მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენი აივნის გადმოსახედიდან ცა რაღაც განსაკუთრებით ღრმად ფირუზისფერია… მზე ბალტიის ქვეყნებში შეძენილი ნატურალური ქარვასავით ჩამუქებულა, ბროწეულის გამაგრებული და უკვე ფეხმძიმე ყვავილები ლალებს ჩამოჰგავს, ხოლო ჩემმა მეზობელმა ისეთი ქათქათა და სხივებში ბრჭყვიალა ზეწრები გამოფინა, ის რომ არ ვიცოდე, რომ ახალი მეუღლე ჰყავს და ეპრანჭება, ვიფიქრებდი, სვაროვსკის თვლებით არის მოჭედილი–მეთქი…
სიმართლე რომ გითხრათ, არც მიკვირს, რადგან დღეს ისეთი დღეა, თქვენთვისაც უნდა მეთხოვა, ბოლო პერიოდში ამდენი პოლიტიკური კატაკლიზმების შემდეგ რამე სამკაული თუ შემოგრჩათ გაუყიდავი, ამოგეღოთ მუთაქებიდან და შეგეხედათ. აბა, აცმას ხომ ვერ გთხოვდით… დღეს ისეთი დრო დადგა, „ბეჭდის თუ გინდა აცმა, შენ უნდა გყავდეს დაცვა“…
თავად მე ერთი არაჩვეულებრივად ლამაზი, ძველებური სარდიონის ბეჭედი გამაჩნია, დედამ მაჩუქა და თვალისჩინივით ვინახავ… სასწაული ბეჭედია – როგორც კი გავიკეთე, მეორე დღესვე თვალის შიგნიდან დიდი რძისფერი 7-იანი ამოტივტივდა…
დღეს კი, ზუსტად ამ დღეს, 1893 წლის 30 ივნისს აფრიკაში, სიერა-ლეონეს იახსერფონტეინის საბადოს მუშამ იპოვა მსოფლიოში სიდიდით მეორე, 995-კარატიანი ალმასი, რომელსაც შემდგომში „ექსელსიორი“ („ყველაზე მაღალი“) დაარქვეს… სხვა ალმასებისგან განსხვავებით მისი ზედაპირზე დადგმაც შეიძლებოდა და მთის ფორმა ჰქონდა..
არ ვიცი, რა სიერალეონელმა დედამ შობა და რა სიერალეონელმა მამამ აღზარდა ეს მუშა, რომ აზრადაც არ მოსვლია, დაევლო ქვისთვის ხელი და გაქცეულიყო… მას და მის შვილებს ხომ მთელი ცხოვრება გარანტირებული ექნებოდათ, ხოლო შვილიშვილი, სავარაუდოდ, ისეთ განათლებას მიიღებდა, რომ ნამდვილად გავიცნობდი… რადგან მოსკოვში სიერა-ლეონეს საელჩო ზუსტად საქართველოს საელჩოს პირდაპირ მდებარეობდა და მისი საოცრად კეთილგანწყობილი დიპლომატები, ელჩით დაწყებული, სახალხო დღესასწაულებისგან იშვიათ შესვენებებში სულ ფანჯრებიდან გვიქნევდნენ ხელს და გვესალმებოდნენ.
მაგრამ არ უნდოდა იმ მუშას, მისი შვილიშვილი რომ გამეცნო და ქვა საბადოს უფროსს მიურბენინა, რომელიც ასევე წესიერი კაცი აღმოჩნდა. ქვა გამოართვა და საჩუქრად 500 ფუნტი სტერლინგი და ერთი ცხენი გადასცა. სპეციალისტებმა მიაქციეს ყურადღება ალმასის მაღალ ხარისხსა და უჩვეულო ფორმას — მისი ერთი მხარე სწორი იყო, მეორე კი ამობურცული. საბადოს მმართველმა ქვის ინგლისში გადაგზავნა გადაწყვიტა… მთელი 10 წლის განმავლობაში ქვას მსოფლიოს საუკეთესო იუველირები სწავლობდნენ. 1903 წელს კი მიიღეს გადაწყვეტილება მისი დამუშავების შესახებ, რის შედეგადაც ქვა დაიყო 21 ნაწილად, რომელთა საერთო წონა 374 კარატს შეადგენდა… დიდი მცდელობის მიუხედავად, დამუშავების შემდეგ ქვამ წონის 62% დაკარგა. დამუშავების შედეგად მიღებული ყველაზე დიდი ბრილიანტი 70-კარატიანი აღმოჩნდა და მას „ექსელსიორ-1“ შეარქვეს. დანარჩენი ქვები კი კერძო კოლექციებსა და ცნობილ საიუველირო ბრენდებში გადანაწილდა…
მთელი 12 წლის განმავლობაში „ექსელსიორი“ ითვლებოდა ყველაზე მსხვილ ალმასად, მაგრამ 1905 წელს მან პირველი ადგილი დაუთმო მართლაც გიგანტური ზომის (3100 კარატი) ალმას „კულინანს“, რომელიც ასევე სამხრეთ აფრიკაში, ტრანსვაალში მდებარე საბადოში აღმოაჩინეს, რომლის მმართველიც თომას კულინანი იყო. მისი დიდ ბრიტანეთში გადაგზავნის ოპერაცია სერიოზული სამხედრო ოპერაციის ტოლფასი იყო. სპეციალურად გამზადებულ გემზე სინამდვილეში აიტანეს ალმასის ასლი, რომელსაც დაცვა და ორკესტრიც კი მიჰყვებოდა… ნამდვილი ქვა კი ლონდონში ჩვეულებრივი ფოსტით გადაიგზავნა და 1907 წელს საჩუქრად ბრიტანეთის მეფეს გადაეცა. რომ წარმოიდგინოთ მისი ზომა, ის, დაახლოებით, მოზრდილი მამაკაცის მუშტისხელა იყო. მაგრამ მასაც, სამწუხაროდ, ექსელსიორის ბედი ეწია… ისიც ნაწილებად დააქუცმაცეს. ყველაზე დიდი ნაწილი 7,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ამჟამად დიდი ბრიტანეთის დედოფლის ერთ-ერთ გვირგვინს ამშვენებს. რომ გითხრათ, საოცრად ფაქიზი ელისაბედ დედოფალი თავზე 94 ტონა ოქროს ატარებს-მეთქი, ხომ არ დამიჯერებთ? არა და, ეს პატარა ალმასი ოქროს ეკვივალენტში სწორედ ამდენს იწონის…
კულინანისგან, ოფიციალური ინფორმაციით, სულ 9 ბრილიანტი დამზადდა რომლებსაც რომაული ნომრები მიენიჭათ I-დან IX-ს ჩათვლით. ინგლისის დედოფლის გვირგვინში ჩადგმულია „კულინან II“, ხოლო „კულინან I“ ინკრუსტირებულია ინგლისის მეფის სკიპტრში (ნუ, ქალები ხომ აუცილებლად უნდა დაიჩაგრონ)… დანარჩენი 7 კულინანის ბედიც ცნობილია, ზოგიერთი ბეჭედს ამშვენებს, ზოგიც დიადემას, თან გამუდმებით იცვლიან მყუდრო ბინებს და ბუდეებს… თუმცა, ეს 9 ბრილიანტი თავად ალმას „კულინანის“ წონის მხოლოდ 1/3-ს შეადგენს, სად წავიდა დანარჩენი 2/3? ეს ინგლისის სამეფო კარის კიდევ ერთი საიდუმლოა…
ისე კი, საწყენია, რომ კაცობრიობა ჯერ ვერ მივიდა იმ დონემდე, რომ ასეთი სილამაზე მუზეუმში დადოს და იყოს არავისი და ყველასი ერთდროულად…
მე, მაგალითად, ძალიან მაინტერესებს ცალი თვალით მაინც შევხედო ბრაზილიაში 1990-იან წლებში ნაპოვნ მსოფლიოში ყველაზე დიდ, სამკუთხედის ფორმის წითელ ალმასს, რომელიც 2003 წელს გამოუტანიათ სმიტსონის გამოფენაზე, მაგრამ სულ რამდენიმე საათით… რომ არ შევეჩვიოთ, ალბათ…
გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დღეს!
ლელა ანჯაფარიძე