სიყვარული აქცენტით: ამბავი ხარბინში დაბადებული ქართველი ქალისა და ცნობილი მომღერლისა

© photo: Sputnik / Тихонов / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ვერტინსკი
ალექსანდრ ვერტინსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ წარმოგიდგენთ ტრილოგიას „სიყვარული აქცენტით“, რომლის პირველი გმირებიც კომპოზიტორი და მომღერალი ალექსანდრ ვერტინსკი და მისი მეუღლე ლიდია წირღვავა არიან.

იგორ ობოლენსკი

1915 წლის ზაფხულში ტფილისის ოპერის თეატრი გადავსებული იყო — ალექსანდრ ვერტინსკის კონცერტზე დასწრებას მთელი ქალაქი ოცნებობდა. როდესაც შანსონიემ შესავალი სიტყვა დაასრულა, სცენაზე ცოცხალი ყვავილებით გაწყობილი ავტომობილი გამოაგორეს, ხოლო თავად მომღერალი, ფარდის დაშვების შემდეგ, დიდებულ ვახშამზე გააქანეს ორთაჭალის ბაღებში.

სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოსდევდა, სუფრას მზის ამოსვლამდე ამატებდნენ ახალ–ახალ კერძებს, ხოლო მუსიკოსები ოსტატურად უქმნიდნენ სასიამოვნო ფონს მოქეიფეებს.

და გრძნობამორეულმა და მთელ ბაღში დაფრქვეული სიყვარულის ტალღებზე მოტორტმანე ვერტინსკიმ წარმოთქვა: „თუ ოდესმე დავქორწინდები, მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ქალს შევირთავ“.

გაივლის წლები და დიდი არტისტი დანაპირებს შეასრულებს.

© РИА Новостиალექსანდრ ვერტინსკი
ალექსანდრ ვერტინსკი - Sputnik საქართველო
ალექსანდრ ვერტინსკი

 

1942 წელს, შანხაის ღამის კლუბ „რენესანსში“ კონცერტის შემდეგ 53 წლის ვერტინსკიმ მომხიბლავი ქართველი ქალი, 19 წლის ლიდია წირღვავა გაიცნო.

გოგონას მამა, ვლადიმერ წირღვავა ჩინეთი–აღმოსავლეთის რკინიგზის სამმართველოში მუშაობდა და ქალიშვილიც ხარბინში შესძენოდა. 20–იანი წლების ხარბინი — ეს ის ქალაქი იყო, სადაც უამრავი ემიგრანტი ცხოვრობდა რუსეთის იმპერიიდან, ბევრი რუსული რესტორანიც არსებობდა, რუსულენოვანი გაზეთებიც გამოიცემოდა და რუსული სკოლებიც იყო გახსნილი.

ძველი თბილისი, აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
ამბავი სამი ტფილისელი დისა, ირანის პრემიერისა, დიდი მხატვრისა და ჰიდროტექნიკოსისა

ლიდიას დედა — ასევე ლიდია პავლეს ასული ფომინა, რუსი იყო და შინ რუსულად საუბრობდნენ. თუმცა პატარა ლიდია კვირაობით ხარბინის ქართველთა საზოგადოების მიერ გახსნილ სკოლაში დადიოდა, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში დაეარსებინა თავად წულუკიძეს, რათა ჩინეთში მცხოვრებ ქართველებს ენა და ტრადიციები შეენარჩუნებინათ.

ყოველი წლის 27 იანვარს ხარბინის ქართველობა ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს საპატივსაცემოდ საზეიმო მეჯლისს აწყობდა ხოლმე. 1933 წელს დღესასწაულზე შეკრებილ ხალხს ხალისიანი განწყობა სამწუხარო ამბავმა სევდით შეუცვალა: იმ დღეს ვლადიმერ წირღვავა გარდაიცვალა.

© Енгалычевმსახიობი ლიდია ვერტინსკაია
მსახიობი ლიდია ვერტინსკაია - Sputnik საქართველო
მსახიობი ლიდია ვერტინსკაია

მამის გარდაცვალების შემდეგ ლიდია და დედამისი შანხაიში გადავიდნენ საცხოვრებლად, ქალაქში, სადაც ოჯახის მეგობრები სახლობდნენ. ლიდიამ ჯერ კერძო პანსიონი, მერე კი სკოლაც დაამთავრა და სანაოსნო კომპანიაში დაიწყო მდივნად მუშაობა. ქალბატონი ფომინა ოცნებობდა, ქალიშვილი მასზე შეყვარებული მრავალრიცხოვანი კაპიტნებიდან ერთ–ერთისთვის მიეთხოვებინა, მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად განსაჯა.

ერთ–ერთ საღამოს ლიდია მეგობრებთან ერთად ეწვია ღამის კლუბს, სადაც ალექსანდრ ვერტინსკი უნდა გამოსულიყო. მომღერალი გოგონას მეგობრებს იცნობდა და ამიტომ, როგორც კი გამოსვლა დაასრულა, მათ მაგიდას მიუჯდა. მერე ვერტინსკი ხუმრობდა ხოლმე, ეს დაჯდომა სამუდამო გამოდგაო.

ხოსე რაულ კაპაბლანკა და ოლგა ჩუბაროვა - Sputnik საქართველო
დედოფლად ქცეული ტფილისელი თავადის ასულის ისტორია

მომღერალს პირველი დანახვისთანავე მოეწონა ლიდია, ხოლო როცა მისი ეროვნებაც შეიტყო, მთლად აღფრთოვანდა.

— ქართველები რას გეძახიან?—  ჰკითხა არტისტმა ლიდიას.

— ლილას მეძახიან, იმიტომ რომ ქართულში ასო я არ არსებობს, – უპასუხა გოგონამ.

— შესანიშნავია! — წამოიძახა ვერტინსკიმ. — მეც ასე დაგიძახებთ, ოღონდ თქვენც ქართულად, სანდროთი მომმართეთ…

© РИА Новостиლიდია ვერტინსკაია "ფენიქსის" როლში
ლიდია ვერტინსკაია ფენიქსის როლში - Sputnik საქართველო
ლიდია ვერტინსკაია "ფენიქსის" როლში

სულ ერთი წელი იყვნენ დანიშნულები. მათი რომანი ძირითადად წერილებით შემოიფარგლებოდა. გასტროლებზე მიმავალი ვერტინსკი სატრფოს წერდა ხოლმე: „მე თქვენ გაღმერთებთ, ჩემო პატარა ქართველო ქალბატონო! გაღმერთებთ, მიუხედავად ქართული საზოგადოებისა და თქვენი ახლობლების აკრძალვებისა!“

ქალბატონი ლიდია ფომინა მართლაც წინააღმდეგი იყო ქალიშვილისა და ცნობილი მომღერლის ურთიერთობისა. ის თავადაც უმცროსი გახლდათ ვერტინსკიზე და ამიტომ ძალიან აშფოთება წყვილის ასაკში უზარმაზარი სხვაობა. მაგრამ 1942 წლის 26 აპრილს შანხაის მართლმადიდებლურ ტაძარში ჯვრისწერა მაინც შედგა.

ოფიციალური ქორწინება ლიდია წირღვავასა და ალექსანდრ ვერტინსკის შორის ტოკიოში, საბჭოთა კავშირის საელჩოში დარეგისტრირდა, ვინაიდან შანხაიში მხოლოდ საკონსულო არსებობდა.

ერთი წლის შემდეგ ვერტინსკის მრავალრიცხოვანი თხოვნა სამშობლოში დაბრუნების უფლებაზე, როგორც იქნა, შეისმინეს და ახალგაზრდა ოჯახმა, რომელშიც უკვე დაბადებულიყო გოგონა მარიანა — საბჭოთა კავშირის საზღვარი გადალახა.

ვერტინსკები თავდაპირველად მოსკოვის სასტუმრო „მეტროპოლში“ გაჩერდნენ, მოგვიანებით კი გორკის ქუჩაზე (ახლანდელი ტვერსკაიას ქუჩა) მდებარე ბინაში გადაბარგდნენ. ერთ დღესაც ვერტინსკიმ ოჯახი თბილისში წაიყვანა — ჩინეთში „დაწყებული“ ქორწილი საქართველოში თაფლობის თვით გაგრძელდა. 

მიხეილ ბულგაკოვი - Sputnik საქართველო
თბილისი: ოსტატი და მარიკა

ლიდია წირღვავა ამას ასე იხსენებდა: „1944 წელს ვერტინსკიმ მთელი ოჯახი საქართველოში წაგვიყვანა, რათა მამის სამშობლოში ცხოვრების საშუალება მოეცა. გამაოგნებელი სილამაზის თბილისში უსაშველო სიცხე იდგა. მე კი მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად და ქალაქის სასტუმროში ცხოვრება, ხვატის გამო, შეუძლებელი იყო. გავიკითხეთ, სად სჯობდა ზაფხულის გატარება და ბორჯომი გვირჩიეს.

„ელექტრიჩკით“ წავედით ბორჯომში აგარაკის დასაქირავებლად. ყველა ბინა უკვე გაქირავებული დაგვხვდა და ამიტომ მთაზე ავედით სახლის საშოვნელად. მალე ვიპოვეთ შესაფერისი სახლი, რომლის მეორე სართულზე ორი დიდი ოთახი და ტერასა იყო. დავიქირავეთ და მეზობლებსაც შევუთანხმდით, რომ თხის რძით მოგვამარაგებდნენ.

ბორჯომში ორი თვე დავყავით და იქვე აღვნიშნეთ ჩვენი გოგონას, მაშენკას — ბიბის პირველი დაბადების დღე. ბორჯომი შესანიშნავი კლიმატის, ზღაპრული სილამაზის კურორტია. დავდიოდით ცნობილი სამკურნალო წყლის დასალევად, სადაც ბევრი ჯარისკაცი გვხვდებოდა. ისინი იქ ჰოსპიტლებიდან გამოწერის შემდეგ ჩამოსულიყვნენ ჭრილობების მოსაშუშებლად. ჯარისკაცებს ძალიან შეუყვარდათ ჩვენი მაშენკა, ეთამაშებოდნენ ხოლმე, ეტყობა, საკუთარი სახლი და მონატრებული შვილები ახსენდებოდათ“.

© Александр Поляковლიდია, მარიანა და ანასტასია ვერტინსკები
ლიდია, მარიანა და ანასტასია ვერტინსკები - Sputnik საქართველო
ლიდია, მარიანა და ანასტასია ვერტინსკები

საქართველო ყოველთვის თბილად ხვდებოდა ვერტინსკის და ისიც ხშირად ჩამოდიოდა აქ გასტროლებზე. ალექსანდრ ნიკოლაევიჩი აუცილებლად სწერდა ხოლმე მეუღლეს ყველა მოგზაურობის შესახებ. ლიდია წირღვავას იმ დროს რეჟისორ პტუშკოს ფილმ „სადკოში“ იღებდნენ, სადაც ფენიქსის როლი უნდა შეესრულებინა.

საქართველოში მყოფი ვერტინსკი ძალიან ღელავდა ამ გადაღებების გამო და ცოლს წერდა: „როგორაა ფენიქსის საქმეები? თბილისამდე ამას ვერ შევიტყობ…“

საქმე კარგად იყო. პტუშკოს კინოზღაპარმა ლიდია წირღვავა ნამდვილ ვარსკვლავად აქცია.

მარიანა ალექსანდროვნამ, ვერტინსკების უფროსმა ქალიშვილმა მაშენკამ მიამბო: „დედას ხუთი შვილის ყოლა უნდოდა, მაგრამ მამამ შეაჩერა. მას კარგად ესმოდა, რომ დიდი ოჯახის შენახვა მარტოს ძალიან გაუჭირდებოდა. ჩემი, ჩემი დის, დედისა და ბებიის გარდა, ჩვენთან დამხმარე ქალიც ცხოვრობდა და ბონაც, რომელიც მე და ნასტიას ინგლისურს გვასწავლიდა“.

ვერტინსკიმ მეუღლე დაარწმუნა, ოჯახის დამოუკიდებლად შენახვა რომ შეგეძლოს, პროფესია გჭირდებაო და სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში ჩაბარება ურჩია. ლიდიამ სასწავლებელი 1955 წელს დაამთავრა.

სწავლის პარალელურად მას კინოშიც იღებდნენ — მასაც და ვერტინსკისაც. ის კი არა, ალექსანდრ ნიკოლაევიჩს ფილმ „განწირულთა შეთქმულებაში“ შესრულებული როლისთვის სტალინური პრემიაც კი მიენიჭა. ეს ერთადერთი ოფიციალური ჯილდო იყო მის ცხოვრებაში. როცა კინოსტუდიის ჩინოვნიკები არტისტის რეგალიებით დაინტერესდნენ, ვერტინსკიმ მათ უპასუხა:

— მე არ მაქვს არავითარი წოდება, მაქვს მხოლოდ მსოფლიო სახელი.  
ქალბატონ ლიდიას ვკითხე კიდეც, საერთოდ, ვერტინსკისთვის ჯილდოებს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა–მეთქი? რაზეც მან სრულიად მოულოდნელი პასუხი გამცა:

— რა თქმა უნდა, ჰქონდა. კაცები ხომ ბავშვებივით არიან, ბავშვებს კი მედლები უყვართ.

© Александр Макаровანასტასია, მარიანა ვერტინსკები და ჰარი ანდერსონი
ანასტასია, მარიანა ვერტინსკები და ჰარი ანდერსონი - Sputnik საქართველო
ანასტასია, მარიანა ვერტინსკები და ჰარი ანდერსონი

ოფიციალური წოდებების არქონის გამო არტისტი კონცერტებში მაღალ ანაზღაურებას ვერ იღებდა. სახელმწიფო მისი ერთი საკონცერტო გამოსვლიდან 800 ათას მანეთს იღებდა, თავად ხელოვანს კი მხოლოდ 800 მანეთს უხდიდა. და ეს მაშინ, როცა ბაზარში ერთი ქათამი დაახლოებით ათასი მანეთი ღირდა.

როგორც ლამის ყველა დიდი ადამიანი, ვერტინსკიც ბავშვური მიამიტობით გამოირჩეოდა. ეგონა, რომ მისი ოჯახი მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნებოდა, თუ პოდმოსკოვიეში აგარაკს შეიძენდა.

გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე ოცნება აიხდინა და მოკრძალებული სახლი შეიძინა, რომელიც თავის პირობაზე საკმაოდ ძვირი ღირდა.

— უნდათ, რომ ჩემგან ამოიღონ რევოლუციაზე დახარჯული მთელი ფული, — ხუმრობდა ალექსანდრ ნიკოლაევიჩი.

ზოგადად ძალიან ენაკვიმატი ყოფილა. ქალბატონმა ლიდიამ, რომელსაც სწორედ ხსენებულ აგარაკზე შევხვდი, გაიხსენა, როგორ კომენტარებს აკეთებდა მეუღლე მაღაზიებში მის წარუმატებელ „ვოიაჟებზე“. მე ხომ მიჭირს და მიჭირს ფულის შოვნა, მაგრამ შენ კიდევ უფრო მეტად გიძნელდება დახარჯვაო, ეხუმრებოდა ხოლმე მეუღლეს.

ალექსანდრ ვერტინსკი 1957 წელს გარდაიცვალა. მოსკოვის მსახიობის სახლში კონცერტი იყო. მომღერალი ბოლო ნომრით უნდა გასულიყო სცენაზე, მაგრამ გაჯიუტდა. არაფრით არ სურდა შეესრულებინა სიმღერა „უკანასკნელი ვახშამი“ და ხუმრობით იგერიებდა შეტევებს, ღამით ჭამა მავნებელიაო. თუმცა მაინც არაფერი გამოუვიდა, პუბლიკის ნებას დაჰყვა და ცნობილი სიმღერა შეასრულა…

მალე ლენინგრადში გაემგზავრა, სადაც სასტუმრო „ასტორიის“ ნომერში დალია სული.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვერტინსკი ბორის პასტერნაკს ეწვია. ეს ვიზიტი უნებურად იქცა ანა ახმატოვას დიდი უკმაყოფილების მიზეზად, რომელიც ასევე სტუმრობდა იმ საღამოს პოეტს.

ყველაფერში დამნაშავე სადღეგრძელო იყო, რომელიც ვერტინსკიმ ემიგრანტ პოეტებს მიუძღვნა და თქვა, მხოლოდ ემიგრაციაში შეიძლება გიყვარდეს რუსეთი ისე, როგორც მათ უყვართო. ამაზე ახმატოვამ უპასუხა:

— რუსეთი იმათ უყვართ, ვინც ის უმძიმეს წლებშიც კი არ მიატოვა, საკუთარ თავზე მაქვს ბლოკადა გადატანილი და ჩემი თანდასწრებით ასეთი სადღეგრძელოს თქმა, სულ ცოტა, უტაქტობაა.

პასტერნაკს ახმატოვას წინაშე თავის მართლების მეტი სხვა გზა არ დარჩენოდა იმის გამო, რომ პოეტესა ვერტინსკისთან ერთ კომპანიაში აღმოჩნდა. სწორედ ამის გამო კიცხავდა ყველაზე მეტად ანა ახმატოვა პასტერნაკს.

რუბენ მამულიანი - Sputnik საქართველო
ჰოლივუდელი პიონერი ტფილისიდან

ამ სამ ხელოვანს შორის თითქოს უზარმაზარი უფსკრული გაითხარა. არა და ამ უფსკრულის თავზეც მტკიცე ხიდი იყო გადებული — ხიდი, სახელად საქართველო. რა სამწუხაროა, რომ იმ წუთას ეს არც ერთ მათგანს არ გაახსენდა. 

ვერტინსკის უბედნიერესი ოჯახი ჰქონდა ქართველ ქალთან; ახმატოვას პირველი მეუღლე და მისი ვაჟის მამა, პოეტი ნიკოლაი გუმილიოვი ტფილისში დაიბადა როგორც პოეტი — მისი პირველი ლექსი სწორედ ამ ქალაქში, გაზეთ Тифлисский листок–ში დაიბეჭდა 1903 წელს; ბორის პასტერნაკი კი სულაც მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა საქართველოს…

ყველა ახალი ამბავი
0