ოლიმპიური მარათონის ზიგზაგები...

© FB / CEC of Georgiaარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლიმპიური პრინციპი - ვინ რა სიურპრიზს ელის და ვინ რისთვის არის მზად... რა იკვეთება ამ ეტაპზე, როგორ იკითხება საარჩევნო სიები და რაზე მეტყველებენ მაჟორიტარი კანდიდატები...

დარწმუნებული ვარ, სათაურის წაკითხვისთანავე მკითხველი ივარაუდებს, რომ წინამდებარე სტატია ზაფხულის რიგით XXXI ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნება… სულ სხვაა ჩემი ჩანაფიქრი, თუმცა, სპორტული თემით დაინტერესებულ მკითხველს ბოლომდე არ გავანაწყენებ და ორიოდე სიტყვას მაინც ვეტყვი. მორიგი ოლიმპიური თამაშები 5 აგვისტოს აიღებს სტარტს და ჩვენი ქვეყანა სპორტის 12 სახეობაში 39 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. 17 დღეში მედლების კომპლექტების რეკორდული რაოდენობა გათამაშდება… ვის რამდენი ერგება და რა სინჯის, ამას დრო გვიჩვენებს, მთავარია მონაწილეობა! ისე კი, ეს პრინციპი მხოლოდ ოლიმპიურ ასპარეზობას როდი ეხება… 

თვალი გადავავლოთ ქართული პოლიტიკური ბატალიების მთავარი „ღირსშესანიშნაობის“ – არჩევნების ისტორიას, გავიხსენოთ პოლიტსუბიექტების წინასაარჩევნო პერიპეტიები და, სხვა ბევრ „სიკეთესთან“ ერთად, ადვილად აღმოვაჩენთ შემდეგს: კერძოდ, რომ წლების მანძილზე ელექტორატის მეტ-ნაკლები მხარდაჭერით რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება სარგებლობდა, ხოლო პოლიტიკური პარტიების საკმაოდ დიდი ნაწილი საარჩევნო მარათონში ყოველგვარი სხვა მიზნის გარეშე, მხოლოდ ოლიმპიური პრინციპით ერთვებოდა. არა, სამართლიანობა მოითხოვს და ისიც უნდა ითქვას, რომ იყვნენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ამბიციები ჰქონდათ, თუმცა მათი არჩევნებში მონაწილეობა ასევე ნომინალური იყო… 

ევროსაბჭო - Sputnik საქართველო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პარტიებს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ცოტა მეტი რჩება და საინტერესოა წინასაარჩევნო პროცესის შეფასება. ექსპერტ-ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საარჩევნო პარტიები ჯერჯერობით ძირითადად მაინც საარჩევნო პროგრამების პრეზენტაციით, პარტიული სიების ფორმირებითა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენით არიან დაკავებული. შესაბამისად, პროცესი როგორც საზოგადოებისთვის, ასევე მასმედიისთვის მშვიდად და მდორედ ვითარდება.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: „ვფიქრობ, ეს პროცესი სექტემბრამდე ასეც გაგრძელდება. ვითარების გამწვავება არჩევნების ბოლო ეტაპზეა მოსალოდნელი. ეს ის დროა, როდესაც საარჩევნო სუბიექტები ურთიერთდებატების რეჟიმში გადავლენ. ამ დროისთვის პარტიათა შესაძლო გაერთიანების საკითხიც გაირკვევა, თუმცა ამ არჩევნებზე საარჩევნო ბლოკების სიმრავლეს ნამდვილად არ ველი. თუნდაც ერთიანი მსოფლმხედველობის მქონე პარტიების გაერთიანება ის პროცესია, რომელიც უცილობლად გულისხმობს დათმობას, — ეს კი ის არის, რაც ჩვენში პოლიტიკოსებს არ სჩვევიათ და არ უყვართ“…

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია უკვე ოცმა პარტიამ გაიარა

თანდათან ირკვევა სასტარტო პოზიციები, ყალიბდება მოასპარეზე გუნდების ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობა. საინტერესოა, რა იკვეთება ამ ეტაპზე, როგორ იკითხება საარჩევნო სიები და რაზე მეტყველებენ მაჟორიტარი კანდიდატები. 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: „დავინტერესდი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიას გადავხედე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არავითარი სერიოზული განახლება პარტიაში არ მომხდარა. უბრალოდ, უკანა რიგებში მსხდომი „ნაციონალები“, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში იყვნენ განაწილებული, წინა რიგში გადმოსვეს. ხოლო წინა რიგებში მყოფნი უკან გადააჩოჩეს. ალბათ, ჰგონიათ, რომ ამომრჩეველს ერთიანად ამნეზია დაემართა და ამ კოსმეტიკური ცვლილების შემდეგ პარტიასთან მძიმე კითხვები ნაკლებად ექნებათ. „ნაციონალების“ პროპორციული სიის პირველი ოცეულის ხუთი წარმომადგენელი ამავდროულად მაჟორიტარად არის წარდგენილი და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, პარტია, შეძლებისდაგვარად, ორივე ფრონტზე იბრძოლებს“…

პატივცემული ანალიტიკოსის სიტყვები საგულისხმოა, თუმცა გავკადნიერდები და ნათქვამს დავძენ, რომ, შესაძლოა, საარჩევნო სიის ფორმირებისას ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ერთი ბანალური ჭეშმარიტება დაავიწყდათ — „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“…

ცენტრალური საარჩევნო კომისია - Sputnik საქართველო
სამზადისი არჩევნებისთვის: ხმის მიცემას 3,5 მლნ ამომრჩეველი შეძლებს

ორიოდე სიტყვა საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის პროცესზე: უცხო არ არის, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს საქართველოს რეგიონებში წლობით ჩამოყალიბებული თავისი სპეციფიკა ახასიათებს, რაც, დაახლოებით, ყველამ ვიცით და აქ დეტალებზე აღარ შევჩერდები. მოგვწონს თუ არა ეს სპეციფიკა, ჯერჯერობით მოცემულობა ასეთია.

ზაალ ანჯაფარიძე: „ვფიქრობ, პარტიებმაც ეს სპეციფიკა გაითვალისწინეს მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევისას. სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარების კანდიდატებში სჭარბობენ რეგიონებში ცნობადობის და გავლენების მქონე ბიზნესმენები და ადმინისტრაციულ-სამეურნეო გამოცდილების მქონე ადამიანები. როგორც ჩანს, გათვლა კეთდება რეგიონების მოსახლეობაში უკვე მყარად ფეხმოკიდებულ განწყობაზე, რომ ასეთი ტიპის ხალხი რეგიონს უკეთ მიხედავს, ვიდრე ინტელექტუალურად მოსაუბრე პროფესიონალი პოლიტიკოსი. თუ ამ პარამეტრით შევაფასებთ, სახელისუფლებო კანდიდატებს გარკვეული უპირატესობა ნამდვილად აქვთ. თუმცა წინ გველოდება ამ მაჟორიტართა წინასაარჩევნო კამპანია და ოპონენტებთან დებატები, რომლებიც უფრო მეტ ინფორმაციას მოგვცემს მათ შანსებზე და იმაზეც, ამ ოთხ წელიწადში შეიცვალა თუ არა რეგიონებში ამომრჩეველთა პოლიტიკური კულტურა და გემოვნება“…  

მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას არ ჩქარობენ „რესპუბლიკელები“… ზოგადად, საინტერესოა, რამდენად წარმატებული იქნება მათთვის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა.

რამაზ საყვარელიძე: „სავსებით ბუნებრივია, რომ „რესპუბლიკელების“ არჩევნებში მონაწილეობა ახლა გაცილებით მეტ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ამ პარტიას მნიშვნელოვან რესურსებს აწვდიდა. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია, „რესპუბლიკელებმა“ სავალდებულო ბარიერი გადალახონ. ამას მაფიქრებინებს დავით უსუფაშვილის რამდენიმე განცხადება, სადაც ის „ოცნების“ და „რესპუბლიკელების“ სამომავლო თანამშრომლობაზე საუბრობს“…

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
„რესპუბლიკელებისა“ და „ოცნების“ კავშირი დასასრულს მიუახლოვდა

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არჩევნების მონაწილე ე.წ. პროდასავლური პარტიები ერთმანეთს ხმებს გაუყოფენ. საქართველოში არც ისე ბევრია რეალურად პროდასავლური ამომრჩეველი, რომელიც დასავლურ ღირებულებებსა და მსოფლმხედველობაზე მყარად დგას. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთან დასავლურ ღირებულებებს, რატომღაც, მხოლოდ ლიბერალურ ღირებულებებთან აიგივებენ, მაშინ, როდესაც იქ კონსერვატიული ღირებულებების მიმდევარიც არანაკლებია.   

საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ექსპერტთა უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ მომავალი არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი საგარეო-პოლიტიკურ ვექტორებს შორის არჩევანი იქნებოდა და ასეც არის. იკვეთება, რომ მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ღირებულებით, მსოფლმხედველურ და ასევე საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციებს შორის მოუწევს. 

ზაალ ანჯაფარიძე: „ამ მხრივ, ძალიან საინტერესო წინასაარჩევნო კონფიგურაცია იკვეთება, რომელიც ბოლო ათი წელი არ გვქონია. ერთ ფლანგზე — მკვეთრად პროდასავლური პოლიტიკური ძალები და მეორეზე — ეროვნულ-პატრიოტულ პლატფორმაზე მდგომი პოლიტიკური პარტიები. მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს ურთიერთობებზე რუსეთთან და დასავლეთთან. გვაკვირდებიან მსხვილი სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოში საკუთარი ინტერესები გააჩნიათ. ნუთუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მხოლოდ სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ეტაპის მემორანდუმზე ხელის მოსაწერად და მხარდაჭერის გამოსახატად ჩამოვიდა?! როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სხვა კონტინენტზე მდებარე პატარა ქვეყანაში ვიზიტით ჩადის, ეს ნიშნავს, რომ იქ ამერიკას სტრატეგიული ინტერესი აქვს და სახელმწიფო მდივანიც იქ ამ ინტერესების დასაცავად ჩადის“…

დასასრულს, მკითხველს მინდა გრიგორი კარასინის მრავალმნიშვნელოვანი ფრაზა შევახსენო, რომ რუსეთი ამ არჩევნებისგან სიურპრიზებს არ ელის, თუმცა, ნებისმიერი სიურპრიზისთვის მზადაა. ასე რომ, ამ არჩევნებმა, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, პასუხი უნდა გასცეს ჩვენი საზოგადოების საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებულ კითხვებს…

ყველა ახალი ამბავი
0