იგორ ობოლენსკი
ეს მთლად გაზაფხული არ იყო — აპრილი იდგა, მაგრამ ქუჩაში ისე ციოდა, თითქოს ზამთრის დასაწყისი იყო. „ნაცრისფერი მოსკოვური გაზაფხული. ისიც კი არ ჩანს, დაიბერა თუ არა ხეებზე კვირტები“.
ბულგაკოვს ასეთი ამინდი არ უყვარდა. ამიტომაც შესთავაზა მეუღლეს ტფილისში, იქიდან კი „ბათუმის გავლით მწვანე კონცხზე“ გამგზავრება. 1928 წლის აპრილის შესახებ დაწვრილებითი მოგონებები ლუბოვ ბელოზერსკაია–ბულგაკოვამ შემოგვინახა, მწერლის ცხოვრების თანამგზავრმა.
აიღეს საერთაშორისო ვაგონის ბილეთები და სამი დღის შემდეგ, 24 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე იდგნენ. ბულგაკოვი უკვე ცნობილი დრამატურგი იყო — მოსკოვის მხატვრულ თეატრში უკვე იდგმებოდა „ტურბინების დღეები“, ხოლო ვახტანგოვის თეატრში — „ზოიკას ბინა“. ამ უკანასკნელს ასევე წარმატებით აჩენებდნენ ტფილისის მუშათა თეატრის სცენაზე, ამიტომაც მოგზაურობა სწორედაც რომ საფუძვლიანი იყო.
დასახლდნენ იმ დროსთვის ყველაზე მოდურ სასტუმრო „ორიენტში“, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე, ზუსტად ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინ მდებარეობდა (მოგვიანებით ტაძარს დაანგრევენ და მის ადგილას უმაღლესი საბჭოს შენობას წამოჭიმავენ).
დილით ფრანგულ კაფეში წავიდნენ სასაუზმოდ. იქვე იყო, კუთხეში. ეს ადგილი მეგობრებმა ურჩიეს, უთხრეს „ფრანცუჟენკას“ ეკუთვნის და ყველაზე გემრიელი ნამცხვრები აქვსო. დახლს მიღმა შავთმიანი, სამხრეთული სილამაზის ძალიან მომხიბლავი გოგონა იდგა. ლუბოვ ევგენიევნა ფრანგულად გამოლაპარაკებას შეეცადა, იმან კი უხერხულად გაიღიმა და რუსულად უპასუხა: „ეს ბებიაჩემი ლაპარაკობს ფრანგულად, ახლავე გამოვა. მე კი მარიკა მქვია“.
ასე გაიცნეს ერთმანეთი. რაღაცნაირად იოლად შეეწყვნენ ერთმანეთს და მარიკა ჩიმიშკიანს, ფრანგი დედისა და სომეხი მამის შვილს, ბულგაკოვებმა ტფილისში გიდობა სთხოვეს. ექსკურსიამძღოლის როლის მორგება არ გასჭირვებია, მანამდე საქართველოს დედაქალაქი მაიაკოვსკისთვის ჰქონდა დათვალიერებული.
ეტყობა, იყო რაღაც განსაკუთრებული მარიკაში, რადგან მასთან ურთიერთობა ადამიანებს აჯადოებდა. თორემ, აბა, რაში სჭირდებოდა გამცილებელი ან მაიაკოვსკის — რომელიც ბრწყინვალედ იცნობდა ტფილისს, და ან ბულგაკოვს — რომელიც დედაქალაქში ნამყოფი იყო, ვინაიდან თავის დროზე აქაურ სასულიერო სემინარიაში მისი ბიძა ასწავლიდა?
თავახდილი მანქანა დაიქირავეს და ქუჩებში გაისეირნეს, მერე კი მცხეთისკენ გასწიეს. ერთი დღე მუნჯი კინოს ცნობილ და მთელი ქვეყნისთვის უსაყვარლეს მსახიობთან, ნატა ვაჩნაძესთან სტუმრობას დაუთმეს. ის მეუღლესთან, რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად რუსთაველის პროსპექტთან ახლოს ცხოვრობდა, ალექსანდრე ნეველის ტაძრის აყოლებაზე, მთაწმინდის მხარეს.
ნატა, რომელიც თავადაც ლამის შემთხვევით გახდა მსახიობი (რეჟისორმა მისი ფოტო ატელიეს ვიტრინაში შენიშნა და ასანთის ფაბრიკის თანამშრომელს კინოში გადაღება შესთავაზა), ცდილობდა, თავისი მეგობარი მარიკაც დაეტყვევებინა კინოთი. მარიკამ ორიოდე ფილმში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სამსახიობო კარიერის მიმართ გულგრილი დარჩა.
ტფილისიდან ბულგაკოვები ზღვაზე გაემგზავრნენ. წინა საღამოს „ორიენტის“ რესტორანში გამოსათხოვარი ვახშამი ჰქონდათ, მისამართები გაცვალეს, წერილების მიწერის პირობა დადეს და, როგორც მარიკას ეგონა, სამუდამოდ დაშორდნენ. მაგრამ რამდენიმე დღეში წერილი მიიღო, მერე კიდევ მიიღო და საბოლოოდ დიდი მიწერ–მოწერა გაჩაღდა. ლუბოვ ევგენიევნა მარიკას ფულს უგზავნიდა, ის კი ეგრეთ წოდებულ „სალდათის ბაზარში“ მიდიოდა, სადაც ტფილისელები ემიგრაციაში წასული ნათესავებისგან დანატოვარი ნივთებით ვაჭრობდნენ და ბულგაკოვის მეუღლისთვის „კოფთებს“ ყიდულობდა.
ორიოდე თვის შემდეგ მარიკა ჩიმიშკიანმა ლენინგრადში გამგზავრება გადაწყვიტა და ამის შესახებ ბულგაკოვებს მისწერა. რაზეც სასიხარულო პასუხი მიიღო: მიხაილ ბულგაკოვი და ლუბოვ ბელოზერსკაია ასევე აპირებდნენ ნევაზე მდებარე ქალაქში წასვლას, თანაც სწორედ მაშინ, როცა მარიკა იქ იქნებოდა. რაღა თქმა უნდა, შეხვედრა დათქვეს, ამჯერად სასტუმრო „ევროპეისკაიაში“, რომელიც საუკეთესო იყო ლენინგრადში. ახლა უკვე ბულგაკოვმა მოირგო გიდის როლი და ტფილისელ სტუმარს ქალაქი დაათვალიერებინა.
როცა მარიკა მოსკოვში ჩავიდა, სადგურზე მთელი დელეგაცია დახვდა —ბულგაკოვები და მაიაკოვსკი. პოეტს უნდოდა, რომ მარიკა თვითონ მიეყვანა ნატა ვაჩნაძესთან, მაგრამ ბულგაკოვმა ხელი დაავლო სტუმრის ჩემოდანს და გადაჭრით განაცხადა, ჩვენც წამოვალთ „ბალშაია პირაგოვსკაიაზეო“. მაიაკოვსკი წამიერად დაიბნა, მერე კი მარიკას ბილეთი გამოართვა, ჯიბეში ჩაიდო და უთხრა, აქედან უკან მხოლოდ მაშინ დაბრუნდები,როცა ამის ნებას მოგცემო.
მაგრამ იმჯერად მარიკა ჩიმიშკიანმა მოსკოვში მხოლოდ რამდენიმე დღე გაატარა. უკან, ტფილისში იგივე კომპანია აცილებდა. ლუბოვ ევგენიევნა იხსენებდა:
„მისი გამგზავრების დღეს მაიაკოვსკიმ დარეკა და გვითხრა, მარიკას გასაცილებლად შემოვივლიო… ფართო, ტევად მანქანაში ის და ნატა ვაჩნაძე ისხდნენ. ჩვენ სამნიც შევუერთდით. ვ.ვ. (ვლადიმირ მაიაკოვსკი, — ავტ.) დიდ ყურადღებას იჩენდა მარიკას მიმართ: შოკოლადი, წყალი გზისთვის, ჟურნალები გასართობად. ყველაფერი უბრალოდ და ალერსინად გამოსდიოდა. სიმართლე გითხრათ, მისგან ასეთ რამეს არ ველოდი. უკან მდუმარედ ვბრუნდებოდით და მე ვთქვი:
— რატომ ვართ ჩუმად? გეგონება დაკრძალვიდან მოვდიოდეთ.
ნატას ხმა არ ამოუღია. მაიაკოვსკიმ კი თქვა:
— მართლაც, თითქოს დაკრძალვიდან მოვდივართ“.
ძალიან მალე უკვე მარიკა დახვდა ბულგაკოვს ტფილისში. მისი საქართველოში ჩამოსვლის ოფიციალური მიზეზი თეატრალური საქმეები იყო. ამჯერად ის მარტო იყო… თუმცა, რა ურთიერთობები გაიბა ტფილისელ ლამაზმანსა და მოსკოველ დრამატურგს შორის, ძნელი სათქმელია. ბულგაკოვმცოდნე ლიდია იანიოვსკაია თავის შესანიშნავ წიგნში „ჩანაწერები მიხაილ ბულგაკოვზე“ („Записки о Михаиле Булгакове“) წერს: „ის ძალიან მგრძნობიარე იყო. საოცარია, მაგრამ ყოველი ქალი, რომელიც უყვარდებოდა - სიყვარულით კი სასოწარკვეთით, რომ იტყვიან, ყურებამდე უყვარდებოდა, პირდაპირ იფერფლებოდა — დარწმუნებული იყო, რომ ის ერთადერთი გახლდათ მის ცხოვრებაში. და ვინ იცის, იქნებ არც ცდებოდნენ?“
გამოხდა ხანი. მარიკა ისევ მოსკოვის სადგურის პერონზე იდგა. ამჯერად ბულგაკოვებმა დაიჟინეს, რომ გოგონა მათთან დაბინავებულიყო. ბინა დიდი არ იყო, სულ სამი პატარა ოთახი. მაგრამ მიხაილ ბულგაკოვი უარს არ იღებდა. მარიკა მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა გოგოლის ბულვარზე მეგობართან საცხოვრებლად, რაც მის სმენასაც მისწვდა მთელ მოსკოვში გავრცელებული ხმები, ბულგაკოვმა ვიღაც ჩერქეზი გოგონა ჩამოიყვანა თავისთვის და საერთოდ, როგორ უთმენს ამას ცოლიო.
მერე კი მის ცხოვრებაში დრამატურგი სერგეი ერმოლინსკი გამოჩნდა. როცა მან სერგეისთვის ბედის დაკავშირება და მის სახლში სამუდამოდ გადასვლა გადაწყვიტა, ბულგაკოვები ცრემლებს ვერ მალავდნენ. თითქოს გრძნობდნენ, რომ ქმართან ურთიერთობა ვერ აეწყობოდა. ტიროდა ყველა — ლუბოვ ევგენიევნა, მოსამსახურე მარუსია და თვითონ მარიკაც. ჩემოდანი რომ ასწია, სიმძიმემ გააკვირვა. გახსნა და მასში სუვოროვის ბიუსტი აღმოაჩინა, რომელიც ბულგაკოვს შეუმჩნევლად ჩაედო.
— მიხაილ აფანასიევიჩ, ეს რაღაში მჭირდება?— ძლივს ამოთქვა მარიკამ.
— რაში და, როცა ერმოლინსკი გკითხავს, სადაა შენი ბიუსტიო, არ დაიბნე, ეგრევე სუვოროვი დააძრე, — უპასუხა მწერალმა.
ღირს კი იმის თქმა, რომ მინორული განწყობა მყისიერად შეცვალა მხიარულებამ.
მერე მარიკა მეუღლესთან ერთად სტუმრობდა ხოლმე ბულგაკოვებს— ელენა სერგეევნაზე დაქორწინების შემდეგ მიხაილ ბულგაკოვი საცხოვრებლად ნაშჩოკინსკის შესახვევში მდებარე მწერალთა სახლში გადავიდა. ბულგაკოვიც დადიოდა სტუმრად ერმოლინსკებთან მანსუროვსკის ქუჩაზე მდებარე სახლში, სწორედ იმაში, სადაც ლიტერატურათმცოდნეები შემდგომში ბულგაკოვის ოსტატს დაასახლებენ. სწორედ იქ კითხულობდა მწერალი თავისი რომანის პირველ თავებს.
მარიკა ჩიმიშკიანის ისტორიის გაცნობამდე სულ მაკვირვებდა ერთი ფაქტი — რატომ უწოდებდა მიხაილ აფანასიევიჩი ეზოში მდგარ ფარდულს „ნატა ვაჩნაძის სახელობის კაფეს“. ახლა ეს კითხვა მოიხსნა…
როცა აშკარა გახდა, რომ მიხაილ ბულგაკოვის დღეები დათვლილი იყო, სწორედ მარიკა ჩიმიშკიანს სთხოვა ელენა სერგეევნამ მათთან გადასვლა და მოვლაში დახმარება. ტფილისელი მეგობარი ბულგაკოვის უკანასკნელ საათსაც შეესწრო და მეუღლესთან ერთად ნოვოდევიჩის სასაფლაოზეც გააცილა მწერალი.
ერმოლინსკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი — ეს ფილმ „მაშენკას“ სცენარია, რომელიც მან ევგენი გაბრილოვიჩთან ერთად დაწერა. თუმცა ფილმის ტიტრებში მარიკა ჩიმიშკიანის მეუღლის გვარი არ ჩაუწერიათ, იმ დროისათვის ის უკვე რეპრესირებული იყო.
ომი რომ დაიწყო მარიკა ერმოლინსკაია თბილისში დაბრუნდა. ბევრი იწვალა, რომ მეუღლეც ჩამოეყვანა საქართველოში, მთელი თავისი სანაცნობო ჩართო საქმეში და საბოლოოდ მართლაც ჩამოიყვანა სერგეი თბილისში.
„კომენდანტის საათი ჯერ გაუქმებული არ იყო და არავინ მხვდებოდა. ღამე სადგურზე გავატარე და დილით რუსთაველის პროსპექტისკენ წავედი. ზუსტად ვიცოდი, რომელ სასტუმროში იყო ჩემთვის ნომემრი მომზადებული… სართულის მძინარე მორიგე, რომელიც წამში გამოიპრანჭა, გასაღებით ხელში ჩემს წინ გარბოდა და თან სხარტად მეუბნებოდა, თავად ნატო (ვაჩნაძე, — ავტ.) მოვიდა და დააზუსტა, ყველაფერი მზად იყო თუ არა თქვენს დასახვედრად, სიმონ ჩიქოვანმაც (ცნობილი ქართველი პოეტი, — ავტ.) დარეკა, ხომ არ ჩამოსულაო? შემოდით, ბატონო, დაისვენეთ“.
მერე ერმოლინსკი შუა აზიიდან დაბრუნებიდან მოკლე ხანში მარიკას გაეყარა. ამის მიუხედავად, მწერალი ყოფილი ცოლისგან მოითხოვდა, მისი გვარი დაეტოვებინა. მარიკა წინააღმდეგი არ იყო.
თავად ერმოლინსკიმ კი ელენე სერგეევნა ბულგაკოვას სთხოვა ხელი და მასაც თავის გვარზე გადასვლის პირობა წაუყენა. ელენა სერგეევნა ამაზე მერე ირონიით საუბრობდა…
მარიკა ერმოლინსკაიას ბოლო დღეებმა პლიუშჩიხას ქუჩაზე მდებარე კომუნალურ ბინაში გაიარა. მოსკოვში. ხანდახან ბულგაკოვმცოდნე ლიდია იანოვსკაია სტუმრობდა, რომელიც, ფაქტობრივად, ჩიმიშკიანის ბიოგრაფადაც იქცა. სწორედ ის იხსენებდა, როგორ იღებდა ლამის მთლად დაბრმავებული მარიკა სტუმრებს, როგროც ცდილობდა, ზედმეტად არ გასულიყვნენ ისინი ოთახიდან, რომ ანჩხლი მეზობლების უკმაყოფილება არ გამოეწვია, რომლებსაც არც კი ესმოდათ, ვინ ცხოვრობდა მათ გვერდით. ჩაის სმისას მარიკა მოსკოვისა და ტფილისის, ბულგაკოვისა და მაიაკოვსკის ამბებს ისე იხსენებდა, თითქოს მისი ცხოვრების გმირები ჯერ ისევ იქ, მის გვერდით იყვნენ. ვინ იცის, იქნებ ასეც იყო…