თამაზ ჩიქვანაია
გასული საუკუნის მეორე ნახევარში, თბილისელი დიასახლისების (და არა მარტო მათი) წინასაახალწლო გასართობი, ორი ფილმის მოლოდინი გახლდათ: ელდარ რიაზანოვის “ბედის ირონია“ და ამერიკული მიუზიკლი „მზიური ველის სერენადა“. სულ ახლახანს გარდაცვლილი რიაზანოვის ფილმი, მართლაც შეუდარებელია,თუმცა ამ ჯერზე ამერიკულ მიუზიკლზე გიამბობთ. გენიალურად დადგმულ სიმღერა „ჩატანუგა ჩუ-ჩუ“-ს მაშინდელი თბილისის ნებისმიერ უბანში გაიგონებდით. მოდით თავიდან დავიწყოთ და ამ შედევრის მთავარი გმირის ისტორიას გავეცნოთ:
სონია ჰენიმ ან როგორც სამშობლოში ეძახდნენ, ჩრდილოელმა თოჯინამ 24 წლისამ დაასრულა თავისი წარმატებებით აღსავსე სპორტული კარიერა და ძალიან მალე ჰოლივუდის დაპყრობაც მოახერხა. ფიგურულ ციგურაობაში სონია ჰენის ეკუთვნის რეკორდები, რომელთა გამეორება დღემდე ვერავინ მოახერხა: იგი ერთადერთი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია ერთეულთა თანრიგში, ათგზის მსოფლიოს და ევროპის 6 გზის ჩემპიონია.
ის იყო პირველი, ვინც ფიგურულ ციგურაობაში საბალეტო ქორეოგრაფია დანერგა და ამისთვის რამდენიმე წლის მანძილზე გამოჩენილ რუს ბალერინა ტამარა კორსავინასთან ემზადებოდა. 1927 წელს მის მიერ შესრულებული მომაკვდავი გედის ცეკვას ჩაიკოვსკის მუსიკაზე ისეთი წარმატება ხვდა, რომლის მსგავსი მანამდე არავის ენახა, ამიტომაც შეარქვეს პავლოვა ყინულზე.
სონია ყოველთვის ნახულობდა დროს, რომ თავდაუზოგავად ევარჯიშა, რადგან შესასრულებელი ჰქონდა ფიცი, რომელიც 1926 წელს თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე დადო, როცა 14 წლისა მეორე ადგილზე გავიდა. ჟურნალისტის კითხვაზე რატომ ტირითო, უპასუხა ძალიან ცუდი ყოფილა დამარცხება, ვფიცავ ამიერიდან მხოლოდ პირველ ადგილზე გავალო. გეგულებათ ადამიანი, მით უმეტეს ჟურნალისტი, ვინც ამას დაიჯერებდა? არადა სონია ჰენმა თავისი ფიცი აასრულა, კარიერის მანძილზე აღარასდროს დამარცხებულა, ასე თავაწეულმა 1936 წელს დაასრულა სპორტული კარიერა და ახალი მწვერვალების დასაპყრობად ამერიკას მიაშურა. იქ მას ელოდება პროფესიონალური ბალეტი ყინულზე და ჰოლივუდი.
გამარჯვებებს მიჩვეულმა ნორვეგიელმა გოგონამ ორივე ახალი სიმაღლე პირველივე ცდაზე დაიპყრო. „ჰოლივუდის ყინულის რევიუმ“ – რომლის მთავარი ვარსკვლავიც სონია გახდა, მთელი მსოფლიო მოაჯადოვა, კინომსახიობის კარიერაც ისე აეწყო, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა. საყოველთაო აღიარება მოუტანა რეჟისორ ბრიუს ჰამბერსტოუნის „მზიური ველის სერენადამ“. ეს ერთადერთია მის მიერ ნათამაშები 15 კინოფილმიდან, რომელიც საბჭოთა კავშირში აჩვენეს, მოგეხსენებათ, „ცივი ომის“ ეპოქაში ამერიკული ფილმებით განებივრებული არ ვიყავით, მაგრამ სონია ჰენის შეუდარებელმა ღიმილმა და არტურ მილერის საოცარმა მუსიკამ თვით საბჭოთა კავშირის იმდროინდელი ლიდერები მოხიბლა და ჩვენც, უბრალო მოკვდავებს ამ დიდებული მიუზიკლის ნახვის საშუალება მოგვეცა. ჩემი და ცოტა ჩემზე უფროსი თაობის წარმომადგენლები დამეთანხმებიან, რომ ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლამ სხვა ყველაფერი გადაფარა და სადაც არ მიხვიდოდი სონია ჰენის, ჯონ პეინის და არტურ მილერის სახელებს გაიგებდით.
თუმცა, იყო მის ცხოვრებაში ფურცელი, რომელსაც სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვაგვარად უდგებიან. საუბარი მაქვს ადოლფ ჰიტლერთან მის ურთიერთობაზე. მას ხშირად უწევდა გერმანიაში გამოსვლა და არა მარტო გერმანელი ხალხის, არამედ მათი ფიურერის ფავორიტადაც იქცა. პირველი სკანდალი მაშინ აგორდა, როცა გარმიშ- პარტენკირხენის ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე, ბერლინში გამართულ გამოფენაზე ჰიტლერს ნაცისტური ჟესტით მიესალმა. ნორვეგიულმა პრესამ ეს არ აპატია და მკაცრად დაგმო მისი საქციელი. უკვე ოლიმპიადაზე სონიამ ეს გაითვალისწინა და იგივე არ გაიმეორა, თუმცა თამაშების შემდეგ სტუმრად ეწვია ჰიტლერს, სადაც ფიურერმა თავისი ფოტო უსახსოვრა ავტოგრაფით. პარალელურად, როგორც ყველა ამერიკელი ვარსკვლავი მხარს უჭერდა შეერთებული შტატების სამხედრო აქტივობას, თუმცა საჯაროდ გერმანული ნაციზმის დაგმობისგან თავს იკავებდა. მიუხედავად ყველაფრისა, ომის შემდეგ ნორვეგიაში საოცარი ანშლაგით ჩაიარა მისმა გამოსვლებმა შოუში „ზეიმი ყინულზე“, ის ისევ მათი ჩრდილოელი თოჯინა იყო, მომნუსხველი ღიმილითა და ყინულზე მოხაზული უბადლო პირუეტებით.
სონია ჰენიზე საუბარს მისი ცნობილი გამონათქვამით დავასრულებ: „თუ თქვენს თავზე მცირე წარმოდგენა გაქვთ, სამყარო არცერთი გროშით მეტს არ შემოგთავაზებთ“.