„ხრუშჩოვკა“, „სგუშჩონკა“ და მილიონერი გეილ ბორდენი...

შედედებული რძე
შედედებული რძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

ვისაც პატარა შვილები ან შვილიშვილები გყავთ, ხომ იცით და იცით, და თუ უკვე გაიზარდნენ, უეჭველი გემახსოვრებათ, რა რთული, საინტერესო და ამავე დროს საპასუხისმგებლო პერიოდია, როდესაც ისინი იწყებენ სამყაროს შეცნობას და დაუსრულებელი შეკითხვების დასმას. მე, მაგალითად, არასდროს დამავიწყდება, როცა ჩემი ნინკა პატარა იყო და მოულოდნელად, დღისით–მზისით დამისვა შეკითხვა, ბავშვები საიდან ჩნდებიანო. მე არ ვაკადრე წეროს და კომბოსტოს ვერსია, ამისთვის ნამეტანი განვითარებული იყო, და ავუხსენი, რომ დედა ყლაპავს აბს და მუცელში ბავშვი იზრდება. ცოტა ხანში უკან შემოვიდა ოთახში და მკითხა – „თუ დედა ყლაპავს აბს, ბავშვი მამას რატომ ჰგავს?“ მეც არ დავიბენი და, იმ აბს მამა ყიდულობს–მეთქი, — ვუპასუხე. აქ ამოვისუნთქე, მეგონა გადავრჩი, ნინკა კი მომიტრიალდა და მეკითხება — „და მამიკოს რომ არ ეცალოს, სხვა ბიძიამ რომ იყიდოს?“ ხომ წარმოგიდგენიათ, რა მომივიდოდა…

პირადად მე მის ასაკში ასეთი „სერიოზული“ საკითხები არ მაწუხებდა, თუმცა ყველაფერი ირგვლივ, რაც ცხადად ჩანდა, ძალიანაც მაინტერესებდა. ბებია სულ მახსენებდა, რომ მოსკოვში ჩასვლისას, როცა უბნის გასტრონომიდან გამოვდიოდი, სულ საინტერესო და სასაცილო შეკითხვებს ვუსვამდი ხოლმე. განსაკუთრებით მაინტერესებდა — ჩემი საყვარელი „სგუშჩონკა“ ვიტრინაზე ღამეც რჩებიდა ლამაზად დაწყობილი, თუ გამყიდველი დეიდები ამ სილამაზეს ყოველდღე თავიდან აწყობდნენ…

გუშინდელ დღემდე შედედებული რძე, ანუ, „ჩვენებურად“ – „სგუშჩონკა“ საბჭოთა კავშირის პირმშო მეგონა, რადგან ასოცირებული მქონდა საბჭოთა გასტრონომებთან, ისევე, როგორც სქელ, საეჭვო ფერის ქაღალდის ნაჭრებში გახვეული ძეხვები, წვრილი სიმით მოჭრილი კარაქის ნაჭრები და „სგუშჩონკაზე“ არანაკლებ პოპულარული „შპროტების“ ბარიკადები. სინამდვილეში კი „სგუშჩონკა“ საბჭოთა სინამდვილეში „შემოპარული“ პროდუქტი ყოფილა, თანაც მტრული და მოპირისპირე, კაპიტალისტური ბანაკიდან…

შედედებული რძის მამა გეილ ბორდენი
შედედებული რძის მამა გეილ ბორდენი - Sputnik საქართველო
შედედებული რძის მამა გეილ ბორდენი

სხვათა შორის, ზუსტად ამ დღეს, 1856 წლის 19 აგვისტოს ამერიკელ გამომგონებელსა და მეწარმეს გეილ ბორდენს გადასცეს შედედებული რძის გამოგონების დამადასტურებელი პატენტი. ასე რომ, დღეს ჩვენს საყვარელ ბავშვობის ტკბილეულს 160 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით გაგასინჯებთ სწორედ მისგან დამზადებულ ჩაციებულ „ბრაზილიურ ლიმონათს“, რომლის შემადგენლობაში ასევე შედის ანანასი, ლაიმი და… დანარჩენს არ გეტყვით, თორემ ასე მალე ყველა ჩემს რეცეპტს გადაიღებთ და აღარ ამოხვალთ სტუმრად.

ძნელი დასაჯერებელია, რა საინტერესო და შინაარსიანი ცხოვრება გაიარა გეილ ბორდენმა, სანამ შედედებული რძის რეცეპტს გამოიგონებდა. ის თავიდან მათემატიკას ასწავლიდა მისისიპის სკოლაში, შემდეგ დამოუკიდებლად შეისწავლა ტოპოგრაფია და დაინიშნა ტეხასის შტატის დამაარსებლის სტივენ ფულერე ოსტინის ოფიციალურ ტოპოგრაფად. ცოტა ხანში მას ეს პროფესიაც მობეზრდა და დააარსა ტეხასური ყოველდღიური გაზეთი Telegraph and Texas Redister, რომლისთვისაც, სხვათა შორის, თავად წერდა პუბლიკაციებს. მალე ჟურნალისტიკასაც დაანება თავი და გადასახლდა კუნძულ გალვესტონზე, სადაც დაიწყო მიწის ნაკვეთების გაყიდვა. პარალელურად ბორდენი სულ რაღაცას იგონებდა. შექმნა „მოძრავი საცურაო პავილიონი“ — გადასატანი კაბინა, რომლის საშუალებითაც მანდილოსნებს შეეძლოთ საცურაო  კოსტუმის პირდაპირ პლაჟზე გამოცვლა; გამოიგონა მაგიდა მბრუნავი ცენტრით, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ სუფრის ნებისმიერ ადგილზე მჯდომ ადამიანს ყველა კერძის გასინჯვა შეეძლო. როგორც ჩანს, ბორდენს თავიდანვე აინტერესებდა „გასტრონომიული“ თემა. 

ცხოვრების შემდგომი რამდენიმე წელი ბორდენმა დაუთმო საკვების და, კერძოდ, ხორცის ხანგრძლივი შენახვის პრობლემას და სპეციალურად მოგზაურებისთვის შექმნა ე.წ. „ხორცის ორცხობილა“, რისთვისაც ჯილდოც მიიღო ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე. თუმცა თვითმხილველები ირწმუნებოდნენ, რომ მისი „ხორცი“, მაღალკალორიულობისა და პრაქტიკულობის მიუხედავად, ისეთი უგემური იყო, რომ ჯერ კიდევ საკითხავი იყო, რას არჩევდა მოგზაური, მის გასინჯვას, თუ შიმშილით სიკვდილს…

როდესაც დაჯილდოებული და კმაყოფილი ბორდენი ლონდონიდან ამერიკაში გემით ბრუნდებოდა, მასთან ერთად მოგზაურ ძროხებს რაღაც ავადმყოფობა შეეყარათ და წველაც შეწყვიტეს.   ამის შედეგად რძის პროდუქტების გარეშე დარჩნენ გემზე მყოფი ბავშვები, რამაც სერიოზული სირთულეები გამოიწვია. და, აი, აქ ბორდენი დაფიქრდა იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, შეექმნა რძის ხანგრძლივად შენახვის მექანიზმი. მან გადაწყვიტა რძის შედედება. არ დაიჯერებთ და ბორდენი ორი წლის განმავლობაში უშედეგოდ ხარშავდა რძეს სხვადასხვა ფორმის და შემადგენლობის ჭურჭელში. გაფლანგა მთელი თავისი ქონება და ასე მოკვდებოდა სიღარიბეში, ერთხელაც ყურადღება რომ არ მიექცია იმისთვის, რომ სამზარეულოში მოფუსფუსე ერთ-ერთმა ქალმა ქვაბს, საკვები რომ არ მიმწვარიყო, ქონი ამოუსვა…  

ერთ წელიწადში გეილ ბორდენმა დააპატენტა „შედედებული რძის მომზადების“ უმარტივესი, მაგრამ პირადად მისი მეთოდი, კომერციული ნიჭიც გამოიყენა და სულ ცოტა ხანში ისე გამდიდრდა, რომ რამდენიმე მომავალი თაობის ღირსეული ცხოვრება უზრუნველყო.

"სგუშჩონკის" პირველი რეკლამა
სგუშჩონკის პირველი რეკლამა - Sputnik საქართველო
"სგუშჩონკის" პირველი რეკლამა

ალბათ ყველას გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც თბილისში ჯერ კიდევ ასე უხვად არ იყო გახსნილი კოოპერატივები და საცხობები, კვირაში ერთხელ კი თითქმის ყველა ოჯახში ცხვებოდა ტკბილეული. მაშინ, როგორც წესი, გავრბოდით ლურჯ ქაღალდში გახვეული, 55-კაპიკიანი „სგუშჩონკის“ საყიდლად და, როცა გამოვიყენებდით ცომსა თუ კრემში, აუცილებლად ამოვუსვამდით შიგნით კოვზს ან თითს (თითით უფრო გემრიელი იყო). მე კი განსაკუთრებით მიყვარდა, როცა დედა „იდეალს“ აცხობდა, რადგან მაშინ „სგუშჩონკას“ ხარშავდა (მაღაზიაში მოხარშული არ იყიდებოდა) ყავისფერ ფერამდე და ის კიდევ უფრო გემრიელი იყო.

ერთხელ დედამ მამიკოს დაურეკა სამსახურში და სთხოვა, „სგუშჩონკა“ მომიტანეო და მამამაც საღამოს მოუტანა, მაგრამ დედამ ის ქილა რომ დაინახა, სიცილით მოკვდა, რადგან ჩვეულებრივი კი არ იყო… არა, ეტიკეტი ზუსტად ისეთივე ჰქონდა, მაგრამ 3-ლიტრიანი ქილაში იყო ჩასხმული. თურმე, მამას ვიღაცამ აჩუქა. მაშინ გავიგეთ პირველად, რომ ციმბირში და იმ ადგილებში, სადაც ციხეები და კოლონიები იყო განთავსებული, დიდი „სგუშჩონკები“ იყიდებოდა.

ასე სულ ცოტა ხნით დაგაბრუნეთ ბავშვობასა და ახალგაზრდობაში. ამისთვის მადლობა ნიუ-იორკელ მოუსვენარ ფანტაზიორსა და გამომგონებელ გეილ ბორდენს, რომელმაც გვაჩუქა ასეთი გემრიელი გამოგონება, თანაც მილიონერიც გახდა…

გისურვებთ ლამაზ და ტკბილ პარასკევსა და დასვენების დღეებს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0