თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუცია, ქვეყნის მოსახლეობისა და საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ინტერესებიდან გამომდინარე, გადახედვას საჭიროებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ოპოზიციის მხრიდან მმართველი პარტიის მიერ მეცხრე მოწვევის პარლამენტში შესაძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასთან დაკავშირებული კრიტიკის შემდეგ, განაცხადა, რომ აუცილებელია ისეთი სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც ქვეყნის უმთავრეს კანონში შესატან ცვლილებებზე იმუშავებს. მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლოს ხელისუფლების უზურპირება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაისინჯოს ფართო ჩართულობით, ფართო კონსესუსის საფუძველზე და სწორედ ამისათვის უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ეს შეიძლება იყოს კომისია ან სხვა მსგავსი ფორმატი, რაზეც დღეს ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ეს სამუშაო ჯგუფი აუცილებლად შეიქმნება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღონ როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებმა.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არცერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არ გვაქვს კონსტიტუციის არცერთ ნორმასთან მიმართებით… ცვლილებები შეიძლება შეეხოს ცალკეულ ნორმას, შეიძლება შეეხოს მთელ რიგ ზოგად საკითხებს“, — ხაზგასმით აღნიშნა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.
კობახიძის აზრით, ქვეყნის მმართველობის ფორმას ძირეული ცვლილებები არ შეეხება.