თეთრი მარგალიტების ვარდი ბალეტის „შავი მარგალიტისთვის“ — თამარა თუმანიშვილი

© Архивное фотоთამარ თუმანიშვილი
თამარ თუმანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ და ავტორი იგორ ობოლენსკი ბალეტის „შავ მარგალიტად“ წოდებულ თამარა თუმანიშვილზე გიამბობთ.

ოდესმე თბილისში მას აუცილებლად დაუდგამენ ძეგლს. მიუხედავად იმისა, რომ წინაპართა სამშობლოში არასდროს ყოფილა, თამარა თუმანიშვილი აქ ახსოვთ.

1919 წლის 2 მარტს დაიბადა. მატარებელში მოევლინა ქვეყანას, ციმბირსა და შანხაის შორის. დედამისმა ევგენია თუმანიშვილმა მეუღლესთან — რუს თეთრგვარდიელ ოფიცერთან, კონსტანტინე ზახაროვთან ერთად დატოვა საქართველო და ჩინეთში წავიდა ემიგრაციაში. გზაში კონსტანტინეს ინფექციური დაავადება შეეყარა და გარდაიცვალა. ევგენია მარტო დარჩა და ასე მარტოობაში იმშობიარა მატარებლის ვაგონში.

© არქივის ფოტოთამარა თუმანიშვილი
თამარა თუმანიშვილი - Sputnik საქართველო
თამარა თუმანიშვილი

დედა და შვილი თავდაპირველად შანხაიში დასახლდნენ, იქიდან კაიროში გადავიდნენ საცხოვრებლად, საბოლოოდ კი პარიზში დაფუძნდნენ.

ევგენიამ თამარა მუსიკალურ სკოლაში მიაბარა, ფორტეპიანოს კლასში. გოგონა სიხარულით მირბოდა გაკვეთილებზე, მაგრამ შესვენებაზე კიდევ მეტი სიამოვნებით აკეთებდა სხვადასხვა საცეკვაო პას სკოლის დერეფანში.

ერთ დღესაც მის „ეკზერსისებს“  დიდებული ბალერინა ოლგა პრეობრაჟენსკაია შეესწრო, რომელსაც საკუთარ საქმეებზე შეევლო მუსიკალურ სკოლაში. ის ყურადღებით დაკვირდა გოგონას მოძრაობებს და მერე ევგენიას შესთავაზა, თამარას ჩემს საბალეტო სკოლაში ავიყვანო.

© photo: Sputnikოლგა პრეობრაჟენსკაია ჩაიკოვსკის ბალეტში „მძინარე მზეთუნახავი“
ოლგა პრეობრაჟენსკაია ჩაიკოვსკის ბალეტში „მძინარე მზეთუნახავი“ - Sputnik საქართველო
ოლგა პრეობრაჟენსკაია ჩაიკოვსკის ბალეტში „მძინარე მზეთუნახავი“

20-აინი წლების პარიზში მრავლად იყვნენ ბოლშევიზმის წითელ ცეცხლში გახვეული რუსეთიდან გაქცეული ადამიანები, მათ შორის, მარიინსკის საიმპერატორო თეატრის არაერთი ბალერინაც, რომლებიც ფულს ცეკვის გაკვეთილებით შოულობდნენ.
პრეობრაჟენსკაიას სტუდია, რომელშიც შვიდი წლის თამარა მიაბარეს,   პატივისცემით სარგებლობდა არა მხოლოდ მოწაფეთა, არამედ სახელოვან მოცეკვავეთა შორისაც. იქ თავად ანა პავლოვაც კი დადიოდა ხოლმე სავარჯიშოდ.

ერთხელ, ისე მოხდა, რომ სტუდიაში მისულ პავლოვას ცეკვის კლასი დაკავებული დახვდა — იქ თამარა მეცადინეობდა. დიდი ბალერინა მოსაცდელში ვიღაც ქალბატონის გვერდით სკამზე ჩამოჯდა და კლასის გათავისუფლებას დაელოდა. ეს ქალბატონი ევგენია თუმანიშვილი აღმოჩნდა.

© photo: Sputnikანა პავლოვა
ანა პავლოვა - Sputnik საქართველო
ანა პავლოვა

— ხომ მართლაც გენიალურია ჩემი თამარა?— მიმართა მან ანა პავლოვას.  — ყველაზე ნიჭიერია აქ.

— ჰო, არაუშავს, — უპასუხა პავლოვამ.

ამ პასუხმა ქალი არ დააკმაყოფილა. პატარა ბალერინას დედამ, რომელიც ფრიად ნაწყენი დარჩა ესოდენ მოკრძალებული რეაქციით, საკმაოდ მკვეთრი ტონით ჰკითხა გვერდით მჯდომს:

— თავად თუ ცეკვავთ?

— ცოტას, — ისევ მოკლედ მიუგო პავლოვამ…

თამარა თუმანიშვილის სასცენო დებიუტი, ცხრა წლის რომ გახდა, მაშინ შედგა. კონცერტის მაყურებელთა შორის იყო ჯორჯ ბალანჩინიც (წარმოშობით ქართველი ამერიკელი ბალეტმაისტერი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი გიორგი ბალანჩივაძე. — რედ.), რომელმაც დაუყოვნებლივ მიიწვია  თამარი თავის დასში.

© არქივის ფოტოთამარა თუმანიშვილი სცენაზე
თამარა თუმანიშვილი სცენაზე - Sputnik საქართველო
თამარა თუმანიშვილი სცენაზე

ორ თანატოლ მოცეკვავესთან — ირინა ბარანოვასა და ტატიანა რიაბუშინსკაიასთან ერთად, თამარა მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ „ბეიბი-ბალერინად“ იქცა. გოგონამ, ბალანჩინის რჩევით, დედის გვარი თუმანიშვილი შეიმოკლა და თუმანოვა გახდა.

წლების შემდეგ დახვეწილი, უნატიფესი ოსტატობისა და ეფექტური გარეგნობის გამო თამარა თუმანიშვილ-თუმანოვას ბალეტის „შავი მარგალიტი“ უწოდეს. სერჟ ლიფარი, ლეონიდ მიასინი, ჯორჯ ბალანჩინი და ბრონისლავა ნიჟინსკაია სპეციალურად მისთვის დგამდნენ ცეკვებს, მასთან ერთად ატარებდა რეპეტიციებს მიხაილ ფოკინი.

თამარა მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ სცენებზე ცეკვავდა: პარიზის გრანდ-ოპერაში, ლონდონის კოვენტ-გარდენში, მილანის ლა სკალაში, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერაში.

მასთან მეგობრობდნენ პაბლო პიკასო, მარკ შაგალი, სერგეი პროკოფიევი… 

თამარა თუმანიშვილი პირველი მოცეკვავე იყო მსოფლიოში, რომელმაც ჰოლივუდი დაიპყრო.

© FL/ suehawkinsთამარა თუმანიშვილი გრეგორი პეკთან ერთად — კადრი ფილმიდან
თამარა თუმანიშვილი გრეგორი პეკთან ერთად — კადრი ფილმიდან - Sputnik საქართველო
თამარა თუმანიშვილი გრეგორი პეკთან ერთად — კადრი ფილმიდან

1944 წელს, მას შემდეგ, რაც პროდიუსერსა და სცენარისტს, კეისი რობინსონს გაჰყვა ცოლად, თუმანიშვილი ჟაკ ტერნერის ფილმ „დიდების დღეებში“ გადაიღეს, სადაც მისი პარტნიორი გრეგორი პეკი გახლდათ.

თამარას და კეისის ქორწინებამ სულ ათ წელს გასტანა, აი კინოკარიერა კი ხანგრძლივი გამოდგა. 1966 წელს თუმანშვილი ალფრედ ჰიჩკოკმა გადაიღო „დახეულ ფარდაში“, ხოლო ოთხი წლის შემდეგ — ბილი უაილდერმა ფილმში „შერლოკ ჰოლმსი და პირადი ცხოვრება“.  თამარა თუმანიშვილმა ასევე განასახიერა დიდებული ბალერინა ანა პავლოვა ფილმში „ჩვენ დღეს ვმღერით“.

ძველი თბილისი, აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
ამბავი სამი ტფილისელი დისა, ირანის პრემიერისა, დიდი მხატვრისა და ჰიდროტექნიკოსისა

და რაც მთავარია: ანა პავლოვამ, პრეობრაჟენსკაიას სტუდიაში მომხდარისგან განსხვავებით, ერთ დღეს მართლაც დიდებული კომპლიმენტი გაუკეთა თამარა თუმანიშვილს. „ბეიბი-ბალერინების“ ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ანა პავლოვა კულისებში შევიდა, მკერდიდან ვარდის ფორმის მარგალიტის ბროში მოიხსნა და თამარას აჩუქა.

დღეს ეს ბროში საქვეყნოდ სახელგანთქმულ ქართველ ბალერინასთან, ნინო ანანიაშვილთან ინახება, რომელმაც ასეთი რამ მიამბო:

„ლონდონში გასტროლებისას ბალერინა თამარ ფინჩი გავიცანი, რომელიც თავის დროზე სერგეი დიაგილევის დასში ცეკვავდა და პირადად იცნობდა თამარა თუმანოვას. ვუთხარი, ძალიან მინდა მისი გაცნობა-მეთქი და ფინჩმა დახმარება აღმითქვა. მერე, უკვე ამერიკაში რომ ვიყავი გასტროლებზე თამარა თუმანოვას ტელეფონით დავუმეგობრდი და ვუთხარი, რომ საქათველოში მის შესახებ   უზარმაზარი და ძალიან საინტერესო სტატია დაიბეჭდა. ძალიან გაუკვირდა, რომ აქ ახსოვდათ. მერე თავისი ფოტოები და დიდი, იასამნისფერი შალი გამომიგზავნა საჩუქრად.

© FB/Nina Ananiashvili - Officialნინო ანანიაშვილი
ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
ნინო ანანიაშვილი

ყოველ ახალ წელს ვურეკავდით ერთმანეთს, პირადად კი ლოს-ანჯელესში დიდი თეატრის გასტროლებისას გავიცანი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იური გრიგოროვიჩი კულისებში შემოვიდა და თამარა შემოიყვანა, რომელმაც მოულოდნელად მითხრა: ნინა, თქვენთვის პატარა საჩუქარი მაქვს, ოღონდ ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით, ეს ძალიან ძვირფასი ნივთიაო. მერე მომცრო კოლოფი გახსნა, რომელშიც ბროში იდო, ხოლო პაწია ბარათზე ეწერა, რომ ის თავის დროზე ანა პავლოვას ეკუთვნოდა. თურმე თამარა ჯერ კიდევ დამწყები ბალერინა ყოფილა, როცა პავლოვას ის მისთვის უჩუქებია. ახლა მე თქვენ გჩუქნითო, მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხართ ბალერინა; მინდა, რომ ეს ბროში მთელი ცხოვრება თან გქონდეთ და თქვენი თილისმა იყოსო. ლამის გონება დავკარგე  სიხარულისა და გაოცებისგან. 

მერეც ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ვოცნებობდი, რომ მის საპატივცემულოდ და მისი დასწრებით ნიუ-იორკში ან მოსკოვში გალა-კონცერტი მომეწყო, მაგრამ უკვე ავადმყოფობდა. არსად წასვლა არ შემიძლია, ერთ ადგილას ვარ მიჯაჭვულიო, მითხრა".

მართლაც მალევე, 1996 წლის 29 მაისს გარდაიცვალა კალიფორნიაში, სანტა-მონიკაში.

თუმანოვა ძალიან საინტერესო ქალი გახლდათ და გული მწყდება, რომ ვერ მოვახერხე მასთან გემრიელად დაჯდომა და გულიანი საუბარიო, გამიზიარა ნინო ანანიაშვილმა და იქვე დაამატა, მაინც გამუდმებით მახსოვს და ძალიან ვუფრთხილდები მის საჩუქარსო.

 

ყველა ახალი ამბავი
0