პეტრე ჩაიკოვსკი. ორი გასროლა ტფილისში

© photo: courtesy of National Archives of Georgiaპეტრე ჩაიკოვსკი თბილისში
პეტრე ჩაიკოვსკი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იგორ ობოლენსკი

მწერალი იგორ ობოლენსკი ლეგენდარულ კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკიზე მოგითხრობთ, რომელიც ტფილისში ხშირად სტუმრობდა თავის ძმას ანატოლის.

თბილისი, მუშტაიდის ბაღი. ღია ესტრადის წინ მოედანზე მაყურებლისთვის სკამებია ჩამწკრივებული. ახლა იქ არავინაა, მხოლოდ ერთ-ერთ სკამზე შეყვარებული წყვილია ჩახუტებული. თუმცა, არა, უკან ვიხედები და სამ ხანშიშესულ მამაკაცს ვხედავ, რომელთაგან ერთი წელშია მოხრილი, დაღლილი ეყრდნობა იდაყვებით მუხლებს, ხოლო ორი არაბუნებრივად გამართული ზურგით და სახით ზევით მზის აბაზანებს იღებს. უნიფორმის მიხედვით, ესენი მებაღეები არიან.

მეც მზეს ვუშვერ სახეს. ჩემი სკამი კიდეში დგას, ამის შემდეგ ქვიშით მოფენილი მოედანი იწყება, რომლის შუაგულშიც ნამდვილი გოლიათი ხე წამოჭიმულა. რომ არა მწვანეშეპარული ფოთლები წვრილ ტოტებზე, გორგალივით რომ აქვს შემოხვეული უზარმაზარ ხის ტანს, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ხე ცოცხალია. ორასი წლის იქნება, თუ მეტის არა.

მას ნამდვილად ახსოვს ჭაღარა, კარგი აღნაგობის ბატონი, რომელსაც ტფილისში ყოველი ჩამოსვლისას ხეივანში მარტოს უყვარდა სეირნობა. საქართველოს დედაქალაქში ის საკუთარი ძმის სახლში ჩერდებოდა, რომელიც აქ პროკურორად მსახურობდა.

ქალაქზე შეყვარებული მოგზაური პეტრე ჩაიკოვსკი იყო, რომელიც კავკასიაში მოგზაურობაზე იხსენებდა: „იშვიათად მქონია ცხოვრებაში ასეთი უღრუბლო ბედნიერების მომენტები“.

© Михаил Озерскийპეტრე ჩაიკოვსკი, 1893 წელი
პეტრე ჩაიკოვსკი. ორი გასროლა ტფილისში - Sputnik საქართველო
პეტრე ჩაიკოვსკი, 1893 წელი

კონსულის ქუჩაზე მდებარე ბინაში ყოველთვის ხალხმრავლობა იყო ხოლმე, მხიარულება, მაგრამ — ხმაური. ამიტომ სტუმარს, როგორც შემდეგ ამბობდა, „მარტოობა ეწადა“. მიდიოდა მიხაილოვის (ამჟამად დავით აღმაშენებლის) გამზირზე, თან მოგრძო უბის წიგნაკი მიჰქონდა და „აზრებსა და სახეებზე მსჯელობას“ მიეცემოდა ხოლმე.

უკვე რუსეთში დაბრუნებული მეგობრებს სწერდა, რომ ტფილისს იხსენებს, „როგორც ტკბილ სიზმარს“ და მხოლოდ უკან დაბრუნებაზე ოცნებობს.

საქართველოში ყველაფერი მოსწონდა — „საოცარი სამხრეთული კლიმატი“ „იტალიური ზამთრით“, „ყველგან უამრავი ყვავილი“, ის, რომ მის „ოპერებს აქ ყველაზე ხშირად ასრულებენ, ვიდრე სხვაგან“. გულგრილს არ ტოვებდა ასეულობით შროშანი, რომელიც მთელი ვაგონი სპეციალურად მისთვის ქუთაისიდან გამოიწერეს.

© Михаил Озерскийპეტრე ჩაიკოვსკის ძმები (მარცხნიდან მარჯვნივ): სხედან – ნიკოლაი, პეტრე; დგანან – ანატოლი, იპოლიტი და მოდესტი. 1890 წელი. ქ. კლინში მდებარე პეტრე ჩაიკოვსკის სახლ-მუზეუმის ფონდი
პეტრე ჩაიკოვსკი. ორი გასროლა ტფილისში - Sputnik საქართველო
პეტრე ჩაიკოვსკის ძმები (მარცხნიდან მარჯვნივ): სხედან – ნიკოლაი, პეტრე; დგანან – ანატოლი, იპოლიტი და მოდესტი. 1890 წელი. ქ. კლინში მდებარე პეტრე ჩაიკოვსკის სახლ-მუზეუმის ფონდი

დიდმა კომპოზიტორმა ტფილისზე ისეთი მგრძნობიარე სტრიქონები დაწერა, რომ თითოეულზე მეც მოვაწერდი ხელს.

„რაც შეეხება ტფილისს, — მეც შემეძლო დამეწერა, უკვე ას ოცდაათზე მეტი წლის წინ ქაღალდზე რომ არ იყოს გადატანილი, — ეს სრულებით ევროპული ქალაქია, კარგად მოწყობილი, სუფთა, შესანიშნავი კლიმატით, მდიდრული მაღაზიებით, ჩინებული ოპერით, ერთი სიტყვით, ქალაქი, რომელიც ცივილიზებული ევროპელის მოთხოვნებს სრულად პასუხობს. მაგრამ ამავე დროს ტფილისში ქალაქის ევროპულ ნაწილთან ერთად არის ნამდვილი, სრულებით სახასიათო აზიური ქალაქი. და ეს აზიისა და ევროპის შერწყმა მის მთავარ სილამაზეს წარმოადგენს…“

სახლი, რომელშიც ჩაიკოვსკი ტფილისში ცხოვრობდა, დღესაც არსებობს. ყოფილი კონსულის ქუჩა დღეს თავისი დიდი სტუმრის სახელს ატარებს, ხოლო მე-16 ნომერზე, სადაც პროკურორი ანატოლი ილიას ძე ჩაიკოვსკი ცხოვრობდა, აპარტამენტების პატრონის ძმის ვიზიტის აღსანიშნავად მოვერცხლილი მემორიალური დაფა ჰკიდია. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ წარწერა მემორიალურ დაფაზე მოკრძალებულია — პეტრე ჩაიკოვსკი აქ იმყოფებოდა არა მხოლოდ 1890 წელს, არამედ მანამდეც რამდენჯერმე.

კომპოზიტორის ძმა ანატოლი ილიას ძე, რომელიც საოლქო სასამართლოში დაინიშნა, საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. პრასკოვია ჩაიკოვსკაია, ქალიშვილობაში კონშინა, ტფილისის ერთ-ერთი პირველი ლამაზმანი იყო. პაველ ტრეტიაკოვი — ცნობილი გალერეის დამაარსებელი მისი ბიძა იყო. ქალმა ყმაწვილობიდან იცოდა საკუთარი თავის ფასი. ვალენტინ სეროვის მიერ შექმნილი მისი პორტრეტი ადასტურებს, რომ პრასკოვია ვლადიმირის ასული, ან პანია, როგორც მას ახლობლები უწოდებდნენ, თავისი სილამაზის შეფასებაში სრულებით არ აჭარბებდა.

პრასკოვია ჩაიკოვსკაია
პეტრე ჩაიკოვსკი. ორი გასროლა ტფილისში - Sputnik საქართველო
პრასკოვია ჩაიკოვსკაია

ჩაიკოვსკების სახლში კონსულის ქუჩაზე ნამდვილი სალონი იყო წვეულებებითა და მეჯლისებით. ხანდახან პრასკოვია ვლადიმირის ასული სტუმრებს შესაძლო რომანის ილუზიას ჩუქნიდა.

ერთხელ ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა — ჩაიკოვსკაიაზე შეყვარებულმა ახალგაზრდა ოფიცერმა ივან ვერინოვსკიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან მოასწრო გაეცნო და დაახლოებოდა იმ დროს ტფილისში სტუმრად მყოფ პეტრე ილიას ძეს, ამიტომ ოფიცრის დაღუპვის ცნობა კომპოზიტორმა ძალზე მტკივნეულად განიცადა. კომპოზიტორისგან ტრაგიკული ამბის დამალვასაც ცდილობდნენ, მაგრამ საიდუმლოს შენახვა დიდხანს ვერ მოხერხდა — ანატოლი ილიას ძის მსახურმა მომხდარის შესახებ პეტრე ილიას ძის მსახურს მისწერა, მან კი თავი ვერ შეიკავა და კომპოზიტორს ყველაფერი უამბო.
ტრაგედიის დეტალები ჩაიკოვსკის მოსვენებას არ აძლევდა, ის თავის რძალს მისწერს: „მთელი დღეები ამაზე ვფიქრობ, და ყველაზე დასანანი ისაა, რომ ამან ჩემი კაშკაშა მოგონებები ტფილისზე ბურუსით შემოსა…“

ის ვიზიტი კომპოზიტორისთვის რაღაც საბედისწერო აღმოჩნდა მისი ახალი ნაცნობებისთვის. მალე კიდევ ერთი გასროლის ხმა გაისმა — 1888 წლის დეკემბერში თავი მოიკლა კომპოზიტორის კიდევ ერთმა ტფილისელმა მეგობარმა — სვინკინმა. სწორედ ასე, უბრალოდ გვარით იხსენებს ჩაიკოვსკი მას თავის წერილებში და მხოლოდ მის პროფესიას აზუსტებს: „პროკურორის ამხანაგი, სამართალმცოდნე“.

პეტრე ილიას ძე ძმასთან აღიარებდა: „ძალიან კარგად მახსოვს, რომ ვერინოვსკისთან დაკავშირებით სვინკინი მწერდა, რომ თვითმკვლელობა სისულელეა. და თვითონაც ეს გააკეთა! ყველა გადაირია!“
და მაინც, ტფილისის ხიბლმა იმარჯვა და მტკვარზე გაშლილ უძველეს ქალაქზე ჩაიკოვსკის კეთილი მოგონებები დარჩა.

„ტფილისში დაიბადა „მძინარე მზეთუნახავი“, „იოლანტა“ და „პიკის ქალი“, და ის ამაზე ხშირად მესაუბრებოდა“, — იხსენებდა მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვი.

© Игорь Оболенскийჩაიკოვსკის ქუჩა, ხედი სახლიდან, რომელშიც ჩაიკოვსკი თბილისში სტუმრობისას ჩერდებოდა
პეტრე ჩაიკოვსკი. ორი გასროლა ტფილისში - Sputnik საქართველო
ჩაიკოვსკის ქუჩა, ხედი სახლიდან, რომელშიც ჩაიკოვსკი თბილისში სტუმრობისას ჩერდებოდა

საქართველოს ასევე გაუმართლა თაყვანისმცემელში. ქალაქზე შეყვარებული მოგზაური პეტრე ჩაიკოვსკი იყო, რომელიც კავკასიაში მოგზაურობაზე წერდა: „იშვიათად მქონია ცხოვრებაში ასეთი უღრუბლო ბედნიერების მომენტები“.

რუსი გენიოსის თბილისში ყოფნის დღეებზე ოპერის თეატრის ზღაპრული შენობა გვახსენებს, რომლის მშენებლობის დასრულებაც უშუალოდ იყო ჩაიკოვსკისთან დაკავშირებული — მან მიმართა თხოვნით იმპერატორ ალექსანდრე მესამეს სახსრების გამოყოფასთან დაკავშირებით. სახაზინო თეატრის, როგორც მაშინ რუსთაველის გამზირზე ოპერის თეატრს უწოდებდნენ, აშენება ჯერ კიდევ 1874 წელს დაიწყო, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. უცნობია, როდის გააღებდა თავის კარს ეს მავრიტანული სტილის ნამდვილი სასახლე, რომ არა ჩაიკოვსკის შუამდგომლობა, რომელსაც იმპერატორი უარს ვერ ეტყოდა.

2016 წელს საოპერო თეატრის კაპიტალური რესტავრაცია დასრულდა, დღეს ის საქართველოს დედაქალაქის ცენტრალური ქუჩის ერთ-ერთი მშვენებაა. ხოლო ჩაიკოვსკის სახლს სოლოლაკში ხის ბოძები ამაგრებს. იმედია, რომ ამ სახლის ჯერიც დადგება და მალე თავისი დიდებული იერით მოიწონებს თავს.

ყველა ახალი ამბავი
0