მათი შეხვედრა 1938 წელს გრაფ დე პოლინიაკის ასულის პარიზულ სახლში შედგა. გრაფის ასული ცნობილი მოდის სახლის დამაარსებლის, განთქმული ჟანა ლანვანის ქალიშვილი იყო. ის ყოველ კვირას საღამოებს აწყობდა, სადაც ბრიჯს თამაშობდნენ. ამჯერად სტუმრებს შორის სწრაფად მზარდი კოსმეტიკური იმპრეიის მფლობელი ლანვანის მეგობარი, ელენა რუბინშტეინი იყო და გრაფის ასულის ნაცნობი, ქართველი ემიგრანტი არჩილ ჭყონია, რომელიც თავის თავს თავად გურიელი-ჭყონიას უწოდებდა.
არჩილი იმ დროს 43 წლის იყო. პარიზში დიდი ხანია ცხოვრობდა, სადაც ტფილისიდან 1919 წელს გადავიდა. ის დიდად დაკავებული არ იყო. საფრანგეთში ცხოვრების პირველ წლებში დის, მარიამის ხარჯზე ცხოვრობდა, რომელიც საფრანგეთში საცხოვრებლად მასთან ერთად გადმოვიდა. მარიამი კი კოკო შანელის სახლში მუშაობდა, სადაც ქუდებს კერავდა. ჭყონიები უზრუნველად ცხოვრობდნენ და პარიზში თავიანთი დის, ქეთუსიას ვაჟიც კი ჩამოიყვანეს. ქეთუსია მშობლებთან ერთად საქართველოშო დარჩა.
რუბინშტეინის გაცნობის პერიოდში არჩილს მძიმე დრო დაუდგა. საქართველოში დისშვილიც კი გაამგზავრა, რომელმაც სორბონას უნივერსიტეტი დაამთავრა. იმას, რომ ჭაბუკი საბჭოთა კავშირში კარგ დროს არ ბრუნდება — 1938 წელი იყო — ჭყონია, რა თქმა უნდა, ვერ ხვდებოდა. დასთან ერთად დისშვილს რამდენიმე ჩემოდანში ხელნაკეთი კოსტიუმები და ნათესაობისთვის საჩუქრები ჩაულაგა და სინდისის ქეჯნის გარეშე მატარებლით გაამგზავრა. საკუთარ შეცდომას არჩილი მოგვიანებით მიხვდა, როდესაც გაიგო, რომ დისშვილმა სტალინის ბანაკებში ოთხი წელი გაატარა, როგორც ფრანგმა ჯაშუშმა.
1938 წელს არჩილისთვის სხვა რამ გახდა ნათელი: ბრიჯის თამაშში მოგების იმედზე ყოფნა მეტად აღარ შეიძლებოდა და მას გავლენიანი ნაცნობობა გაიჩინა, ძირითადად მდიდარ ქალებთან, რომლებიც ახალგაზრდა ქართველს სიამოვნებით ეხმარებოდნენ. ამასთან არც თამაშისთვის დაუნებებია თავი და ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებსაც იგებდა.
ელენა რუბინშტეინსაც უყვარდა ბრიჯი. თუმცა, ბოლო წლების მოვლენები არ უწყობდა ხელს, რომ კარგ განწყობაზე ყოფილიყო და საღამოებზე ევლო. რუბინშტეინი პირად დრამას განიცდიდა. ის ქმარს, ედვარდ ტიტუსს დაშორდა, რომელმაც ის, მისი აზრით, უფრო ახალგაზრდა ქალზე გაცვალა.
თავიდან ჩანდა, რომ ედვარდისა და ელენას ქორწინება მყარი და ურყევი იქნებოდა. მაგრამ ოცი წლის შემდეგ ისინი მიხვდნენ, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანები იყვნენ. უთანხმოება იმით დაიწყო, რომ ტიტუსს ამერიკაში გადასვლა არ სურდა, სადაც რუბენშტეინი ძირითადად მუშაობდა. ელენას კი არ ესმოდა, როგორ შეიძლება ცხოვრებაში ყველაზე მეტად გაინტერესებდეს წიგნები, ამასთან ქმრის ცხოვრების ბოჰემური სტილიც აღიზიანებდა.
როდესაც ის ქმართან პარიზში ჩადიოდა, ყოველი დღე ერთი და იმავე სცენარით გადიოდა: La Coupole-ში სადილი, შემდეგ კი კაფე "სელექტში" დროის უაზრო გატარება. ედვარდი მაგიდასთან ელენასათვის უცხო ხალხს ეპატიჟებოდა და მისთვის სრულიად უინტერესო ლიტერატურულ თემებს განიხილავდა. ელენა ამას მწყობრიდან გამოჰყავდა.
მერე გაღიზიანებული ქალი ნიუ-იორკში ბრუნდებოდა, და მისი კეთილი განწყობის დაბრუნება მხოლოდ ქმრის მეათე წერილს შეეძლო. მალე მიმოწერამაც კი დაკარგა ძალა. რუბინშტეინის მრავალრიცხოვანი მეგობრები, მათ შორის მხატვარი თამარა დე ლემპიკა, არწმუნებდნენ ელენას გაეხილა თვალები და მიმხვდარიყო, რომ ტიტუსს პარიზში საყვარელი ჰყავდა. მას ამიტომ არ სურს ნიუ-იორკში გადასვლა. მისთვის რა მნიშვნელობა აქვს იმას, სად წეროს თავისი წიგნები, ეუბნებოდნენ ელენას.
ერთ მშვენიერ დღეს რუბინშტეინი მოულოდნელად პარიზში ჩავიდა. ტიტუსი სახლში არ იყო. თუმცა კეთილისმსურველებმა შეატყობინეს მას, რომ რამდენიმე დღეა მის ქმარს ახალგაზრდა ქალთან ერთად ხედავდნენ. ეს ახალგაზრდა მწერალი ანაის ნინი აღმოჩნდა, რომელმაც თავის პირველ წიგნზე მუშაობა დაასრულა და გამომცემელს ეძებდა.
რუბინშტეინმა განქორწინებას ორ კვირაში მიაღწია. მეუღლეები პირადად არც კი შეხვდნენ ერთმანეთს. ჩვეულებისამებრ ერთმანეთს წერილებს წერდნენ. თუმცა ამჟამად წერილების ტონი სხვაგვარი იყო. ედვარდი ცდილობდა აეხსნა ცოლისთვის, რომ ამერიკელმა ჭორიკანა მეგობრებმა ის შეცდომაში შეიყვანეს და რომ ანაის ნინი საერთოდ გათხოვილი ქალბატონია. ელენა კი პასუხობდა, რომ მათ ურთიერთობებს მომავალი არ გააჩნია და რომ მას ტიტუსთან დარჩენას თავის მოკვლა ურჩევნია. საბოლოოდ, განქორწინება გაფორმდა და 62 წლის რუბინშტეინი მარტო დარჩა.
რამდენიმე წლის მანძილზე ის მხოლოდ სამსახურზე ფიქრობდა. და პარიზში მხოლოდ სამსახურის საქმეებზე გაემგზავრა. და ლანვანის სახლში მოულოდნელი შეხვედრა შედგა.
ქართველმა თავადმა იმავე საღამოს გაიტაცა რუბინშტეინი. ჯერ ერთი, მისი თავადის ტიტული ეამა. ელენას, თითქოს განგებ, დედოფალ ელიზავეტას ვენზელით დამშვენებული ორთავა არწივის გულსაბნევი ეკეთა. რამდენიმე წლის შემდეგ, რუბინშტეინის კოლექციაში ძვირფასთვლიანი ბეჭედი გაჩნდება, რომელიც ადრე მონომახის ქუდს ამშვენებდა, რითაც რუს მეფეებს მეფედ აკურთხებდნენ.
მეორეც, ჭყონია მასზე 25 წლით უმცროსი იყო. ხომ მიიღო ტიტუსმა საკადრისი პასუხი, ახალგაზრდა მწერალთან რომ დროს ატარებდა? მესამე და მთავარი ის იყო, რომ არჩილთან ურთიერთობა ძალიან ადვილი იყო. რუბინშტეინი მერე თვითონ ამბობდა: "არჩილთან შეხვედრის მერე ამდენი წლის მერე პირველად გამეცინა. მომეწონა ჭყონიას გულახდილობა, სითბო და მხიარული ხასიათი".
ელენა და არჩილი დღითიდღე ერთმანეთში ბევრ საერთოს პოულობდნენ. ახალგაზრდობაში ცხოვრების შეცვლას არც ერთი არ შეუშინდა: 24 წლის ჭყონია დასთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, 18 წლის რუბინშტეინი კი ავსტრალიაში, სადაც მისი ბიძაშვილის ოჯახი ცხოვრობდა.
ახალი ცხოვრება უცხოეთში ჭყონიამაც დაიწყო. თუმცა, საწყისი კაპიტალი მას მისი მომავალი ცოლივით დიდი შრომის შედეგად არ შეუქმნია. ის ახალგაზრდა, გონებამახვილი და ლამაზი იყო. ფულის შოვნას მდიდრული სახლების სასტუმრო დარბაზებში, უფრო მეტად-ბანქოს მაგიდასთან ახერხებდა.
68 წელს მიღწეული რუბინშტეინისთვის მომხიბვლელ თავადთან შეხვედრა საახალწლო საჩუქარს ჰგავდა. მხიარულ ქართველთან ურთიერთობები ელენას მრავალრიცხოვანმა ებრაელმა ნათესავებმაც კი აკურთხეს. თუმცა მათ აზრს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
მალე ქორწილიც გაიმართა. ჟურნალისტები ხშირად „აწვეთებდნენ“ ელენას, თითქოსდა არჩილი თავადის ტიტულით უკანონოდ სარგებლობდა. ის კი მათ თავიდან იშორებდა: მსგავსი ბრალდება ჯერ დასამტკიცებელია. კრაკოვში დაბადებულ ჰაია რუბინშტეინს, რომელმაც ელენას სახელი დაირქვა, ძალიან კარგად ესმოდა, სწორად შედგენილ ლეგენდას რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა.
თანაც შეძენილი ტიტულით რუბინშტეინი თითქმის არ სარგებლობდა. ყველასათვის ის "მადამ რუბინშტეინად" დარჩა-სწორედ ასე მიმართავდნენ მას თანამშრომლები და კლიენტები. ეს იდეა მას ედვარდ ტიტუსმა მიაწოდა, რომელიც თურმე რეკლამის გენიოსი ყოფილა. ასე რომ, მრავალრიცხოვანი ღვარძლიანი სიტყვები იმის შესახებ, რომ ის არჩილს მხოლოდ იმიტომ გაჰყვა ცოლად, რომ პრინცესას ტიტული მოეპოვებინა, სრულიად უსაფუძვლო იყო. ტიტული მას უფრო პირველი ქმრისგან მემკვიდრეობით ერგო.
ქორწინების წინ რუბინშტეინმა და ჭყონიამ საქორწინო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად არჩილის სიკვდილის შემთხვევაში მთელი მისი ქონება ელენას რჩებოდა. ბრძენმა რუბინშტეინმა იცოდა, რასაც აკეთებდა. ოცი წლის შემდეგ მისმა ქართველმა თავადმა ეს სამყარო პირველმა დატოვა.
გაგრძელება იქნება…