ამბავი ნიკო ბურისა, ანუ როგორ იქცა ბრწყინვალე თავადი პაპიროსის გამყიდვლად

© Национальный архив Грузииნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი
ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის კოლუმნისტი, მწერალი იგორ ობოლენსკი თავად ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელის ისტორიას გვიამბობს.

იგორ ობოლენსკი

მანამ, სანამ რუსთაველის სახელობის მეტროსადგურის მშენებლობა დაიწყებოდა, აქაურობას სასახლის მოედანი ერქვა. 30-იანი წლების დასაწყისში, სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა შოთა რუსთაველის ბრინჯაოს ქანდაკებაა აღმართული, თამბაქოს მოძრავი ჯიხური იდგა, რომელსაც ყოველ დილას ჩოხაში გამოწკეპილი, ტანმაღალი ბატონი აღებდა.

თუ ვინმე გამოლაპარაკებას შეეცდებოდა, ბატონი ხაზგასმით მშრალად, თავის დაკვრითა და ერთი სიტყვით პასუხობდა სალამზე. არადა, კლიენტებიდან, თითქოს ჯიბრზე, ყოველი მეორე ნაცნობი იყო — მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ლამის ყველა ტფილისელი იცნობდა ერთმანეთს — სახელით თუ არა, სახით მაინც… 

ჩოხოსანი ბატონი კლიენტს პაპიროსს მიაწვდიდა, ხურდას უჯრაში ჩაყრიდა, ხალხით სავსე ქუჩას გაერიდებოდა და საკუთარ ფიქრებში იძირებოდა.

© არქივის ფოტონიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი, იგივე ნიკო ბური
ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი, იგივე ნიკო ბური - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი, იგივე ნიკო ბური

ეს თავადი ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი გახლდათ, რომელსაც ტფილისელები უბრალოდ „ბურს“ ეძახდნენ. ეს სახელი ისტორიული მოვლენის დამსახურებით შეიძინა თავადმა ნიკოლოზმა და მთელი იმპერიის მასშტაბითაც გაითქვა სახელი; იმპერიისა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მაშინ საქართველო.

თუმცა ნიკოლოზ ბაგრატიონს მანამდეც ბევრი იცნობდა, ვინაიდან წარჩინებული ოჯახის შვილი გახლდათ. ბაგრატიონ-მუხრანელები მდინარე მტკვრის მთელი მარჯვენა სანაპიროს მფლობელები გახლდნენ. ეს მიწები ოჯახმა მხოლოდ მაშინ გაყიდა, როცა საქმეები ცუდად წაუვიდა.

ნიკოლოზ ბაგრატიონს, თურმე, გული ყველაზე მეტად იმ ტივის გაყიდვის გამო წყდებოდა, რომელსაც მგზავრები მტკვრის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაჰყავდა და დამატებით შემოსავალს იძლეოდა…

სერგეი ესენინი - Sputnik საქართველო
ესენინის მისტიური თავგადასავალი ტფილისში — ახდენილი წინასწარმეტყველება და პაოლოს თოფი

გამოხდა ხანი და ბაგრატიონ-მუხრანელებს ისევ დაედოთ ვალები. და ჩემი ისტორიის გმირის მამას სხვა გზა აღარ დარჩა, იმპერატორ ალექსანდრ მეორეს სააჯო წერილი აახლა —  ვალად აღებული 600 ათასი მანეთის პატიებას სთხოვა. თუმცა წერილის ნამდვილი ავტორი ბაგრატიონის სიძე, ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი პლატონ იოსელიანი იყო, რომელსაც  ნიკოლოზის მამიდა შეერთო ცოლად.

მას ახლო ურთიერთობა ჰქონია იმპერატორის ძმასთან, დიდ თავად მიხაილ ნიკოლოზის ძესთან, რომელიც წარსულში კავკასიის მეფისნაცვალი გახლდათ. მეფის ძმა დიდი დემოკრატი ყოფილა და ძლიერ ჰყვარებია ტფილისურ „სალდათის ბაზარში“ სეირნობა, სადაც მას უბრალოდ „ჩვენ მიხაკოს“ ეძახდნენ.

თავად პლატონ იოსელიანიც კი აძლევდა თურმე ხანდახან თავს ზედმეტის უფლებას. ერთხელ დიდი თავადი მის კაბინეტში შესულა, ის კი ფეხზეც არ წამომდგარა. მაშინ იმპერატორის ძმას თავისი კანცელარიის უფროსისთვის შეუყვირია:

— პლატონ იგნატიევიჩ!

მაგრამ იოსელიანს თავიც არ აუწევია მაგიდაზე გადაშლილი ქაღალდებიდან. „ნამესტნიკს“ კვლავ დაუძახია მისთვის, მაგრამ პასუხი კვლავ არ ყოფილა. მაშინ მეფის ძმას მეგობრულად შეუნიშნავს:

ძველი თბილისი, აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
ამბავი სამი ტფილისელი დისა, ირანის პრემიერისა, დიდი მხატვრისა და ჰიდროტექნიკოსისა

— როგორ დამავიწყდა, რომ, როცა ფილოსოფოსი მუშაობს, ყურადღება არ უნდა გააფანტვინო.

ამჯერად კი უღირსებია პლატონ იოსელიანს მისთვის პასუხი:

— ჭეშმარიტებას ბრძანებთ, თქვენო უდიდებულესობავ!

პლატონ იოსელიანი მეუღლეზე, ანა ბაგრატიონზე 30 წლით უფროსი იყო. როგორც თავადი წერს თავის მოგონებებში, იოსელიანი ცოლოურს თურმე „ფულის მკვნეტავებს“ ეძახდა…

ერთი სიტყვით, პლატონ იოსელიანის მიერ გიორგი ბაგრატიონის სახელით შედგენილი წერილი იმპერატორის სახელზე, იმდენად თავაზიანად და ჭკვიანურად იყო დაწერილი, რომ ბაგრატიონ-მუხრანელებს ვალი აპატიეს.

ნიკოლოზმა და მისმა ძმამ საწყისი განათლება დალაქის ოჯახში მიიღეს. დიახ, გიორგი ბაგრატიონი დარწმუნებული გახლდათ, რომ მის ვაჟებს კარგ მანერებსა და, რაც მთავარია, ფრანგულ ენას, პარიზიდან ჩამოსულ მუსიე ბერლიმონზე უკეთ ვერავინ შეასწავლიდა.

© არქივის ფოტონიკო ბური ქალიშვილებთან, ნატალიასა და რუსუდანთან ერთად.
ნიკო ბური ქალიშვილებთან, ნატალიასა და რუსუდანთან ერთად. - Sputnik საქართველო
ნიკო ბური ქალიშვილებთან, ნატალიასა და რუსუდანთან ერთად.

როგორც  ნიკო ბური იხსენებდა, დალაქის ოჯახში ძმასთან ერთად სამი წელი გაუტარებია და მთელი ეს დრო წამებას უფრო ჰგვანებია, ვიდრე ცხოვრებას.  თუმცა საბოლოოდ  ბიჭები ისე დაუფლებიან ფრანგულს, რომ პირწმინდად დავიწყებიათ მშობლიური ქართული. ის კი არა, თურმე მამასაც თარჯიმნის მეშვეობით ელაპარაკებოდნენ. მუსიე ბერლემონი ამით ძალიან ამაყობდა, ამბობდა, პატარა აზიატები გამოვწვრთენიო.

ამის მერე ბაგრატიონებს პროფესიონალი მასწავლებლები აუყვანეს და „ეკზამენების“ ჩაბარების შემდეგ ძმები გიმნაზიაში ჩაირიცხნენ…

ლილია ზელენსკაია - Sputnik საქართველო
ამბავი კოკო შანელის ორი დიდებული ქართველი მოდელისა — დედისა და ქალიშვილისა

თავადმა ნიკოლოზმა პირველი კაპიტალი ყარსის რკინიგზაზე მენარდე-პადრიადჩიკად მუშაობით დააგროვა და როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, გადაწყვიტა, დიდი ხნის ოცნება აესრულებინა — სამსახური მიატოვა, ფული ბანკში შეინახა და უცხოეთში სამოგზაუროდ წავიდა.

ახალი საუკუნის პირველ წლებში 32 წლის თავადმა აფრიკაში ამოყო თავი. ამბობდნენ, საფარიზე წავიდაო. თუმცა, რატომაც არაო?! ღვთის წყალობით, არც დრო აკლდა და არც ფული. 

აფრიკაში ჩასულმა ბაგრატიონმა შეიტყო, რომ ინგლისის  ბურებთან ომს აწარმოებდა, რათა თავისი კოლონიური სამფლობელოებისთვის ბურების ქვეყანა ტრანსვაალიც მიეერთებინა.
და ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელმა დაუყოვნებლივ გადაწყვიტა, დაეცვა ბურები.

როცა მეფეთა შთამომავალ ნიკოლოზ ბაგრატიონს სიცოცხლის ბოლოს ჰკითხეს, რატომ გადაწყვიტე ბურების მხარეს ბრძოლაო, იგი გამოტყდა:

ალექსანდრ ვერტინსკი - Sputnik საქართველო
სიყვარული აქცენტით: ამბავი ხარბინში დაბადებული ქართველი ქალისა და ცნობილი მომღერლისა

— ბურებზე მანამდე არაფერი ვიცოდი, მაგრამ მომეჩვენა, რომ მათი ბედი ჩემი ქვეყნის ბედს ჰგავდა. ისინიც ჩვენსავით ოცნებობდნენ დამოუკიდებლობაზე და მივხვდი, რომ უნდა მივშველებოდი.

პარიზიდან ტრანსვაალის დედაქალაქ პრეტორიაში ჩასული ბაგრატიონი ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო. მასპინძელი გულწრფელად გამოუტყდა სტუმარს, რომ საქართველოს  არსებობის შესახებ მანამდე არაფერი სმენოდა.

თავადი ფრანგულ კორპუსში გაამწესეს, ვინაიდან კარგად იცოდა ეს ენა. 

ნიკოლოზ ბაგრატიონმა რამდენიმე ბრძოლაში მონაწილეობა მოასწრო და 1900 წლის 24 მარტს ტყვედ ჩავარდა. მის დაკითხვებს ინგლისური გაზეთის, „მორნინგ სტარის“ ახალგაზრდა კორესპონდენტი უინსტონ ჩერჩილიც ესწრებოდა. მომავალი პრემიერი გაოგნებული იყო, ვერ გაეგო, როგორ მოხვდა ქართველი მებრძოლ ბურთა შორის…

© არქივის ფოტონიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი მეუღლესთან, ანა ბუჭყიაშვილთან ერთად.
ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი მეუღლესთან, ანა ბუჭყიაშვილთან ერთად. - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი მეუღლესთან, ანა ბუჭყიაშვილთან ერთად.

ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელს სასტიკი განაჩენი გამოუტანეს: დახვრეტა!

მაგრამ ბედისწერა თურმე სულ სხვა რამეს უმზადებდა მას. დილით, შეიარაღებული შოტლანდიელი ჯარისკაცების მწკრივის წინ მდგარი, დასახვრეტად გამზადებული ქართველი თავადი საკუთარმა გვარმა და დედის ფოტოსურათმა იხსნა, რომელსაც თურმე ხშირ-ხშირად დახედავდა, სანამ სიცოცხლეს ემშვიდობებოდა.

დამსჯელი რაზმის მეთაური ოფიცერი დაინტერესდა, რას უყურებდა ტყვე. მიუახლოვდა მას და სურათი ჩამოართვა…

მოგვიანებით ნიკო იხსენებდა, დედის სურათის წართმევა უფრო დიდი საშინელება იყო, ვიდრე სიცოცხლის წაგვრის პერსპექტივა, იმიტომ რომ მინდოდა, დედის სურათი ჩაეყოლებინათ საფლავშიო…

— ვინ არის ეს?— უკითხავს ინგლისელ ოფიცერს და ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილი ლამაზი ქალბატონის ფოტოზე მიუთითებია.

— დედაა ჩემი, — უპასუხია ნიკოს.

მაშინ ოფიცერი გარეგნულად გამორჩეული ნიკოს ეროვნებით დაინტერესებულა. როდესაც ტყვეს უთქვამს, ქართველი ვარ, გვარად ბაგრატიონ-მუხრანელიო, ინგლისელი კიდევ მეტად ჩასძიებია.

— და რად გეკუთვნით ნაპოლეონთან მებრძოლი ცნობილი გენერალი პეტრე ბაგრატიონ-მუხრანელი?

— ჩემი ახლო ნათესავია, — უთქვამს ქართველ ტყვეს.

და სწორედ ამ პასუხს გადაუწყვეტია მისი შემდგომი ბედი: დახვრეტა გააუქმეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ინგლისელი ოფიცერი პეტრე ბაგრატიონის სამხედრო გენიის დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა.

მაგრამ ტყვე უნდა დასჯილიყო და ამიტომ დახვრეტის ნაცვლად ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს. კუნძულზე, რომელზეც ნაპოლეონ ბონაპარტმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა, ქართველმა თავადმა შვიდი თვე დაჰყო.

ტყვისთვის იქ ცხოვრების პირობები იოლად ასატანი არ ყოფილა: კარავში ეძინა ფქვილით სავსე ტომრებზე და თავქვეშ ბალიშის ნაცვლად მიწით გატენილი პიჯაკი ედო. თანაც, კუნძულზე ტიფის ეპიდემია გაჩნდა და მხოლოდ ტყვეები კი არა, ადგილობრივი მოსახლეობიდანაც ბლომად ხალხი შეიწირა.

ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი სენს გადაურჩა — შესაძლოა იმიტომ, რომ საოცრად უნდოდა საქართველოში დაბრუნება და დედის ნახვა.

იმ მომენტისთვის თავად ბაგრატიონის შესახებ მსოფლიოს ლამის ყველა გაზეთი წერდა, რომლებიც მას ნიკო ბურად მოიხსენიებდნენ. წმინდა ელენეს კუნძულზე ევროპიდან და ამერიკიდან ჩასულ ხომალდებს პირადად ნიკოსთვის გამოგზავნილი საჩუქრები ჩაჰქონდათ…

ბოლო-ბოლო, ნიკო ბური გადასახლებიდან გაათავისუფლეს, მაგრამ კუნძულის დატოვება იოლი საქმე არ გამოდგა — ყოფილ ტყვეს საკუთარი ხარჯით უნდა მოეხერხებინა გამგზავრება, არადა, თავადს კაპიკი არ ებადა. ამიტომ მისი ხარჯების დაფარვა ერთმა ფრანგმა მეგობარმა ითავა…

რუსეთში დაბრუნებულ ნიკო ბურს ისე დახვდნენ, როგორც ნამდვილ გმირს შეეფერებოდა. სანქტ-პეტერბურგში მას დედის მიერ გამოგზავნილი ათასი მანეთი და წერილი ელოდა. დედის სიცოცხლით გახარებულმა ნიკომ მეგობრებს ვალები დაუბრუნა, დაუყოვნებლივ აიღო ბილეთი და სამშობლოში გამოემგზავრა…

1921 წელს მომხდარი მოვლენების შემდეგ ნიკო ბური ოჯახთან ერთად საფრანგეთში აპირებდა  წასვლას, მაგრამ ბოლო მომენტში სამშობლოს მიტოვება გადაიფიქრა — ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა საქართველოს გარეშე.

საზღვარგარეთ ნიკომ თავისი ქალიშვილები გაამგზავრა, რომლებსაც იქ მამის თანაპოლკელები დაუდგნენ გვერდში. თავად ნიკო ბური, მისი მეუღლე და ერთი ქალიშვილი ალექსანდრა ტფილისში დარჩნენ.

როცა ბოლშევიკებმა ბაგრატიონების მთელი ქონება მიითვისეს, თავადმა, როგორც ინგლის-ბურების ომის მონაწილემ, პენსიის გამოთხოვა სცადა. მან წერილი მისწერა მიხა ცხაკაიას, მაგრამ ამაოდ — თავადს, რაღა თქმა უნდა, არავითარი პენსია არ აღირსეს.

ნიკო ბური თამბაქოს გაყიდვით ირჩენდა თავს. თუ რამ გააჩნდა, გაყიდა, მაგრამ ავეჯსა და ნახატებში მაშინ კაპიკებს იძლეოდნენ საკომისიო მაღაზიები…

ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი, იგივე  ნიკო ბური 1933 წელს გარდაიცვალა ტფილისში. უცნაური ბედისა და საინტერესო ისტორიის მქონე ქართველი თავადი  ქალაქის ძველ სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც ახლა ვერის ბაღია გაშენებული.

ყველა ახალი ამბავი
0