უინსტონ ჩერჩილი: ცუდ ხელისუფლებას ირჩევს კარგი ხალხი, რომელიც არ დადის არჩევნებზე

© photo: Pixabay / 4144132გზის გასაყარზე
გზის გასაყარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს გადაწყვეტილი მქონდა, ჩვენ აივანზე სტუმრად მომეწვია ჰოლივუდის კინოვარსკვლავი არნოლდ შვარცენეგერი, რომელიც ზუსტად ამ დღეს, 2003 წლის 7 ოქტომბერს აირჩიეს კალიფორნიის გუბერნატორად. მაგრამ სიტყვა „აირჩიეს“ რომ ჩამესმა, ვიფიქრე და გადავწყვიტე: არავინ რომ არ დაგვაბრალოს, რომ ნამეტანი გადავარდნილები ვართ ოცნებებსა და ვირტუალობაში და მოვწყდით რეალობას, გავითვალისწინოთ, რომ ხვალ საქართველოში არჩევნებია და ერთი დილა ამ თემას მივუძღვნათ. თანაც, ჩვენ რომ ვიცით, ისე, მსუბუქად… 

თქვენზე და ჩემზე კარგად ვინ იცის, რომ ეს ჩვენი აივანი არასდროს ყოფილა პოლიტიზებული და არც არასდროს იქნება, მაგრამ ყველას, ბუნებრივია, გვაქვს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია, გაგვაჩნია პასუხისმგებლობა და ამიტომაც ხვალ, სავარაუდოდ, ყველა ჩვენს არჩევანს გავაკეთებთ…

თამაზ ჭეიშვილი - Sputnik საქართველო
ტყუის თუ არა დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ჭეიშვილი არჩევნებამდე და სექსის მერე?

ვინ რა არჩევანს, ეს თითოეული ადამიანის პირადი საქმეა, მთავარია, რომ ვიყოთ ბოლომდე გულწრფელები და, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.

რა თქმა უნდა, შეგვიძლია ამ შაბათ დღეს დავისვენოთ, ვიფიქროთ, ეს ჩემი ერთი კინკილა ხმა ვის რას მოუმატებს ან მოაკლებსო, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ამ „კინკილა“ ხმებისგან იქმნება ჩვენი ქვეყნის ისტორია და მომავალი.

ჩვენ თაობას ის დროც ახსოვს, როდესაც საბჭოთა პერიოდში ძალიან სასაცილო არჩევნები ტარდებოდა. ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო შეყვანილი და იმას ვაძლევდით ხმას. მაშინ მართლა არ ჰქონდა არანაირი აზრი არჩევნებზე სიარულს. ხშირად ეზოში ბიულეტენებს ვაგროვებდით და ვინმე ერთ „აქტივისტს“ მიჰქონდა საარჩევნო უბანში. სხვათა შორის, თუ არ ვცდები, ჩრდილოეთ კორეაში ასეთი სისტემა დღემდე მოქმედებს — ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება არჩევნები და კანდიდატიც ერთადერთია.

არ ვიცი, მე ხომ საერთოდ გამოუსწორებელი ოპტიმისტი და იდეალისტი ვარ, მაგრამ ხვალ აუცილებლად გამოვიპრანჭები და წავალ ხმის მისაცემად და პირველ რიგში იმიტომ, რომ პატივს ვცემ საკუთარ თავს, საკუთარ აზრს და საკუთარ ხმას.

ტყუპები - Sputnik საქართველო
გთხოვთ, მოიმარჯვოთ ლუპები, რომ გაარჩიოთ ტყუპები...

და კიდევ იმიტომ, რომ კარგად მახსოვს უინსტონ ჩერჩილის ერთი ცნობილი გამოთქმა: „ცუდ ხელისუფლებას ირჩევს კარგი ხალხი, რომელიც არ დადის არჩევნებზე“.

ისე კი, რომ დაფიქრდე, ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში არჩევანს აკეთებს, ყოველდღიური პატარა რაღაცებიდან დაწყებული — რა ჩაიცვა, რა მიირთვა, რას უყურო ტელევიზორით, სად წახვიდე სამსახურის შემდეგ და ა.შ., უფრო გლობალური საკითხებით დამთავრებული — რა პროფესია აირჩიო, ვისთან იმეგობრო და ვინ შეგიყვარდეს… თუმცა, სიყვარულს რაც შეეხება, ცოტა რთული სათქმელია. ზოგჯერ მგონია, რომ, აი, სწორედ ამ არჩევანს ჩვენ მაგივრად რაღაც ძალა აკეთებს, რომელსაც სინამდვილეში სულაც არ აინტერესებს ჩვენი არჩევანი…

შედედებული რძე - Sputnik საქართველო
„ხრუშჩოვკა“, „სგუშჩონკა“ და მილიონერი გეილ ბორდენი...

ორი დღეა ვეძებ ინფორმაციას, როდის ჩატარდა კაცობრიობის ისტორიაში პირველი ოფიციალური არჩევნები. ყველა ისტორიული წყაროს მიხედვით, დროის ქვედა ზღვარია ძველი საბერძნეთი და რომი. ძველ რომში არჩევნები ტარდებოდა ლობიოს მარცვლების საშუალებით — ლობიოს თეთრი მარცვალი ნიშნავდა, რომ  გადაწყვეტილებას მხარს უჭერ, ხოლო მუქი მარცვალი — რომ წინააღმდეგი ხარ. რა ადვილი იქნებოდა მაგ დროს არჩევნების ფალსიფიცირება — იყიდე ერთი-ორი კილო ლობიო და…

ძველ რომში წინასაარჩევნო კამპანიებიც კი ტარდებოდა. არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე კანდიდატი გაეხვეოდა ხოლმე თეთრ ტოგაში (რაც აზრებისა და განზრახვების სიწმინდეს ნიშნავდა) და დადიოდა ხალხში… ნეტავი, ბაც კრემისფერ ტოგაში მაინც თუ ვინმე დადიოდა, ისე, თავმდაბლობისთვის?

საინტერესოა, რომ მსოფლიოში ყველაზე ძველ პარლამენტად ითვლება ისლანდიის პარლამენტი, რომელიც პირველად 930 წელს შეიკრიბა და დღემდე არსებობს. არ დაიჯერებთ და იმ ძველი პარლამენტის მიერ მიღებული ზოგიერთი კანონი ისლანდიაში დღემდე მოქმედებს. მაგალითად, ცხენი, რომელსაც ნებისმიერი მიზეზით გაიყვანენ კუნძულიდან, მათ შორის, საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობისთვის, კუნძულზე ვეღარ დაბრუნდება. ეს კანონი მოქმედებს 982 წლიდან. საწყალ ცხენებს კი, სავარაუდოდ, არავინ ეკითხება, უღირთ კი სამშობლოს დაკარგვა საერთაშორისო აღიარების ფასად?

შუქნიშანი - Sputnik საქართველო
„ცხოვრებაში მთავარია, რომ არ მოხდეს ავარია“

საერთოდ, არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ინფორმაცია მაქვს თქვენთვის შემონახული.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რონალდ რეიგანმა თავის დროზე საოცარი რეკორდი დაამყარა: 1984 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მან 50 შტატიდან 49-ში გაიმარჯვა და დარჩენილ ერთ შტატშიც მას სულ რაღაც 4000 ხმა დააკლდა.

სამაგიეროდ, ლიბერიის პრეზიდენტი ჩარლზ კინგი შევიდა გინესის რეკორდების წიგნში იმის გამო, რომ 1927 წელს ის პრეზიდენტად აირჩიეს ისტორიაში ყველაზე ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგად. ანუ, მას ხმა მისცა 234 000-მა ამომრჩეველმა იმ დროს, როცა ქვეყანაში ოფიციალურად დაფიქსირებული იყო მხოლოდ 15 000 ამომრჩეველი.

„პაპიროსზე საშიში არის მხოლიდ ... ჰაშიში“... - Sputnik საქართველო
„პაპიროსზე საშიში არის მხოლოდ... ჰაშიში!“

არჩევნების მხრივ ყველაზე პროგრესული ქვეყანა აღმოჩნდა ახალი ზელანდია, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ადრე, 1893 წელს მისცა მანდილოსნებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

პუერტო-რიკოში კი დღემდე 4 წელიწადში ერთხელ ტარდება არჩევნები იმასთან დაკავშირებით, დამოუკიდებლობა ურჩევნიათ, თუ აშშ-ის შემადგენლობაში შესვლა. 

ამ სახალისო ისტორიების ბოლოს შემონახული მაქვს ყველაზე საოცარი — თურმე, სადამ ჰუსეინის 2002 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა უიტნი ჰიუსტონის სიმღერა I WILL ALLWAYS LOVE YOU. აი, ასეთი სისუსტეები ახასიათებთ ზოგჯერ დიქტატორებსაც. 

ყველაზე დიდი ალმასი უნიკალური ვარდისფერი (Unique Pink). - Sputnik საქართველო
„ზიზილ-პიპილოები“ - ექსელსიორი და კულინანი...

ბოლოს კი, მინდა დავასრულო მაინც ჩვენი საქართველოთი და გავიხსენო ნაწყვეტი საოცარი პოეტის გიორგი ლეონიძის ლექსიდან:

„წინანდალში ჭავჭავაძის

ქალების დგას წამწამთ ჩერო.

არჩევანი, არადანი,

რომელ მათგანს ავარჩევო?“

მე მჯერა, რომ დადგება საქართველოში ისეთი დღე, როცა მხოლოდ ასეთ და ამგვარ არჩევანზე ვიფიქრებთ და ვიკამათებთ…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და არჩეულ-გამორჩეულად ლამაზ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0