გთხოვთ, მოიმარჯვოთ ლუპები, რომ გაარჩიოთ ტყუპები...

ტყუპები
ტყუპები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

გონიოში, მგონი, ამინდი კალაპოტში დგება და გვეშველა… თუმცა, ზღვა ნებისმიერ დარში შესანიშნავია… მე, მაგალითად, ყველაზე მეტად ცურვა კოკისპირულ წვიმაში მიყვარს… როდესაც ერთმანეთში გერევა ზღვა და ცა… არ გამიგონ საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა დამსვენებლებმა, თორემ მომკლავენ… ბოლოს, მგონი, რაღაცა შამანურ რიტუალებს ატარებდნენ, აჭარაში მზის გამოსაძახებლად… საგზური უყიდიათ შავ ზღვაზე და შავი ზღვიდან თეთრები ხომ ვერ დაბრუნდებიან?  

დღეს კი, ჩვენს აივანზე რომ ამოხვალთ, დაგხვდებათ პრეზიდიუმი განსაკუთრებით გამორჩეული სტუმრებისთვის… როგორც ყველა პრეზიდიუმი, ის არაფრით არ განსხვავდება  სხვა ადგილებისგან, დასახელების გარდა… მაგრამ მასში ადგილები ამჟამად განკუთვნილია ტყუპისცალებისთვის ან იმათთვის, ვისაც გვარში ტყუპები ყავს…

და იცით რატომ? იმიტომ, რომ ზუსტად ამ დღეს, 1987 წლის 6 სექტემბერს ბალტიმორში ჩატარდა მსოფლიოში პირველი და წარმატებული,  „სიამის ტყუპების“ განცალკევების უნიკალური ოპერაცია… ეს მართლაც უდიდესი გამარჯვება იყო ქირურგიაში, რადგანაც, წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერებაა, ოჯახში 2 ბავშვი ერთდროულად რომ იბადება და რამდენად მტკივნეულია იმის შეგრძნება, რომ ორივეს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან, უკეთეს შემთხვევაში ძალიან მძიმე არსებობა…

სხვათაშორის, მინდა გამოგიტყდეთ, რომ დღეს პრეზიდიუმში თუ არავინ აღმოჩნდა, მე მაინც დავიკავებ ჩემს კუთვნილ ადგილს, რადგანაც, მართლა მეკუთვნის… ჩემს დედიკოს უკრაინელი მამის მხრიდან 2 წყვილი  ტყუპი ბიძა ყავდა  და მეც შეიძლება მყოლოდა ტყუპი ძმები, ჩემზე 3 წლით უმცროსები, მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ დედისერთა ვარ…

ტყუპები საოცარი ფენომენია… რაღაცა მართლაც  განსაკუთრებული საჩუქარი და მადლი… მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ  დედები, ვინც ტყუპებს აჩენს, უფრო დიდხანს ცხოვრონენ… ასევე დამტკიცებულია, რომ ტყუპები უჩნდებათ, უფრო ხშირად 30 ან მეტი ასაკის  ფიზიკურად ძლიერ და მაღალ  მანდილოსნებს. იმასაც ამბობენ, რომ ტყუპების გაჩენის „ნიჭი“ გენეტიკურად გადადის….. ვინ იცის…  სტასტისტიკას თავისი კანონები აქვს, ცხოვრებას კი თავისი…

საინტერესოა, რომ ტყუპებს იდენტური სისხლის ფორმულა  აქვთ, მაგრამ განსხვავებული თითის ანაბეჭდები… ასევე ცნობილია, რომ ისინი განსაკუთრებით გრძნობენ ერთმანეთს, შორიდანაც კი…  სულ ახლახანს გაირკვა, რომ ტყუპები ჯერ კიდევ დედის ორგანიზმში ცდილობენ ერთმანეთს მიეფერონ… ხშირად ხდება, რომ ტყუპები იგონებენ საკუთარ ენასაც კი, რომელიც არავის არ ესმის მათ გარდა…

გთხოვთ, მოიმარჯვოთ ლუპები, რომ გაარჩიოთ ტყუპები...
გთხოვთ, მოიმარჯვოთ ლუპები,  რომ გაარჩიოთ ტყუპები... - Sputnik საქართველო
გთხოვთ, მოიმარჯვოთ ლუპები, რომ გაარჩიოთ ტყუპები...

ფანტასტიკურ რომანს გავს ტყუპი ძმების, ჯიმ სპრინგერის და ჯიმ ლიუისის ისტორია, რომლებიც დაიბადნენ 1940 წელს და ისინი, გარკვეული ტრაგიკული მოვლენების გამო,  სხვადასხვა ოჯახებს გადასცეს აღსაზრდელად. ძმები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ 39 წლის ასაკში და არმოჩნდა, რომ მათ მირ გავლილი ცხოვრების გზაში უამრავი დამთხვევა არსებობდა. დავიწყოთ იმით, რომ მშობლებმა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ, ორივეს ჯიმი დაარქვეს. ორივე ძმას ყავდა 2-2 მეუღლე, თანაც პირველი და მეორე მუღლეების სახელები ემთხვეოდა (ლინდა და ბეტი), ბავშვობაში ორივეს ყავდა ძაღლები, სახელად თოი (თოჯინა). მათი შვილების სახელები თითქმის ემთხვეოდა: ჯეიმს ალანი და ჯეიმს ალენი, ორივე მუშაობდა  შერიფად, უყვარდათ ერთი და იგივე ფირმის ავტომანქანები,  სიგარეტები და ლუდი…

ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, როგორ მოქმედებს გეოგრაფიული პირობები ტყუპების გაჩენაზე, მაგრამ ცნობილია, რომ ცენტრალური აფრიკის ქვეყანა ბენინში გამონათქვამს  - “თვალებში მიორდება“  განსაკუთრებულად აქტიური დატვირთვა აქვს, რადგანაც ყოველ 1000 ახლადშობილზე საშუალოდ 27,9 ტყუპი მოდის. ხოლო აზიასა და ლათინურ ამერიკაში ეს ციფრი ყველაზე დაბალია — 8. 

დღეისათვის მსოფლიოში 70-დან 80 მილიონამდე ტყუპის წყვილია. თანაც, 60-იან წლებთან შედარებით, მათი გაჩენის სიხშირემ 2.5 %-ით იმატა. 2 ტყუპი ჩნდება საშუალოდ 85 მშობიარობაში ერთხელ, სამი ტყუპი — 7 000 მშობიარობაში ერთხელ, ოთხი ტყუპი — 680 000 მშობიარობაში ერთხელ. 5 და მეტი ტყუპის გაჩენა კი ძალიან იშვიათი შემთხვევაა და მისი სტატისტიკურად დაფიქსირებაც კი შეუძლებელია. 

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არსებობს გარკვეული რეკორდები. მაგალითად,  გლეხ ფიოდორ ვასილიევს, რომელიც ცხოვრობდა რუსეთში XVIII საუკუნის ბოლოს და რომელსაც  მეუღლემ 27 მშობიარობის შედეგად, გაუჩინა 4-ჯერ 4-4 ტყუპი, 7-ჯერ 3-3 და 6-ჯერ 2-2. მაგრამ, ერთი რამ ვერ გავიგე… რატომ  ჩათვალეს რეკორდსმენად ფიოდორი და არა მისი მეუღლე…

გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს კი, სუდანელ ბიშარ მოჰამედ ელ შაიებს, რომელსაც კანონიერად ყავდა 4 მეუღლე, 4-ვემ ერთსა და იმავე დღეს 2-2 ბიჭი გაუჩინა. 

მე, როგორც დედისერთა, ყოველთვის ვოცნებობდი მყოლოდა და ან ძმა და რატომღაც ძალიან მინდოდა ტყუპის ცალი…  დედას სულ ტყუპ დას ან ძმას ვთხოვდი… პატარა ვიყავი და არ მესმოდა, რომ ტყუპს შეკვეთით ნამდვილად ვერ გამიჩენდა…  არა და ბაღში ჩემთან ერთად დადიოდნენ ძმები ჯოხაძეები, ისეთი კარგი ბიჭენი იყვნენ და ორივეში ერთად ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევდნენ…   მერე უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში,  მყავდნენ შესანიშნავი ტყუპი კურსელები მაკო და მაია ნუცუბიძეები… ლამაზებიც, ჭკვიანებიც და ყველაფრით შემკობილები… სხვათაშორის, დღემდე ასეთებად რჩებიან… ჩემი უახლოესი მეგობრის ქალიშვილები ტატა და ლიზი იმნაძეები ხომ ისეთები არიან, სულს და გულს უხარია…

ასე რომ, მე ცხოვრებაში ტყუპებთან საოცრად დადებითი ემოციები მაქვს დაკავშირებული… ადამიანი როდესაც კარგია,  ის ბევრი უნდა იყოს…

ბოლოს მინდა დავასრულო მოკლე ანეკდოტით:

— ჯონ, შენი ტყუპები ისე გავნან ერთმანეთს, როგორ არჩევო?

— ერთმა დათვლა  800-მდე იცის და მეორემ — 1000-მდეო…

სანამ ჯონი ტყუპებს 801-მდე ათვლევინებს,

გისურვებთ  ბედნიერ, წარმატებულ და ორმაგად ლამაზ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0