას შეუძლია, რომელსაც ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენების უფლება აქვს. ცვლილებების შეტანის შემდეგ კი მთავრობის დათხოვნას დეპუტატთა უმრავლესობის ინიციატივა დასჭირდება.

დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო
დეპუტატი: „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას სწორად გამოიყენებს

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, დეპუტატთა არჩევის წესს ეხება. ადრე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ უნდა შეიცვალოს არსებული სისტემა, რომლის მიხედვით ამჟამად 77 დეპუტატი პარტიული სიებით აირჩევა, 73 კი — ერთმანდატიანი ოლქებიდან. ახლა გასარკვევი ისაა, რაზე შეთანხმდებიან კომისიის წევრები — მაჟორიტარული სისტემის სრულ გაუქმებაზე თუ ახალი სისტემის დანერგვაზე.

გარდა ამისა, შესწორებები ადამიანის უფლებების ნაწილსაც შეეხება. მმართველ პარტიას წინასაარჩევნო დაპირების შესრულება — ქორწინების შესახებ მუხლის დაკონკრეტება სურს. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ საქართველოში ოფიციალური ქორწინება განისაზღვრება მხოლოდ როგორც „ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი“.

მმართველი პარტია პირობას დებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას არ იმოქმედებს პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.

მცირეოდენი მათემატიკა

საქართველოს კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღეს. იგი მოიცავს 109 მუხლს, რომლებიც 33-ჯერ შეიცვალა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები კონსტიტუციაში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიდა (25-ჯერ).

2004 წლიდან საქართველოს მთავრობაში გაჩნდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ხოლო პრეზიდენტს სახელმწიფოს მეთაურიც უწოდეს. გარდა ამისა,  დეპუტატებსა და პრეზიდენტს სამეწარმეო საქმიანობა აეკრძალათ, ხოლო პროკურორებსა და პოლიციის თანამშრომლებს — პოლიტიკური საქმიანობა. მოსამართლეთა მინიმალური ასაკი 28 წლით განისაზღვრა, ხოლო დეპუტატებისა — 21 წლით.

საქართველოს კონსტიტუციის დედანი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია 21 წლის გახდა

სააკაშვილის მმართველობის წლებში, 2010 წელს საქართველოს კონსტიტუცია კიდევ ერთხელ შეიცვალა მნიშვნელოვნად. შემცირდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები, ხოლო მთავრობისა და პარლამენტის — გაფართოვდა. პარლამენტის სხდომები ქუთაისში გადაიტანეს.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კონსტიტუციაში ცვლილებები, პრაქტიკულად, არ მომხდარა, რადგან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა და, შესაბამისად, ცვლილებების შესატანად საკმარისი ხმები ვერ მოგროვდა.

საკანონმდებლო ორგანომ მხოლოდ პარლამენტის თბილისში ნაწილობრივ დაბრუნებისა და იმ რეგულაციების დამტკიცება შეძლო, რომელთა თანახმად, თუ პარლამენტი მთავრობას სამჯერ გამოუცხადებს უნდობლობას, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვის უფლება აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0